პრეზიდენტი მზადაა, ცესკოს თავმჯდომარედ ლომჯარიას, გიგაურის ან კოჟორიძის კანდიდატურა წარადგინოს

0

mishaსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, ნინო ლომჯარიას, ეკა გიგაურის და კახა კოჟორიძის, ან მათთან შეთანხმებული კანდიდატურა წარადგინოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პრეზიდენტის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, ცესკოს თავმჯდომარე საკუთარი განცხადებით გადადგა თანამდებობიდან, 27 ოქტომბერს კი საპრეზიდენტო არჩევნები უკვე დანიშნულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში ცესკო ჩვეულებრივად, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით მუშაობს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ცესკოს ახალი თავმჯდომარე რაც შეიძლება მოკლე პერიოდში იყოს არჩეული.ჩვენ დავანახეთ ყველას, საქართველოს შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს შესწევს ძალა ჩაატაროს დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ამაში, რა თქმა უნდა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო ადმინისტრაციამ. სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციებისადმი ნდობა განაპირობებს მთლიანად არჩევნებისადმი ნდობას. შესაბამისად, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად წარადგენს პრეზიდენტი. მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა. მე მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს – ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალეობას – ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას – კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენთაგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი“,– ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: