პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

0
GEORGIA-POLITICS-PRESIDENCY-BUILDINGსაქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს, 16:00 საათზე ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.
ამის შესახებ განცხადება უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ გააკეთა და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს უშიშროების საკითხებზე ერთობლივი მსჯელობისთვის მთავრობის წევრებთან ერთად ელოდებიან.
„პრემიერ-მინისტრმა გააკეთა  ჩემთვის გაუგებარი განცხადება, „რას მელოდებიან მე, ჩაატარონ სხდომა, თავისი მოვალეობები შეასრულონო”. პრემიერ-მინისტრს, როგორც ჩანს, ინფორმაცია არ მიაწოდეს და თავად არ იცის, რომ უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ მთავარი წევრი თავად არის და მისი პოლიტიკური გუნდი, ამიტომაც მათთან შეთანხმების გარეშე როგორ უნდა ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა, –გაუგებარია, მაგრამ რადგან ამ ტიპის გზა აირჩია პრემიერ-მინისტრმა და რადგან მან არ იცის, რა განსხვავებაა უშიშროების საბჭოს აპარატს და თავად საბჭოს შორის, ამიტომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 16:00 საათზე ჩატარდეს უშიშროების საბჭოს სხდომა, მობრძანდეს პრემიერ-მინისტრი და თავისი გუნდი და ვიმსჯელოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუმცა სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპექტაკლების საფუძველი არ გამხდარიყო და გაცილებით უფრო საქმიან გარემოში მომხდარიყო ამ ყველაფრის შეთანხმება. ველით ხვალ პრემიერ-მინისტრს აქ, პრეზიდენტის რეზიდენციაში მის გუნდთან ერთად”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისივე თქმით, „მთავრობას უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის სურვილი არასოდეს გამოუთქვამს, ამდენად საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის კრიტიკული განცხადებები მიუღებელია”.

„იმედი გვაქვს, უშიშროების საბჭოს ხვალინდელ სხდომას დაესწრება საბჭოს ყველა წევრი, ვისაც ამის ფიზიკური შესაძლებლობა აქვს. პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, თუმცა გვითხრეს, რომ ის შვებულებაშია, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მოწვეულია რეინტეგრაციის მინისტრი და სხვა პირები, ვიცე-სპიკერი, უმრავლესობის ლიდერი, თბილისის მერი. ყველაზე საკვანძოა, რომ ბატონი პრემიერი მობრძანდეს და იქნებ ამჯერად მაინც გაჩნდეს საუბრის საშუალება სპეკულაციებისა და სპექტაკლების გარეშე. არანაირი მომართვა არ ყოფილა. პრეზიდენტის და ჩვენი სურვილი თავიდანვე იყო, რომ მიმდინარე საკითხებზე უშიშროების საბჭოს სხდომა ჩატარებულიყო. ჩვენი მხრიდან იყო კიდეც შეთავაზება, თუმცა პასუხად მივიღეთ დუმილი. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრს არასწორი წარმოდგენა აქვს და არც არავინ ჰყავს, ვინც აუხსნის ერთ რამეს: მას ჰგონია, რომ უშიშროების საბჭო ვარ მე. უშიშროების საბჭოს აპარატის მდივანი გახლავართ მე, ვარ ერთ-ერთი წევრი საბჭოსი, მაგრამ უშიშროების საბჭო, უპირველესად, არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი. პრეტენზია,  რატომ არ მუშაობთ, მიუღებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ მთავრობას ჰგონია, რომ ეს ცალკე მექანიზმია და პრემიერთან კავშირი არ აქვს. ასე რომ, პრემიერმა რაღაც მიზეზების გამო, მათ შორის მისი გუნდის და მისი უცოდინარობის გამო მოაწყო პოლიტიკური მასკარადი,”-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სხვა ახალი ამბები: