პრეზიდენტმა დაღუპული პოლიციელის, დავით დემურიას ოჯახს მიუსამძიმრა

0

get_imgსაქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოში 12 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული პოლიციელის, დავით დემურიას ოჯახს მიუსამძიმრა.

მიხეილ სააკაშვილმა გარდაცვლილი პოლიციელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

“ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მის ვაჟკაცს გადავეცი. დავითის დედამ იკითხა, რატომ იყო ეს ყაჩაღი გარეთ და მე ამაზე პასუხი არ მაქვს. 2005 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, ის დაჭერილი იყო, მისჯილი ჰქონდა გრძელი ვადა, თუმცა აპრილში გამოვიდა და შემდეგ ჩაიდინა რამდენიმე ყაჩაღობა, მოკლა ადამიანი. ყველა უნდა დავსერიოზულდეთ, ვიღაცის ჯიბრზე რაღაცის კეთება არ შეიძლება”, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ 90-იან წლებში სამეგრელოში კატასტროფა ხდებოდა თუმცა, მოგვიანებით წესრიგი და კანონიერება დამყარდა, ახლა კი ისევ არეულობა დაიწყო.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობისთვის ძებნილი თეიმურაზ ოკუჯავას აყვანის ოპერაცია ჩაატარეს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, ოპერაციის მსვლელობისას ორი ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებულმა ოკუჯავამ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ორმხრივი სროლისას თეიმურაზ ოკუჯავას ლიკვიდაცია მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი – დავით დემურია, ასევე დაჭრილია პოლიციის ოთხი თანამშომელი.

სხვა ახალი ამბები: