პრეზიდენტი პრემიერს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს

0
408763_489407764438214_1761257764_nპრეზიდენტი სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მომავალ ორშაბათს შეხვდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „დღევანდელი შეხვედრა პრეზიდენტის მიერ წინასწარ დაგეგმილი სამუშაო განრიგის გამო ვერ მოხერხდა”.
„ეს შეხვედრა იყო პრეზიდენტის ინიციატივა და ამიტომ სრულიად უსაფუძვლოა, მისი ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს. გუშინ საღამოს პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა, შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა. პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. აქვე ქვეყნის პირველი პირი საჯაროდ ადასტურებს, რომ მზადაა, პრემიერს შეხვდეს იქ, სადაც ის მოისურვებს. პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი უცხოეთში, თუმცა ბუნებრივია, ის ყოველთვის მზადაა ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობის მისაღებად. ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკებების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. საქართველოს პრეზიდენტის ინტერესია, რომ შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგითა და შეთანხმებით. უნდა ითქვას, რომ დაგროვდა საკმაოდ ბევრი საკითხი და პრეზიდენტისა და პრემიერის მოვალეობაა, ყველაფერი გააკეთონ გაუგებრობის განსამუხტად, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სამოქალაქო სტაბილურობა და საქართველო დაუბრუნდეს განვითარების გზას,”- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

სხვა ახალი ამბები: