პრემიერი: “ვულოცავ მთელ საქართველოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას”

0

10453004_685738251517254_1038575934749531772_oსაქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ ევროპაში უნდა შეაბიჯოს, როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანამ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ევროპის  მრავალფეროვან კულტურაში.

ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა დღეს, ამ ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ საქართველოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ვულოცავ ამ ისტორიულ მოვლენას ყველას, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიული ღირებულებები, ვინც ერთგულებს ევროპულ დემოკრატიულ იდეალებს და საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს.  დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ უკვე გადალახა ყველაზე კრიტიკული მომენტი. ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ ევროპისაკენ, მტკიცე დემოკრატიისაკენ და ეს პროცესი ახლა უკვე შეუქცევადი გახდა.  2014 წლის 27 ივნისი ჩვენი სამშობლოს ისტორიაში ახალ დიდ თარიღად ჩაიწერა. ამ დღეს ყველა დროის ყველა ქართველის ისტორიული ოცნება ახდა – ამ დღემ, როგორც არასდროს, ისე დაგვაახლოვა ევროპას – ჩვენთვის ყველაზე ახლობელ და ბუნებრივ სივრცეს, სივრცეს,რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურადიყომოწყვეტილი და რომელთან გაერთიანების იდეაც ქართველთა არაერთმა თაობამ ჩვენამდე მოიტანა.  ახლა ჩვენ ამ სივრცის ზღურბლთან ვდგავართ. ჩვენ  ევროპაში უნდა შევაბიჯოთ როგორც უძველესი ისტორიისა და უნიკალური კულტურის ქვეყანამ, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ევროპის  მრავალფეროვან კულტურაში. ჩვენი და ევროპის მსოფლმხედველობრივი კავშირი, სიახლოვე, ნათესაობა საუკუნეებს ითვლის. ეს დროში გამოცდილი კავშირია, რომელსაც ვერაფერი დააკლო ისტორიულმა ქარტეხილებმა.  ახლა იწყება თვისებრივად ახალი ეტაპი საქართველოს ისტორიაში. ჩვენ დავადექით იმ გზას, რომელმაც უნდა გააღრმავოს და განამტკიცოს ჩვენი ურთიერთობა ევროპულ სახელმწიფოებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე ძალიან ამაღელვებელი და საზეიმოა მთელი საქართველოსთვის – დღეს საქართველოს პარლამენტმა უნდა მოახდინოს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება.

“ჩვენ ყველანი ველოდებით იმ წუთებს, როდესაც საქართველოს პარლამენტი დაადასტურებს ჩვენი ხალხის ისტორიულ არჩევანს. დღევანდელი განხილვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ბატონებო, რომ თქვენ ერთსულოვნად დაუჭერთ მხარს შეთანხმებას.  ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა – ლიტვამ, ლატვიამ და რუმინეთმა უკვე მოახდინეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ. კიდევ 25 წევრი ქვეყანა და ევროპარლამენტი მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი მოახდენს რატიფიცირებას და რატიფიკაციის სიგელს წარუდგენს ევროკავშირის საბჭოს გენერალურ სამდივნოს, რათა შეთანხმების გამოყენება დავიწყოთ უკვე 2014 წლის 1 სექტემბრიდან. ჩვენ დროულად უნდა დავიწყოთ იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც ევროკავშირთან დაგვაახლოებს და შესაბამის სარგებელს მოუტანს საქართველოს მოსახლეობას“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

სხვა ახალი ამბები: