პრემიერი: “როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიქნებით ძალიან პრინციპულები”

0

1401783_754278754663203_4033074753235870953_oნატო-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპი იწყება, – პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, წარმატებული შეხვედრები გაიმართა როგორც ნატო-ში, ისე – ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიასა დაევროპარლამენტში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, განწყობები პოზიტიური და ოპტიმისტურია.
პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს პირველი სხდომის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ის ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო.

„ევროკავშირი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და ძალიან ბევრი მიღწევა აქვს. ჩვენი ევროპელი მეგობრები აფასებენ იმ წარმატებებს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ისინი აღფრთოვანებულები არიან, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გათვალისწინებით 6%-იანი ზრდა გვაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო, პირადად გავცნობოდი ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

უახლოეს მომავალში გაიმართება ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლონ იუნკერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. ასევე, პრემიერის ინფორმაციით, მომავალ წელს საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი ეწვევა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა მთავრობის ეფექტიანობის შეფასებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ავტორიტეტულ რეიტინგებს და განაცხადა, რომ მთავრობის ეფექტიანობის მაჩვენებელმა ბოლო ათ წელიწადში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ჩვენი ხელისუფლება ბოლო ორი წლის განმავლობაში ახორციელებს. თუნდაც კორუფციის რისკების მიხედვით, საქართველო მე-11 ადგილზეა და უსწრებს ევროპულ ქვეყნებს. ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და ჩვენ ამას მივაღწევთ. ევროკომისრების სურვილიც არის, რომ ოპოზიცია გახდეს უფრო კონსტრუქციული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ევროკავშირი ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის თავშეკავებულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში და მოსკოვსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების შესაძლო გაფორმებით შეშფოთებულია.

„როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ვიქნებით ძალიანპრინციპულები და კომპრომისს ვერ დავუშვებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: