პრეზიდენტობის კანდიდატის ექსკლუზიურად პირადი

0

2013082613520301შეყვარებული საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება – გიორგი მარგველაშვილი თავადვე აღნიშნავს, რომ მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია და ამას თავადაც გრძნობს, კითხვებიც ესმის, თუმცა არასდროს შედის დისკუსიაში.

სხვების ცნობისმოყვარეობას მარტივი, ადამიანური პასუხით აკმაყოფილებს – მე შეყვარებული ვარ.

მაკა ჩიჩუა და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს შვილებმა გააცნეს. მათი ისტორია ძალიან გავს ერთ-ერთ ჰოლივუდურ ფილმს, რომელიც “happy end”-ით სრულდება და მთავარ გმირებს ასევე შვილები აცნობენ ერთმანეთს.

როგორია გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრება? ვინ არის მაკა ჩაჩუა და როგორი დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტობის კანდიდატს შეყვარებულ ქალბატონთან.

გიორგი მარგველაშვილი ექსკლუზიურად “პრაიმტაიმში”, ექსკლუზიური პირადი თემებით. და ცოტა რამ პოლიტიკაზეც:

– გიორგი, როდესაც მარათონში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეთ, იფიქრეთ, რას გამოიყენებდნენ ოპონენტები თქვენს წინააღმდეგ?

– არა, არ მიფიქრია. ამაზე არც დღეს ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური თანმდევი პროცესია გარდამავალი საზოგადოებისთვის, ამაზე ყურადღებას დიდად არ ვამახვილებ. ნეგატიური პიარი, რაც ასე უსუსურად მიმდინარეობს ჩემს წინააღმდეგ, მიმაჩნია ჩვენს ხარკად, რომელიც უნდა გადავიხადოთ ამ ცხრა წლის გამო. ამ წლების განმავლობაში დაჩაგრული, ჩარეცხილი, ნულოვანი ტოლერანტობით გაღიზიანებული საზოგადოება ვერ იქნება ბუნებრივად პოზიტიური. ამ საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც გახადეს აგრესიულები. მათი თვითგამოხატვის ფორმა სხვა ადამიანის მიმართ არის აგრესია, არა იმიტომ, რომ ისინი შინაგანად მართლა აგრესიულები არიან, არამედ იმიტომ, რომ ამ აგრესიულობაში ისინი აფიქსირებენ საკუთარ ტკივილს . ფიქრობენ, თუ სხვა ადამიანს გალანძღავენ თავად უკეთესები იქნებიან.

– ფიქრობთ, რომ ეს ნაციონალების მოღვაწეობის შედეგია?

– კი, თავიდან ბოლომდე ეს არის მოსალოდნელი და ადეკვატური ფსიქოლოგიური შედეგი, როდესაც შენ ცხრა წლის განმავლობაში გარწმუნებენ, რომ ხარ ჩასარეცხი, გამოუსადეგარი და შენ უნდა გადაგაკეთონ – ასე არწმუნებდნენ მთელ ერს, ეს აგრესია უკვე ბუნებრივი რეფლექსია დღეს, როცა ადამიანები თავისუფლები არიან. ეს სამწუხაროა, თუმცა ბუნებრივი პროცესია. მე არ ვთვლი, რომ ეს აგრესია პირადად ჩემს წინააღმდეგაა. მიმაჩნია, რომ ეს არის ტყვეობისგან განთავისუფლებული ადამიანის პირველი რეაქცია… ასეთი უხეში რიტორიკის მიმართ უფრო თანაგრძნობის განცდა მაქვს.

– როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, უნდა იცოდეს.

– რა დოზით?

– პირადი ცხოვრება საზოგადოებამ, ალბათ, უნდა იცოდეს იმ დოზით, რა დოზითაც ეს არ ეხამუშება ქართულ საზოგადოებას, იმ დოზით, რა დოზითაც ეს წაკითხვადი იქნება ნორმალური ქართული ოჯახის ფარგლებში.

– ინტერესი თქვენი პიროვნების მიმართ ძალიან დიდია, ეს ასეცაა ხოლმე ყოველთვის, მით უფრო წინასაარჩევნოდ… ამ ფარგლებში რა ინფორმაციას გასცემდით თქვენს შესახებ?

– ჩემი აზრით, მე მზად ვარ, გავცე ნებისმიერი ინფორმაცია, ოღონდ ეს არ იყოს ძალიან პირადული.

– როგორია თქვენი პირადი ცხოვრება დღეს, ვისთან ერთად ცხოვრობთ?

– ამ ბოლო დროს ძირითადად ვიმყოფები გზაში, ხან თბილისში, ძირითადად შეხვედრებზე.

– დუშეთში ცხოვრობთ?

– აქ ვეღარ ვატარებ დიდ დროს, სამწუხაროდ…

– შეგიძლიათ, გვითხრათ, ვინ არის მაკა ჩიჩუა თქვენთვის?

– მაკაზე არაერთხელ მისაუბრია და იმისთვისაც გამისვამს ხაზი, რომ ჩვენ ვართ ერთად. ეს არის ურთიერთობა, რომელსაც არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ ბუნებრივად შეუქმნა სირთულე, რადგან, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი საიდუმლოება სწორედ ორ ადამიანს შორის ურთიერთობაა. სწორედ ამიტომაც ასეთ ურთიერთობას რელიგიურ კონტექსტშიც საიდუმლოება ეწოდება. თანამედროვე რეალობაში ეს საიდუმლოება ხშირად ხდება პოლიტიკის, პიარის ნაწილი შესაბამისად, ჩვენ შორის ურთიერთობა ბუნებრივად მოექცა პროჟექტორის ქვეშ. ჩემი აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა, რომლისთვისაც სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკა, არ შეიძლება ჩააყენოს ურთიერთობა პოლიტიკური მიზნების სამსახურში. ჩემი აზრით სიყვარული არაფერს ემსახურებიოდეს არც პოლიტკას და მით უმეტეს არც პიარს.

მაკა არის არაჩვეულებრივი. ის არის მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ძალიან მომწონს; ის არის მუსიკოსი; არის ღრმა ადამიანი, რომელთანაც შეიძლება ძალიან სერიოზული მსჯელობა უაღრესად რთულ საკითხებზე; და ამ დროს, როდესაც ჩემთვის ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ქალზე წინა პლანზე წევენ მხოლოდ მის სილამაზეს, ჩემთვის ეს თემის გაუბრალოებაა. ჩემთვის სხვა თემებია პრიორიტეტული. როდესაც მაკაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზეც, როგორ განმაცდევინა მან შექსპირი. ბუნებრივია, შექსპირი მაკამდეც ვიცოდი, მაგრამ მან ის სულ სხვა კუთხით, სხვა ემოციური სიმძაფრით დამანახა, ისევე როგორ – ლეონარდო, თუნდაც როგორ ცდილობდა, დაენახვებინა თანამედროვე მუსიკა, ოღონდ უშედეგოდ. მთელი ამ მცდელობიდან მხოლოდ საკამოტო დარჩა, მეტი არაფერი. ეს არის ურთიერთობის ფორმა, ეს არის ადამიანი, რომელიც ურთულეს ვითარებაში, როდესაც მე ვიყავი მუდმივი ზედამხედველობის, სახელმწიფოს მძაფრი თვალის ქვეშ, შეძლო და მასწავლა, რომ შეიძლება მშვიდად. დამანახა რომ მასთან ერთად იოლად გადაიტან სირთულეებს. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებში მუდამ გვერდით მედგა. ახლა როცა საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას მხოლოდ აუბრალოებენ. ბუნებრივია, მე ამ კამათში არასოდეს შევდივარ.

– რას აკეთებთ იმისთვის, რომ რეალური მაკა, რომელიც ახლა თქვენ დაახასიათეთ, საზოგადოებამ გაიცნოს?

– ეს არის თანამედროვე ურთიერთობა, რომელშიც არ შეიძლება კაცი იყოს დომინანტი და კაცმა განსაზღვროს, როგორ უნდა გაიცნოს საზოგადოებამ ქალი . ჩემი აზრით, მაკას აქვს თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და თავად განსაზღვრავს, როდის და ვინ გაიცნოს. არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში რამენაირად უნდა ვიყო ჩართული და ხმამაღლა ვისაუბრო, რომ მე ძალიან მომეწონა, მაგალითად, მაკას შეხედულება 115-ე სონეტზე და ძალიან გთხოვთ, თქვენც იგივე გაიზიაროთ-თქო… ჩემი აზრით, ეს ძალიან ხელოვნური იქნებოდა, თუმცა აქვე ვადასტურებ, რომ მართლა მომეწონა მისი შეხედულებები.

– წინასაარჩევნო პერიოდში არამარტო საქართველოში, უცხოეთშიც, საპრეზიდენტო კანდიდატები ძირითადად მეუღლეებთან, ოჯახის წევრებთან ერთად ჩნდებიან შეხვედრებზე, ხომ არ გაქვთ გეგმაში, მოსახლეობასთან მაკასთან ერთად გამოჩნდეთ?

– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკაში მე მოვედი არა იმიტომ, რომ მე ვარ პოლიტიკოსი, არამედ იმიტომ, რომ მე ვხედავ საჭიროებას, ვიყო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩემი ბიოგრაფია არ ამიწყვია ამ აქცენტებით. ოჯახის წევრები, ჩემი მშობლები, ჩემი შვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის არასოდეს მზად არ იყვნენ. მაკასთან არ ვარ ოფიციალურ ქორწინებაში. კითხვა, რა ურთიერთობა მაქვს მაკასთან, ბუნებრივად ჩნდება. არასოდეს ვყოფილვარ მზად, პასუხები გამეცა საანკეტო კითხვებისთვის… შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ შეყვარებული. ეს ძალიან მაღალი ღირებულებაა ჩემთვის. შესაბამისად, ვცდილობ, მაქსიმალურად არ მოვახდინო ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ღირებულებების,მშობლების, შვილების მეოგბრბის საყვარელი ქალის ურთიერთობების ჩართვა პიარკამპანიაში. ეს ეხება დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს შვილს. მე მათ აქედანაც მინდა ბოდიში მოვუხადო, რადგან ისინი სწორედ ჩემ გამო გახდნენ, ხშირ შემთხვევაში, უარყოფითი კამპანიის მსხვერპლნი. არ მგონია, რომ პიარკამპანია ჩემს ყველაზე ინტიმურ ურთიერთობებზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს არც ბუნებრივი იქნება, რადგან მე, როგორც პოლიტიკოსი, პასუხს ვაგებ ჩემს განცხადებებზე, ჩემს წარსულზე, ჩემს ქმედებებზე, ჩემს გეგმებზე და დანარჩენი მაინც მგონია, რომ ყურით მოთრეულია.

– თქვენი მშობლების რეაქცია როგორი როგორია თქვენს გადაწყვეტილებებზე და საერთოდ, რამდენად ერევიან ისინი თქვენს გადაწყვეტილებებში?

– არც დედაჩემი და არც მამაჩემი არ ყოფილა მზად იმისთვის, რომ მუდმივი გარჩევის ობიექტები გამხდარიყვნენ. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ქართული ოჯახი: მამა – ინჟინერი, დედა – ფსიქოლოგი, ისინი მთელი ცხოვრება აქტიურად იყვნენ საკუთარი შვილისა და შვილიშვილის ცხოვრებაში ჩართულები, სოციალურ ცხოვრებაში და მოულოდნელად ისინი ხვდებიან აბსოლუტურად განსხვავებულ მედიაგარემოში. ჩემი მშობლებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როცა ადამიანი საჯაროდ გლანძღავს და მას ამის არავითარი არგუმენტი არ გააჩნია. წარმოიდგინეთ, მოულოდნელად, ჩემი თავგადასავლების შედეგად, მოხვდნენ მედიაინტერესის ქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ძალიან აქტიურად ადევნებენ თვალს პოლიტიკას, როდესაც საქმე მათ ეხება, ბუნებრივია, ჩემი სურვილია, მაქსიმალურად დავიცვა ისინი იმ უხამსობისგან, იმ უწესობისგან, რაც, სამწუხაროდ, ახლავს საარჩევნო კამპანიას. მათაც ესმით, რომ ბუნებრივი პროცესია, თუნდაც, როდესაც მე მლანძღავენ. მამაჩემისგან ნაკლებად, რადგან ის არ გამოხატავს ღიად ემოციებს, დედაჩემისგან კი გამიგია გარკვეულ თემებზე აღშფოთება… მე მათ წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან თავად, ორივემ ერთად, შემიქმნეს ძალიან სტაბილური ბავშვობა და ცხოვრება. ეს იყო სტაბილური ცხოვრება, სადაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დიდედაჩემი და მე ვიზრდებოდი ამ სტაბილურ გარემოში, მათ ჩემთვის არაფერი დაუკლიათ. ამ დროს კი მე მათ საკმაოდ დიდი ემოციური პრობლემა შევუქმენი.

– ამ გამახვილებულმა ყურადღებამ, ცნობისმოყვარეობამ ურთიერთობები დაგიძაბათ თუნდაც მშობლებთან, ან მაკასთან?

– არა, არანაირად.

– შეგიძლიათ მოგვიყვეთ, სად გაიცანით მაკა?

– უცნაური ისტორიაა. ჩვენი შვილები წლების განმავლობაში იზრდებოდნენ ერთად. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მეგობრობა. მაშო და ანა იზრდებოდნენ ჩვენთან სახლში და მაკასთან სახლში. ჩვენ ამ პერიოდში ერთმანეთს არ ვიცნობდით. მერე, რაღაც ეტაპზე გავიცანით ერთმანეთი. თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში, ხან ანა იყო მაშოსთან და ხან მაშო იყო ჩვენთან.

– ანაზე მოგვიყევით, როგორია, სად სწავლობს, რა არის მისი ინტერესები?…

– ანა სწავლობდა რუსეთში ორი წლის განმავლობაში. სკოლა იქ დაამთავრა, შემდეგ იქ ჩააბარა ინსტიტუტში და ახლა გადმოიტანა საბუთები თბილისში. რეალურად ანა თხუთმეტ წლამდე ცხოვრობდა ჩემთან, თბილისში. სკოლის ბოლო წელი გაატარა მოსკოვში, შემდეგ ერთი წელი იყო უმაღლესში და ახლა ისევ ბრუნდება ჩვენთან.

 სად აგრძელებს სწავლას?

– მენეჯმენტი უნდა, შეისწავლოს.

– ანას დედაზე გკითხავთ, რატომ დაშორდით ერთმანეთს?

– ეს იყო ადრეული ქორწინება, იმ პერიოდში, როდესაც ქუჩაში ქაოსი იყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც, როცა ბავშვი ჩნდებოდა, მთავარი მიზანი იყო, ის არ გაციებულიყო, რადგან სახლში ციოდა, და პერიოდი, როცა უნდა მიხედო შენს შვილს, როცა თავად ხარ პატარა. ეს მდგომარეობა ჩემი თაობის ძალიან ბევრი წარმომადგენლისთვის, ალბათ, ნაცნობია. იყო პერიოდი, როდესაც იყო სრული გაურკვევლობა. ბუნებრივია, ეს არეულობა, გაურკვევლობა, მუდმივი ცვალებადობა გავლენას ახდენს იმ ძირითადი ინსტიტუტის სტაბილურობაზე, რომელსაც ჰქვია ოჯახი. რომ ვთქვა, რომ ეს იყო ოთხმოცდაათიანი წლების ქორწინება, ალბათ, ჩემი თაობის ყველა წარმომადგენლისთვის გასაგები იქნება, რაზე მაქვს საუბარი. სწორედ ამ ქორწინების შედეგია ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება – ჩემი შვილი. როცა უკან იხედები, იხსენებ ძველ პრობლემებს, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იყო ის პრობლემები, ეს ყველაფერი მაინც ღიმილითა და ნათელი სურათებით გახსენდება. ჩემს მეხსიერებაში რაც დარჩა, არის ანას სურათები, როცა იყო სამი წლის, ხუთი წლის… დღეს იმ ძველი გაჭირვებიდან აღარაფერი მახსოვს. მართლა აღარაფერი მახსოვს, აღარც ემოციები, აღარც დეტალები… ერთადერთი არის ჩემი შვილის ფოტოები, რომლის დანახვაც მხოლოდ და მხოლოდ სიხარულს იწვევს.

– ანუ პირველი ოჯახი ოთხმოცდაათიანი წლებისთვის დამახასიათებელმა პრობლემებმა იმსხვერპლა?

– არასდროს არ შეიძლება თქვა ესე დეტალურად, ვერასდროს ვერ ჩაღრმავდები ასე… როგორც ტოლსტოის უწერია ანა კარენინას დასაწყისში “Все счастливые семьи похожи друг на друга, каждая несчастливая семья несчастлива по своему”. არასდროს არ შეიძლება ეს განაზოგადო, მაგრამ მე უბრალოდ ვყვები წარსულს, რომელიც იყო და არაფერი არ დამრჩენია, გარდა სიხარულისა.

 როგორი იყო თქვენი შვილის რეაქცია, როცა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვის გადაწყვეტილება მიიღეთ, ხომ არ ყოფილა ოჯახის რომელიმე წევრის მხრიდან მინიშნება, რომ თავის შეკავება სჯობდა?

– ყველა ადამიანის რეაქცია ჩემს ირგვლივ, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის შესახებ, იყო მშვიდად ნეგატიური.

– ანუ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თქვენზე იყო?

– ბუნებრივია, ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, მაგრამ სიხარული არავის არ გამოუხატავს. ჩემი ახლობლები შეჩვეულები არიან ჩემგან მძიმე, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

 თქვენი დღევანდელი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, ალბათ, ჩნდება კითხვა, როგორ უყურებთ ოჯახის, ქორწინების ინსტიტუტს?

– დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემთვის ოჯახის მოდელი შექმნეს. ეს იყო ძალიან სტაბილური, სიყვარულით სავსე ადგილი, სადაც მელოდნენ.. ყოველგვარი თვალთმაქცობის, ზედმეტად თავზე ხელის გადასმის გარეშე იყო ადგილი, სადაც ვიცოდი, რომ ვიყავი შვილი და ეს იცით, რას ნიშნავს? სადაც შეიძლება, გაგაკრიტიკონ, გაგლანძღონ, ბევრად უფრო კრიტიკულები იყვნენ, მაგრამ მაინც რჩები მათთვის ყველაზე მისაღებ ადამიანად, სადაც უყვარხარ ისეთი როგორიც ხარ. განცდა, რომ მე მათთვის მნიშვნელოვანი, მათიანი ვიყავი, ყოველთვის მაძლიერებდა ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. სხვადასხვა ეტაპზე კონიუნქტურის მოთხოვნების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადამიდგამს და ასეთ დროს ყოველთვის იყო ადგილი, სადაც მივიდოდი და მშვიდად ვგრძნობდი თავს. ეს ჩემი ოჯახი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ადამიანის სიმტკიცე და მთავარი ფუნდამენტი არის სწორედ ოჯახი… როცა ადამიანი ძლიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ჰყავს ოჯახი, სადაც თავისიანად იღებენ და დამატებით კითხვებს აღარ უსვამენ. ეს არის ჩემი დამოკიდებულებაც ოჯახის მიმართ.

-ანუ არ გამორიცხავთ, რომ მაკასთან თქვენმა ურთიერთობამ არჩევნებამდე ოფიციალური სახე მიიღოს?

– მე მართლა მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენ შორის ურთიერთობის თემა და არა გეოპოლიტიკური საკითხი. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ორმა ადამიანმა და სწორედ ამ გადაწყვეტილებას აქვს საიდუმლო ხასიათი თავისი განვითარების გზა რომელშიც არავინ არ ერევა ამ ორი ადამიანის გარდა. მეტიც, თუ მაინცდამაინც პოლიტიკურ კონტექსტში გადავიტანთ ამ საკითხს, ეს გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციურადაც, რელიგიურადაც, სოციალურადაც, ადამიანმა უნდა მიიღოს არა პოლიტიკური პიარისთვის. მე მგონია, რომ ის ქვეყნები, ან ის პოლიტიკური სისტემები, სადაც ეს ხდება პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ძირს უთხრიან ყველაზე მნიშვნელოვანსა და ყველაზე სუფთას.

– აპირებთ თუ არა არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრებას და იცით თუ არა, როგორი იქნება ის?

– არ ვიცი, როგორი იქნება. ჩემი პოზიცია ამ საკითხის მიმართ, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის, არის შემდეგი: არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი ცხოვრობდეს ფუფუნებაში. დანარჩენი არის დეტალები. თუ მე ამირჩევენ პრეზიდენტად, ნამდვილად არ ვიქნები ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ჰყავს უამრავი დაცვა, აქვს უამრავი ტექნიკა, თვითმფრინავი, მანქანა, ფეშენებელური ვერტმფრენი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ, თუ პრეზიდენტად მე ამირჩევენ, სახელმწიფოს ხარჯზე კეთილმოწყობა იქნება აბსოლუტურად მინიმალისტური. არ ვთვლი, რომ ეს იქნება საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი. ჩემი აზრით, ბუნებრივია და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა განსხვავდებოდეს ზოგადი დონისგან, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. მეტიც, ეს არის თანმიმდევრული ქართულ ტრადიციებთან, თუნდაც მონარქიის ნაწილში. ჩვენი თავადაზნაურობა იყო უაღრესად თავმდაბალი. ფუფუნება არასდროს ყოფილა ქართული საზოგადოებისთვის ქარიზმის შექმნის ნაწილი.

– რამდენად გრჩებათ თავისუფალი დრო და თუ უთმობთ მას სპორტს?

– სპორტით ვიყავი დაკავებული. ვიყავი ალპინისტი, წყალბურთელი, ვვარჯიშობდი ტაიჩის, ვიყავი ცხენოსანი. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყოველთვის აქტიური ადამიანი ვიყავი და ასეთადაც ვრჩები.

– პოლიტიკურ თემებსაც შევეხები, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განხილვის თემა ბოლო დღეების განმავლობაში ირაკლი ალასანიას შტატებში ვიზიტი გახდა. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიურად განიხილება თემა, რომ ალასანიამ შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს კანდიდატად…

– ირაკლისთან მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ქართულ კონტექსტში მე და ირაკლი ნათესავებიც ვართ. ირაკლი არ არის ადამიანი, რომელსაც ახასიათებს გაუაზრებელი და პოლიტიკურად შეუთანხმებელი ნაბიჯების გადადგმა. მიყვარს ძალიან, მიმაჩნია, რომ უაღრესად კარგი თავდაცვის მინისტრია. არ განვიხილავ იმას , რომ ირაკლი გადგება გვერდზე არა ჩემგან, არამედ გუნდისგან. ჩვენ თანამოაზრეები ვართ საქართველოს გაძლიერების საქმეში. დღეს საქართველოს გაძლიერებას სჭირდება არა მხოლოდ ჩემი პრეზიდენტობა, არამედ გუნდის შეთანხმებული მოქმედება. შესაბამისად, ირაკლი არის როგორც პოლიტიკოსი, ასევე სამხედრო კაცი, მან იცის, რომ, როდესაც ერთ ბრძოლაში მივდივართ, არ შეიძლება უცბად რომელიმე ქვედანაყოფმა გადაწყვიტოს დამოუკიდებელი მანევრის განხორციელება. შესაბამისად, გამოვრიცხავ ნებისმიერ სპეკულაციას, რომელიც ირაკლისთან მიმართებაში არსებობს.

– თუმცა მისი მისწრაფება ყოველთვის იყო საპრეზიდენტო კარიერა და ამაზე მეტყველებს ისიც, რომ პარტიაში საწყის ეტაპზე ის განიხილებოდა კიდეც საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარ გუნდში…

– დღეს ჩვენ ვართ საპრეზიდენტო კამპანიაში, ეს არის ბრძოლა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენი ძალა არის ზეჭარბი და ბრძოლა წინასწარვე მოგებულია, ირაკლისთვის ეს არის ბრძოლა, როცა ერთმანეთის გვერდიგვერდ ვდგავართ. დღეს ჩვენ, მთელ მინისტრთა კაბინეტთან ერთად, ვდგავართ ამ ბრძოლაში და შესაბამისად, არც ერთი მათგანისგან არ მოველი, რომ ერთიან ფრონტში რომელიმე დამოუკიდებელ მანევრს განახორციელებს.

– როგორ უყურებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? ბურჯანაძე პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაატარებს ვადამდელ არჩევნებს…

– როდესაც ასეთ თემას ვამუშავებთ, კარგი იქნება, კონსტიტუციაში ჩავიხედოთ და ვნახოთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უბრალოდ პრეზიდენტის ხუშტური კი არ არის, არამედ დეტალურად გაწერილია კონსტიტუციაში. თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციის სურვილს, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, რომ მათ კიდევ ერთხელ მიეცეთ შანსი, ქართულ პოლიტიკაში აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები, მე ვუყურებ გაგებით. თუმცა ამაზე მეტს არ დავარქმევდი. ამას სჭირდება პოლიტიკური რეალობა, ამის წინაპირობა არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და არა რომელიმე პოლიტიკოსის სურვილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არა მუდმივი პოლიტიკური ინტრიგების, ან შესაძლო პოლიტიკური გადანაწილებების კონტექსტში ვაცხოვროთ ხალხი, არამედ ნორმალურ პოლიტიკურ ციკლში. პოლიტიკური პროცესების ფორსირებას არ ვაპირებ.

– ბევრი საუბარია მეორე ტურთან დაკავშირებით…

– მეორე ტური არ იქნება. ამას მე გეუბნებით არა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ ქართველი ამომრჩეველი.

– რატომ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა გიორგი მარგველაშვილს და არა სხვა, რომელიმე კანდიდატს?

– ამომრჩევლისგან არის მოთხოვნა, კიდევ უფრო გაღრმავდეს ის კურსი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. ჩემს მისიას ვხედავ იმაში, რომ საქართველოს ახალ სახელმწიფოს, მთავრობასთან, პარლამენტთან ერთად მივცეთ ახალი, დემოკრატიული სახე. მე არ ვაპირებ, ვიყო ჩართული პოლიტიკურ ინტრიგაში ან ხელისუფლებასთან, ან პარლამენტთან, არ ვაპირებ, ხელი გადავუგრიხო რომელიმე მინისტრს, რათა ჩემი ძალაუფლება გავაძლიერო. ვაპირებ, ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში შევქმნა პრეცედენტი ხელისუფლებისა და საზოგადოების ძალიან ახლო თანამშრომლობის. ვაპირებ, ვიყო პარტნიორი ამ ხელისუფლებისთვის, პარლამენტისთვის იმ საქმეში, რომელსაც ჯერჯერობით ვხედავ, რომ აკეთებენ. ჩემი მიზანი იქნება, საქართველოს მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის შექმნა და საქართველოს ევროპისკენ, დასავლური ღირებულებებისკენ და დასავლური საზოგადოებისკენ სწრაფვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მისია, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის მისია, ეს არის მისია, რომელიც აქვს პარლამენტს, მთავრობას და მთლიანად საზოგადოებას. შესაბამისად, ჩემი მიზანი იქნება სახელმწიფოს დაცულობა, საქართველოს მოქალაქის დაცულობა, მისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ ის იყოს ერთდროულად ქართველიც, ევროპელიც და თანამედროვე სახელმწიფოს შვილიც – ეს არის ჩვენი ერთობლივი მისია. ჩემს შემდეგ არჩეული პრეზიდენტი იქნება უფრო სტაბილური, ევროპული, ეკონომიკურად წელში გამართული ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელსაც ექნება მკვეთრად დაფიქსირებული ქართველობა ევროპულ და მსოფლიო ოჯახში. ვიცი, რომ მომავალ პრეზიდენტს ბევრად უფრო სტაბილურ ქვეყანას დავუტოვებ.

გაზეთი ”Prime Time”

სხვა ახალი ამბები: