”პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, ცრუობს”-რეგიონული განვითარების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

0

newsსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მიხეილ სააკაშვილს სპეციალური განცხადებით პასუხობს და მოუწოდებს მას უარი თქვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მიხეილ სააკაშვილისადმი  სამინისტროს მიერ გაკეთებულ საპასუხო განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ანაკლიაში მიმდინარე პროექტები შეჩერდა, რამაც მისი, როგორც საკურორტო ზონის, განვითარება შეაფერხა. პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, ცრუობს. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ის დღემდე ვერ ასხვავებს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ფუნქციებს.

ანაკლიაში ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ შეჩერებულა, ამას იქ მიმდინარე სამუშაოებიც ადასტურებს. ანაკლიაში ამ დროისთვისაც მიმდინარეობს საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. გარდა ამისა, ერთი თვის წინ ხელი მოეწერა 60 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს, რომლითაც, ფოთსა და ქუთაისთან ერთად, ანაკლიას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამუშაოები სულ მალე დაიწყება. ამ ორი ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა, ანაკლიაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი იწყება – ესაა ანაკლიის 4-კილომეტრიანი სანაპირო ზოლის ტეტრაპოდებით გამაგრება. მსგავსი მეთოდით საქართველოში ნაპირსამაგრი სამუშაოები ჯერ არ ჩატარებულა. ანაკლიის ნაპირდაცვის პროექტი პირველია, რომელიც რეალურად მოხსნის ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცების საფრთხეს (იხილეთ ლინკი http://www.youtube.com/watch?v=xiu_lY7DHZI&feature=youtu.be ). ამავე პროექტით, ნაპირსამაგრ სამუშაოებთან ერთად, დაგეგმილია ანაკლიის პლაჟის კეთილმოწყობაც, რაც კურორტს ტურისტებისთვის გაცილებით მიმზიდველს გახდის.

რაც შეეხება ანაკლიაში სასტუმროების მშენებლობას, არაერთხელ გვითქვამს და ახლაც მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის სახელმწიფოს ფუნქცია. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, სახელმწიფომ ბიუჯეტის ხარჯზე აშენოს სასტუმროები და კაფეები და ამაში ათეულ მილიონობით ლარი გაფლანგოს ისე, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა. სახელმწიფოს ფუნქცია ადგილებზე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაა. ანაკლიაში მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მისი, როგორც პერსპექტიული საკურორტო ზონის, განვითარებას უწყობს ხელს და სულ მალე შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ეს ადგილი როგორც ტურისტისთვის, ისე ბიზნესის განვითარებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს, ვიდრე ეს ამ წლების მანძილზე იყო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, უარი თქვას ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“,–აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: