პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებას ისევ აკრიტიკებს

0

misaპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველო 90-იან წლებში ბრუნდება, როცა ყველაზე დიდი მახასიათებელი იყო უპასუხისმგებლობა. საკუთარ რეზიდენციაში, ქუთაისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტი „ამნისტიის შესახებ” კანონის საფუძველზე პატიმართა გათავისუფლებას გამოეხმაურა, რომელთა შორისაც, სააკაშვილის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან.
„შექმნილი ვითარება საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს. გუშინ, საპატიმროდან გაათავისუფლეს რამდენიმე „კანონიერი ქურდი” – ელგუჯა დიღმელაშვილი, გიორგი კარანაძე, რევაზ ესკურია, პატიაშვილი, ძოწენიძე და დარახველიძე, ხოლო უახლოეს დღეებში, კიდევ ოცი ქურდი გამოდის. მათ გათავისუფლებაზე მთავრობის წევრების რეაქცია, ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. გამოვიდნენ და თქვეს – დიდი ამბავი, ამნისტიამ გამოუშვა, ჩვენ რა შუაში ვართო. თითქოს ისტორიას უკან ვახვევთ და 90-იან წლებში მივდივართ, როცა ჩვენი ყველაზე დიდი დამახასიათებელი ნიშანი იყო უპასუხისმგებლობა -„მე რა შუაში ვარ” დამოკიდებულება. ნამდვილად არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია – „კანონიერი ქურდები” ჩვენს საზოგადოებაში უსაფრთხოების განცდას არღვევს, ეს ხალხი ისევ ჩვენს ეზოებში შემოვა”, – დასძინა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„შესაძლოა სხვებს დაავიწყდათ, მაგრამ მე 90-იანი წლების განადგურებული თბილისის, ქუთაისისა და საქართველოს სხვა ქალაქების სურათი კარგად მახსოვს. ამის ფონზე, მთავრობის წარმომადგენელი გამოდის და იძახის – „პაწაწინა გრეჩიხუნას” პასუხი არ უნდა ვაგებინოთ, დიდი ამბავი თუ ვიღაცას კამერის წინ ყელი გამოჭრა. რა თქმა უნდა, „პაწაწინა გრეჩიხუნას” არა, პასუხი გუბერნატორის იმ მოადგილეს უნდა ვაგებინოთ, რომელმაც ექვს კვირაში, კახეთი სტიქიის შემდეგ აღადგინა”, – დასძინა პრეზიდენტმა.

სხვა ახალი ამბები: