„პრეზიდენტის მიმართ კითხვები არსებობს, მაგრამ ახლა ამ თემაზე დასავლეთს ველაპარაკები და მკვეთრ განცხადებებს ვერიდები“

0

ivanishvili bidzina2პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი პრეზიდენტის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ოპოზიციაში ყოფნისას უფრო მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა ახლა ამ თემაზე აშშ–სა და ევროპას ელაპარაკება.

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „არსებობს თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი“.

’’მე სანამ ვიყავი ოპოზიციაში, მკვეთრ განცხადებებს ვაკეთებდი. ახლა მთავრობის მეთაური ვარ და ევროპას უფრო მეტს ვესაუბრები, ამ შემთხვევაში, თუ გნებავთ, ამერიკასაც და ძალიან ვერიდები, მკვეთრი განცხადებები გავაკეთო. კითხვები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური პროცესია და არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს ხდება ევროპის ძველ სახელმწიფოებშიც: პრეზიდენტ სარკოზისთან კითხვები არსებობს, იტალიის პრემიერ–მინისტრთანაც… შესაბამისად, აბსოლუტურად კორექტულია და ნორმალური იქნება, თუ კითხვები იქნება, – ამაში არაა განსაკუთრებულობა, მთავარია, პოლიტიკურად ანგაჟირებული არ იყოს და ყველასთვის გასაგები იყოს. კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ, მათ შორის – პრეზიდენტიც’’, – განაცხადა ივანიშვილმა.

სხვა ახალი ამბები: