პრემიერი აფხაზებს და ოსებს: “ჩვენ გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში”

0

2014102013432022მთავრობის ორწლიანი მმართველობის შედეგების შეჯამებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს აფხაზური ენის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ მხოლოდ საქართველოსთან ერთად, საქართველოს ევროპული პერსპექტივით შეძლებენ საკუთარი ენის და კულტურის შენარჩნებას.

,,ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო. ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს და ერთად უნდა გავაგრძელოთ გზა მომავლისკენ. ჩვენ მართლაც გვსურს, რომ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. მინდა მათ გააცნობიერონ, იფიქრონ მათ შვილებზე, მომავალ თაობაზე, როგორ ხედავენ ისინი მომავალს, როგორ წარმოუდგენიათ მათ საქართველოს გარეშე ცხოვრება, განვითარება, წინსვლა. რთულია, როცა სხვის ტერიტორიაზე მოინდომებ ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას. ეს არ მოხდება მეგობრებო, არასოდეს არ მოხდება“, _ განაცხდა ღარიბაშვილმა.

მისი შეფასებით, ეს არის მიუღწეველი, უტოპიური გემა, რომელსაც არც ახლანდელი არც მომავალი თაობა არ შეეგუება იმიტომ, რომ ეს არის საქართველოს ისტორიული ტერიტორია, მიწა-წყალი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა საკუთარი სისხლით შემოინახეს დღემდე.

მან მიმართა აფხაზებსა და ოსებს, რომ ისინი ვერ იქნებიან ბედნიერნი საქართველოს გარეშე და საქართველოც ვერ იქნება ბედნიერი მათ გარეშე.

,,ჩვენ მართლა გვსურს, რომ აღდგეს ნდობა ჩვენს შორის. ჩვენ გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში. საქართველოს რეალურად აქვს წინსვლის დიდი პერსპექტივა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა განვვითარდეთ თქვენს გარეშე. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მე მინდა მოგიწოდოთ ყველას ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზეთ და დაფიქრდით, რომ ეს არის ერთიანი საქართველოს ტერიტორია. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იგივეს. იყავით ავტონომური რესპუბლიკა ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, _ აღნიშნა პრემიერმა.

სხვა ახალი ამბები: