პრემიერი: “არც გაზის და არც ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ იგეგმება”

0

garibaaaპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ იგეგმება. ამის შესახებ მან პარლამენტში, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა გაზის ტარიფთან დაკავშირებით 15 მლნ ლარის სუბსიდირებას ახორციელებს.

„ეს ჩვენი მთავრობის პოზიციაა. ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ და გაზის ნაწილში 15 მლნ ლარის სუბსიდირება ხდება, იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს არ დააწვეს ის სიმძიმე, რომელიც შეიძლება ამან გამოიწვიოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, პრემიერის განმარტებით, ამ მიმართულებით ტარიფების გადახედვის საკითხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანია შეისწავლის.

„მოკლებული ვარ შესაძლებლობას გითხრათ, როდის იქნება ამის ცვლილება ან თუ მოხდება საერთოდ. ამას შესაბამისი ორგანო შეისწავლის. ვიცი, რომ რამდენიმე კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას მიმართა და სიტუაცია სწორედ მათ უნდა შეისწავლონ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით, კანონის ფარგლებში კონსულტაციები შედგება, რომლის შემდეგაც ელექტროენერგიის ტარიფი გახდება ცნობილი.

„ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის, არც გაზის და არც ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა არ იგეგმება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.