პრემიერი: “დადიანების სასახლე თითოეული ქართველისთვის საამაყო ადგილია” (ვიდეო)

0

gaaariiibaaდადიანების სასახლე ქართული კულტურის უნიკალური შედევრია და ჩვენი ვალია, ის მომავალ თაობას შემოვუნახოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დედოფლისეული სასახლის კვლევისა და რესტავრაციის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ უკვე გამოყოფილია თანხა დადიანების სამუზეუმო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილის, ნიკოს სასახლის აღსადგენად.
ასევე, დასრულებულია ბოტანიკური ბაღის პროექტირება და შესაბამისად, მისი რეაბილიტაციაც განხორციელდება.

„დადიანების სასახლე თითოეული ქართველისთვის საამაყო ადგილია, ეს არის ქართული კულტურის შედევრი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, ვინ არიან ჩვენი დიდი წინაპრები, როგორ სახელმწიფოს აშენებდნენ ისინი და როგორი ქვეყანა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, ეს უნიკალური სამუზეუმო კომპლექსი შემოვუნახოთ მომავალ თაობას, აღვადგინოთ და მოვუაროთ. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, ამ პროექტში მონაწილეობა დიდი პატივია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც ცივილიზაციის თვალსაჩინო მაგალითია, უნიკალური ადგილი იქნება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვის, რომლებიც უშუალოდ გაეცნობიან, როგორ საქართველოს ქმნიდნენ ჩვენი წინაპრები.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის წვლილი დადიანების კომპლექსის გადარჩენის საქმეში და განაცხადა, რომ ეკატერინეს სასახლის პროექტირება ელჩის ფონდიდან დაფინანსდა.

„რიჩარდ ნორლანდი გამორჩეული და ერთ-ერთი საუკეთესო ელჩია. იგი ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს გულს წვდება. მან კარგად იცის, რა უხარია ქართველ კაცს, კარგად იცის ქართული კულტურისა და ისტორიის ფასი და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ელჩის მისია საქართველოში ივლისში სრულდება და მინდა, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის ელჩს საჩუქრად ეკატერინეს სასახლის სურათი გადასცა.

სხვა ახალი ამბები: