პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დიალოგი შედგა

0

1

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი ვერ იტყვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ყველაფერზე ჩამოყალიბდა და შეთანხმდა, მაგრამ „მთავარია, ისინი შეთანხმდნენ, რომ თემები უნდა გაგრძელდეს დიალოგის გზით და არა იმ გზებით, რომლითაც აქამდე მიმდინარეობდა”. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა საათსა და 20 წუთს გაგრძელდა.

„გვქონდა საქმიანი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და უმცირესობის ხელმძღვანელთან. ჩვენ ყველანი და მე პირადად, ალბათ, საზოგადოებაც უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც მოხდა პრეზიდენტის დაუგეგმავი, დაგეგმილი მიმართვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე – მასობრივი არეულობით ციხიდან გამოშვებულ კრიმინალთა ბანდის მიერ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი დაინტერესებული ვართ, ეს აღარ განმეორდეს, დაინტერესებული ვართ, რომ ამ ყველაფერმა, დისკუსიამ პარლამენტის კედლებში გადაინაცვლოს და არა ქუჩებში გაგრძელდეს. ქუჩებში ჩხუბიდან კატასტროფულ მოვლენებამდე ნახევარი ნაბიჯია და ჩვენ არასდროს აღარ უნდა მივიდეთ იმ ზღვრამდე, სადაც საქართველო 90–იან წლებში იყო. ეს ჩვენი პრონციპული მოსაზრებაა და ვფიქრობ, რომ ბატონი დავითიც იზიარებს ჩვენ შეშფოთებას. სწორედ ამიტომ გვქონდა დღეს ჩვენ ვრცელი საუბარი. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერზე ჩამოვყალიბდით და შევთანხმდით. მათ აქვთ თავიანთი პოზიციები, ჩვენ – ჩვენი. მთავარია, შევთანხმდით, რომ ასეთი თემები უნდა გაგრძელდეს დიალოგის გზით და არა იმ გზებით, რომლითაც აქამდე მიმდინარეობდა. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი იქნება მოვლენების განვითარება. ჩვენ გვექნება განხილვა უმცირესობის შიგნით, მათ – უმრავლესობის შიგნით და პრემიერ–მინისტრთან და უახლოეს დღეებში ალბათ, შემდგომი საუბარი გაგრძელდება”,– განაცხადა პრეზიდენტმა.

პარლამენტის თავმდჯომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა „ახალი სქემები და ვარიანტები, რომლის განხილვაც ალბათ, მომავალში შესაძლებელი გახდება”. ამის შესახებ უსუფაშვილმა სააკაშვილთან საათნახევრიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გავიარეთ ყველა საკითხი, შეთანხმებამდე ჯერ არ ვართ მისული, თუმცა პირადად მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს დიალოგი უპერსპექტივო არ არის. ეს არც პიარ–აქციაა ჩვენი ან პრეზიდენტის მხრიდან. სურვილი იმისა, რომ დარეგულირდეს ვითარება და მოვძებნოთ კონსტიტუციური გამოსავალი, ორივე მხრიდან არის გაცნობიერებული. კოალიცია „ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ვიმეორებთ და ეს პრეზიდენტსაც მოვახსენეთ, რომ იმ ნაწილში შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და მთავრობის ფორმირებას ეხება, არის გასაღები ყველა სხვა საკითხზე შეთანხმებისა. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ საუბრის მომენტში გამოიკვეთა რაღაც ახალი სქემები, შესაძლო ვარიანტები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში შევხედრა, რომელსაც უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც ესწრებოდა, საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

სხვა ახალი ამბები: