პრეზიდენტი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს

0

Mikheil-Saakashviliსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის შესახებ პრეზიდენტის
მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ელგუჯა გვაზავასადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც თავად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე ყოლბაიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონლად იმის გამო მიაჩნია, რომ ის “ბოლო წლებში აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად იქცა, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში”.
“ბატონო ელგუჯა, პირველ რიგში, მინდა პატივისცემა გამოვხატო პირადად თქვენი და აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიმართ. ამ ორგანოს არსებობა ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისათვის მრავალი წლის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ საქმიანობას ყოველი ჩვენგანის უმნიშვნელოვანესი მიზნის, აფხაზეთის დეოკუპაციის მისაღწევად. თქვენ ჩვენი სამშობლოსათვის საჭირო საქმეს ემსახურებით და სწორედ ამიტომ, ისტორიის ამ მომენტში ყველას გვმართებს მოვიქცეთ ფრთხილად. სწორედ ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს პოზიციას თქვენ მიერ წარმოდგენილ კანდიდატთან მიმართებით:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისახებად წარმოდგენილი კანდიდატი ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იქცა აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფ პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად. ეს ჯგუფი, როგორც ცნობილია, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში და არაერთხელ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი დარტყმის ქვეშ, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი თანამშრომლობით 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ. ახლა საქართველოს განსაკუთრებით, დევნილებს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში სჭირდებათ არა კოლაბორაციონისტები, არამედ საქართველოს დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის მყარი დამცველები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანდიდატის აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონლად მიმაჩნია”, – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ ელგუჯა გვაზავასადმი გაგზავნილ წერილში.

სხვა ახალი ამბები: