პრეზიდენტმა ვეტო კიდევ ერთ კანონპროექტს დაადო

0

vetoპრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტოს უფლება გამოიყენა იმ კანონპროექტთან მიმართებაში, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ადვოკატთა უფლებებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ეხება.

პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული ეს ცვლილებები, რომელთა უმეტესობას პრეზიდენტი პოზიტიურად აფასებს და მიესალმება, რადგანაც ის უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობას და თანასწორობას, 1 მაისს მიიღო.

თუმცა, როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის დაბრუნებულ შენიშვნებშია ნათქვამი, სააკაშვილმა გაიზიარა ადვოკატთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია და ვეტოს უფლება – ბოლო პერიოდში უკვე მეექვსედ –  მათ მიერ პრობლემურად მიჩნეულ ორ საკითხთან მიმართებაში გამოიყენა.

ერთი საკითხი ეხება ადვოკატის უფლებას სასამართლოს ნებართვით ჩაატაროს ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებები – არსებული საპროცესო კოდექსი დაცვის მხარეს ამგვარ უფლებამოსილებას არ ანიჭებს.  ადვოკატს მტკიცებულებების ამოღებისა და ჩხრეკის უფლებას აძლევს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, თუმცა იმ დათქმით, რომ ამ ახალი დებულების ამოქმედება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა მოხდეს. თავის შენიშვნებში პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რომ ამ „მნიშვნელოვანი სიახლის“ ძალაში შესვლის თარიღად 2013 წლის პირველი სექტემბერი დაადგინოს.

კანონპროექტის მეორე საკითხი, რომლის მიმართაც პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა, ეხება 2014 წლის პირველი სექტემბრიდან დაცვის საგამონაკლისო უფლების გაუქმებას, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი ითვალისწინებს და რომლის მიხედვითაც „დაცვის მხარის მიერ ერთი ისეთი მტკიცებულების წარუდგენლობა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი დაცვის უზრუნველსაყოფად, არ იწვევს სასამართლოში საქმის არსებით განხილვაზე ამ მტკიცებულების დაუშვებლობას“.

ამ მუხლის გაუქმება პრეზიდენტს „დაუშვებლად“ მიაჩნია, ვინაიდან, მისი აზრით, ეს შეასუსტებს დაცვის მხარეს და სანაცვლოდ სთავაზობს, რომ ადვოკატს სასამართლო პროცესის არსებითი განხილვის ეტაპზე კვლავაც დარჩეს უფლება წარადგინოს მტკიცებულება, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა საქმის წინასწარი მოსმენის ეტაპზე არ წარუდგენია.

ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მოუწოდებდა პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ, საპროტესტო კამპანიას მართავს, რათა მიაღწიოს პარლამენტის მიერ დაცვის მხარის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას და მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას.

„საქართველოს პარლამენტმა შეიტანა ისეთი ცვლილებები, რომ მთელ ადვოკატთა კორპუსს დაგვადო ბორკილები და შეგვიზღუდა უფლებები“, – განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაზა ხატიაშვილმა 30 მაისს ქუთაისში პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, სადაც ადვოკატებმა მაისურებში წარწერით „შეწყდეს ადვოკატთა ინსტიტუციონალური დევნა“  ხელბორკილების დადებით გამოხატეს პროტესტი, რომელიც მათი თქმით, პერმანენტულად გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჯერ-ჯერობით არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია გაითვალისწინებენ პრეზიდენტის შენიშვნებს, თუ შეეცდებიან ვეტოს დაძლევას. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მათ ორკვირიანი ვადა აქვთ.

 

სხვა ახალი ამბები: