პრეფისიონალების და ექსპერტების შეფასებები ხუდონჰესთან დაკავშირებით

0

xudoni_არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის” განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე დებატები კვლავაც დღის წესრიგშია. სოციალურ ქსელებში, ტელევიზიითა თუ ბეჭდვურ მედიაში საკმაოდ ხშირია სხვადასხვა ხასიათის კომენტარები. პრეფისიონალების და ექსპერტების შეფასებით ბევრი არგუმენტი, რაც ამ მშენებლობის საწინააღმდეგოდ მოყავთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ხდება საზოგადოებისთვის სენსიტიური თემებით სპეკულაცია. ამ საკითხზე თავის აზრს დარგის სპეციალისტები აფიქსირებენ.

ნოდარ ფოფორაძე, სტუ-ს სრული პროფესორი, პეტროლოგი: „რა თქმა უნდა, ხუდონჰესი უნდა აშენდეს, რადგან ის აუცილებელია, მაგრამ არა იმ პროექტით, რაც დღეს არის გათვალისწინებული. დღეს რომ იწყებოდეს მისი მშენებლობა სხვა ადგილს შევარჩევდით, მაგრამ უკვე ისეთი რაოდენობითაა სამუშაოები ჩატარებული, იმდენი მასალაა ჩატანილი და იმხელა თანხაა დახარჯული, რომ მისი მშენებლობის დასრულება გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე სხვა ადგილას მასზე პატარა ჰესის მშენებლობა. ფაქტობრივად, სვანეთის რეგიონი იმდენად დააზარალა ენგურჰესმა, რომ ხუდონჰესი უკვე ზედმეტ ზიანს ვეღარ მოუტანს. თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, აუცილებელია, რომ ხუდონის მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა იყოს. თავად, ჰესის მშენებლობა კი ცხადია, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის“.

ბაადურ უკლება, ჰიდროლოგი: „ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ენერგოდამოუკიდებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ერთადერთი რესურსი, რაც საქართველოს გააჩნია, ეს არის ჰიდროენერგეტიკული რესურსი და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ამის არგამოყენების უფლება ნამდვილად არ გვაქვს. როდემდე უნდა ვუხადოთ რუსეთს 70 მილიონი დოლარი ყოველწლიურად?! ჩვენ რა ჰიდროენერგეტიკული რესურსიც გაგვაჩნია, ბევრ ქვეყანას არ აქვს. დღეს ხუდონზე უარის თქმა იგივეა, რაც აზერბაიჯანს ნავთობის მოპოვება აუკრძალონ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია როგორც ხუდონჰესის მშენებლობა, ასევე სხვა ჰესების მშენებლობა და თბოელექტროსადგურის აშენებაც“.

ვასილ მიქაშავიძე, ჰიდროგეოლოგი: „ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. ქვეყანას ეს ჰესი ნამდვილად სჭირდება. რაც შეეხება იმაზე საუბარს, თითქოს ხუდონის მშენებლობა გარემოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს, არ არის სწორი. სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თოთქოს იქ ტენიანობა გაიზდრება. თავის დროზე ამ საკითხზე ნამუშევარი მაქვს და ვიცი, რომ იქ ტენიანობა იმ დონეზე გაიზრდება, რომელსაც გავლენა არც გარემოზე ექნება, არც ჰავაზე და არც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“.