პროკურატურა მალე კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება!

0

qronikaსაქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსური დეპარტამენტი, “მადნეულის”, “კვარციტისა” და “ეროვნული ზარაფხანის” პრივატიზაციის კანონიერებას სწავლობს.

ეს ინფორმაცია “ქრონიკას” მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროკურატურა მალე მიხეილ სააკაშვილის კლანის საჩინო წარმომადგენლებს – კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას მიადგება. ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, ამ სამივე სახელმწიფო ობიექტის პრივატიზაცია იმდენად უკანონოდ, მეტიც, ცინიკური სამართალდარღვევებით მოხდა, საეჭვოა, რომ კახა ბენდუქიძე და კობა ნაყოფია ციხეს გადაურჩნენ. გამორიცხული არ არის, “ვირის აბანოში” ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი, ირაკლი ჩოგოვაძე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებიც მიაბრძანონ.

“ქრონიკა” “მადნეულის”, “კვარციტისა” და “ეროვნული ზარაფხანის” უკანონო პრივატიზაციის შესახებ მოგითხრობთ და ასევე, იმ განუკითხაობის შესახებ, რაც წლების განმავლობაში ამ თაღლითური გზით შეძენილ ობიექტებში ხდებოდა.

კახა ბენდუქიძე ჯერ ეკონომიკის მინისტრი იყო, მერე უპორტფელო სახელმწიფო მინისტრი, ხელისუფლებაში ყოფნისას და იქიდან წამოსვლის შემდეგაც, ის უხვად აფინანსებდა “ნაცმოძრაობას”. ადრე ბევრს ეგონა, ბენდუქიძე რუსეთში ნაშოვნი ფულით ხელისუფლებას ეხმარება და ქართულ საქმეს აკეთებსო. თქვენც არ მომიკვდეთ! მაგის ჩიტია ბენდუქიძე? რუსეთში ნაშოვნ მილიონებს აქ, საქართველოშიც, მრავალი მილიონი აშოვნინა და ამას მუდამ ხელისუფლების ხელშეწყობითა და დანაშაულებრივი წაყრუებით აკეთებდა. შესაბამისად, უბრალოდ, წილი მიჰქონდა სააკაშვილისა და მისი რეჟიმის ბოსებთან, “ნაციონალთა კლანში” მასზე გავლენიან ადამიანებთან. მან ჩაწყობითა და უკანონო პრივატიზაციის გზით უამრავი ქონება იყიდა საქართველოში.

კახა ბენდუქიძისა და მისი ბიზნესკლანის სახელს უკავშირდება ქართული ოქროს წარმოების მთელი ციკლის ხელში ჩაგდება და მოკვლა, რის სანაცვლოდაც ათეულობით მილიონი იშოვეს. ეს სპეცოპერაცია ბენდუქიძემ და მისმა კლანმა მაშინ დაიწყო, როცა ის ერთი წლის დანიშნული იყო ეკონომიკის მინისტრად. მათ სახელისუფლებო ბერკეტების მეშვეობით მოახერხეს, რომ ერთი კლანის ხელში მოქცეულიყო “მადნეული” (ოქროს მოპოვება), კვარციტი (ოქროს წარმოება) და “ეროვნული ზარაფხანა” (ოქროს ნაკეთობათა წარმოება). მათ ეს სამივე ობიექტი უპრობლემოდ იყიდეს, მაგრამ ამ სპეცოპერაციიდან, ბენდუქიძემ რომ დაგეგმა და მისმა “ხელის ბიჭებმა” შეასრულეს, განსაკუთრებული ცინიზმითა და არაადამიანურობით, “ეროვნული ზარაფხანის” ხელოვნურად გაკოტრება, მისი, ანუ სახელმწიფო სიმდიდრის, გაჩანაგება და მერე იაფად შეძენა გამოირჩევა. შესაძლოა, ვინმეს სჯერა, რომ ამ ობიექტის მფლობელი მხოლოდ მილიარდერი და ყოფილი დეპუტატი კობა ნაყოფიაა, მაგრამ ასე არ გახლავთ. კი, ნაყოფიაა “ზარაფხანას” ფორმალური მფლობელი, მაგრამ ეს კაცი ბენდუქიძის კლანის წევრია, “ზარაფხანის” გაკოტრების ოპერაციის მონაწილე და მსუყე ლუკმაც ამიტომ ერგო – ფული დიდ ბიზნესში დააბანდებინეს და წილში შეიყვანეს.

“ქრონიკა” გთავაზობთ “ზარაფხანას” გაკოტრების შემზარავ ისტორიას. ამის შესახებ ქართულ მედიაში არაერთხელ დაწერილა და ცხადია, ამ გავრცელებულ ფაქტებს გვერდს ვერ ავუვლით და მათაც შეგახსენებთ. თუმცა, “ქრონიკამ” კლასიკური მაფიისთვის შესაშური ისტორიის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციებიც მოიპოვა. თუმცა, “ეროვნული ზარაფხანა” სულ ბოლოს გაიყიდა, როგორც ოქროს წარმოების ციკლის ბოლო ეტაპი. ქართული ოქროს “მომპოვებლებს”, ყველაფერი იუველირის სიზუსტით ჰქონდათ გათვლილი.

საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, “იატაკქვეშა მილიარდერი” კობა ნაყოფია საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა. ის რუსეთში კახა ბენდუქიძის მეგობრად და ბიზნესპარტნიორად ითვლებოდა და სწორედ ბენდუქიძემ გაუხსნა გზა ქართულ ბიზნესსა და შემდეგ პოლიტიკაში ნაყოფიას. ბენდუქიძე ეკონომიკის მინისტრი იყო და ამ პოსტზე დანიშვნისთანავე, საკუთარ ბიზნესზე ზრუნვა დაიწყო. ბენდუქიძე-ნაყოფიას წყვილმა დიდი მარიფათი გამოიჩინა – მათ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ნაწილი ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში. ნაყოფია სახელმწიფო აუქციონებსა და ტენდერებში მონაწილეობდა, კახა ბენდუქიძე და მისი პარტნიორი, რუსი ბიზნესმენი გენერალოვი კი ჩრდილში რჩებოდნენ, თუმცა შეძენილ ქონებასაც და მოგებასაც იყოფდნენ. ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ (იგივე ბენდუქიძე და გენერალოვი), 2006 წელს სს “მადნეულის” 97 პროცენტი 40 მილიონად იყიდა. ამ კომპანიის ყიდვა ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდა განზრახული და ეკონომიკის სამინისტროში მისმა კომპანია “ენერგოინდუსტრია-კომპლექტმაც” შეიტანა ტენდერში მონაწილეობის განაცხადი. ამ დროს ბენდუქიძე უკვე უპორტფელო სახელმწიფო მინისტრია, თუმცა ამით მისი გავლენა ხელისუფლებაში არ შემცირებულა. იმჟამად ეკონომიკის მინისტრი ნაყოფიას კლასელი ირაკლი ჩოგოვაძეა, რომელიც მინისტრად ბენდუქიძის რეკომენდაციით დანიშნა სააკაშვილმა. ბადრი პატარკაციშვილი 36 მილიონ დოლარს იხდიდა “მადნეულში”, ხოლო ნაყოფიას კომპანია “პრომინვესტორი” – 35 მილიონს.

 
“ქრონიკის” ინფორმაციით, ჩოგოვაძემ ფარულად გახსნა “ინდუსტრია-კომპლექტის” პაკეტი, ნახა პატარკაციშვილის სატენდერო პირობები და ბენდუქიძეს აცნობა. იმავე დღეს “პროინვესტორმა” ახალი პაკეტი შეიტანა სამინისტროში როცა ტენდერი ჩატარდა, “პრომინვესტორმა” გაიმარჯვა – ის 4 მილიონით მეტს იხდიდა “მადნეულის” 97 პროცენტში. ბადრი პატარკაციშვილი ამ 4 მილიონზე უკან არ დაიხევდა, მეტიც გადამხდელიც იყო “მადნეულში”, მაგრამ პატარკაციშვილი გააცურეს და ამგვარი მაქინაციით ეს კომპანია გენერალოვისა გახდა, თუმცა, მისი მოწილე ბენდუქიძეც გახლდათ, ვიდრე არ გაყიდეს და პატრონი არ გამოიცვალა.

საინტერესოა, რომ “პრომინვესტორსა” და მის ოფიციალურ წარმომადგენლებს – გენერალოვსა და ნაყოფიას, ამ 40 მილიონში “კვარციტის” აქციათა 50 პროცენტიც ერგოთ ხურდაში – “მადნეული” სწორედ “კვარციტის” წილის ნახევარს ფლობდა. არადა, “მადნეულის” შეძენა, თანაც გაცილებით უკეთესი პირობებით, უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და სამ ბრიტანულ კოპანიას სურდა. თუმცა, “ბენდუქიძემ და კომპანიამ” რეალურ ინვესტორებსა და იმჟამად ხელისუფლების ურჩ პატარკაციშვილს უსიტყვოდ მორჩილი ბენდუქიძე-ნაყოფია არჩიეს.

ამის შემდეგ კობა ნაყოფიამ უკვე “ეროვნული ზარაფხანა” ჩაიგდო ხელში. ესეც ჩოგოვაძისა და ბენდუქიძის მინისტრობისას მოხდა, რადგან “ეროვნული ზარაფხანა” სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტი იყო, მისი გაყიდვა ბენდუქიძეს არ შეეძლო – კანონი არ აძლევდა სტრატეგიული ობიექტის გაყიდვის ნებას. ადგა ეს შენი ბენდუქიძე და მარტივი გამოსავალი მოძებნა – კომუნისტებისგან ისესხა ძველი სახელი და ობიექტს “საიუველირო ნაწარმის ქარხანა” დაარქვა, სახელწოდებიან “ეროვნული ზარაფხანა” ამოვარდა და მას სტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსიც მოეხსნა. ვაშაააა, ბენდუქიძეეე!!!

ამის მერე, 2006 წლის მაისში, გაიმართა “ზარაფხანის” აუქციონი, რომელშიც ისევ ნაყოფია-პატარკაციშვილი დაეჯახნენ ერთმანეთს. ნაყოფიამ ტენდერამდე 1 კვირით ადრე დააფუძნა კომპანია “გოლდ ინვესტი”. საინტერესოა, რომ ეს კომპანია ნაყოფიას საცხოვრებელი სახლის მისამართზე – არაყიშვილის ქუჩაზე იყო დარეგისტრირებული და ამხელა საწარმოს შეძენის მსურველ შპს-ს საწესდებო კაპიტალად 2000 ლარი ჰქონდა მხოლოდ ანგარიშზე.

“გოლდ ინვესტმა” სასწრაფოდ 2 მილიონი დოლარი აიღო სესხად “საქართველოს ბანკიდან” და ასე მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ცხადია, “გაიმარჯვა” და 2 მილიონ 40 ათას დოლარად ჩაიგდო ხელში “ზარაფხანა”. არადა, ეკონომიკის სამინისტრომ წინა წელს “ეროვნულ ზარაფხანაში” აუდიტი ჩაატარა და მისი ქონება 40 მილიონ დოლარად შეფასდა. ტენდერის მერე, ამ აუდიტის დასკვნა ეკონომიკის სამინისტროდანაც გაქრა, იმჟამინდელი პრემიერის – ზურაბ ნოღაიდელის ოფისიდანაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამსახურიდანაც. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბენდუქიძის ნამოქმედარია.

ორიოდე სიტყვით იმ ქონებაზეც მოგახსენებთ, 2 მილიონ 40 ათას დოლარად რომ მოიხელთეს ბენდუქიძემ, ნაყოფიამ და სხვა მაფიოზმა ოლიგარქებმა. “ზარაფხანა” დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარეობს: 4 სართულიანი შენობა, დამხმარე სათავსო-ნაგებობები, ასამდე უნიკალური, ძვირადღირებული დაზგა-მაგიდა, 8 მილიონი დოლარის ოქროსა და ძვირფასი თვლების მარაგი, რომელიც 90-იანი წლების განუკითხაობისას, “მხედრიონის” თარეშის პირობებშიც კი ხელუხლებლად დარჩა “ზარაფხანაში”. და კიდევ, “ზარაფხანის” კუთვნილი 30 ათასი კვ.მ მიწა დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე; მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს 1 კვ.მ მიწის მინიმალური ფასი 230 ათასი დოლარი იყო. თუ 30 ათას კვ.მ-ს 230 დოლარზე გავამრავლებთ, აღმოჩნდება, რომ მარტო მიწა 6 მილიონ 900 ათასი დოლარი ღირდა. აი, ამხელა ქონება ჩაიგდეს ხელში მართლაცდა ჩალის ფასად კახა ბენდუქიძემ და კობა ნაყოფიამ. მიწის ღირებულების მესამედიც კი არ გადაიხადეს ამხელა ქონებაში. აი, ეს იყო კახა ბენდუქიძის ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა. ამიტომაც იყო, ბენდუქიძე თავს რომ იკლავდა და ათობით ობიექტს სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სტატუსი მოუხსნა. თუმცა ეს არ არის ყველაფერი.

ტენდერის პირობების თანახმად, “გოლდ-ინვესტს” უნდა დაეფარა “ზარაფხანის” 6 მილიონი ვალი, რომელიც საწარმოს სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდა. “ზარაფხანის” დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სწორედ ბენდუქიძესთან დაპირისპირების გამო მოხსნეს – ის ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის ერთადერთი ასეთი პროფილის საწარმოს გაყიდვას. ლორთქიფანიძის დირექტორობის პერიოდში დაიწყო სახელმწიფო ვალის ეტაპობრივი დაფარვა, მაგრამ ეს არანაირად არ ჯდებოდა ბენდუქიძის გეგმაში – მას გაკოტრებული “ზარაფხანა” სჭირდებოდა. ლორთქიფანიძის შემდეგ, დირექტორად დანიშნეს აკაკი რამიშვილი, ოქროს სასინჯი დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი. “ზარაფხანის” თანამშრომლებს ამ კაცის დირექტორობა არ სურდათ, რამიშვილი სპეცრაზმით მივიდა სამსახურში და ისე შევიდა დირექტორის კაბინეტში. მერეც, კარგა ხანს დაცვით დადიოდა. მოკლედ, რამიშვილმა ეს ხელოვნურად წარმოშობილი ვალი არ გადაიხადა, შეწყვიტა ლორთქიფანიძის დროს დაწყებული ვალის გრაფიკით დაფარვა. ჰოდა, როცა აუქციონი ჩატარდა, “ზარაფხანის” ვალი უკვე 6 მილიონი ლარი იყო. აუქციონის პირობების თანახმად, ეს 6 მილიონი 2 წელიწადში უნდა გადაეხადა “ზარაფხანას”. თქვენც არ მომიკვდეთ, ნაყოფიას არც უფიქრია ამ 6 მილიონის ბიუჯეტში გადახდა. ნაყოფიამ ცალკე თანაკლასელ მინისტრს, ირაკლი ჩოგოვაძეს მისწერა და ცალკე ზურაბ ნოღაიდელს: ქართული ოქროს ნაკეთობათა წარმოება უნდა ავაყვავო და ეს ვალი ჩამომაწერეთო. აბა, ასეთი სულის საცხონებელი საქმის გაკეთებაში ხელს ხომ არ შეუშლიდნენ ნაყოფიას ეკონომიკის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი? ერთობლივად გადაწყვიტეს, – ოღონდ ეგ საშვილიშვილო საქმე გააკეთე, 6 მილიონი რა სალაპარაკოაო და… ჩამოაწერეს სახელმწიფო ვალი. როგორი ბექა ოპიზარიც კობა ნაყოფია გამოდგა, ყველას კარგად მოეხსენება. ნაყოფია და მისი ჯგუფი, ძირითადად, ინდოეთიდან და არაბეთიდან ეზიდებიან იაფფასიან ოქროს ნაკეთობებს და მერე “ზარაფხანის” დამღით ყიდიან ვითომ ქართულ ნაწარმს. შიგადაშიგ, ევროპაშიც ყიდულობენ დაბალი ხარისხის ოქროს. წალეკა ქართული ოქროს ბაზარი უხარისხო ოქრომ. “მადნეულში” მოპოვებულ, “კვარციტში” გადამუშავებულ ოქროს კი ნაყოფია უცხოეთში ეზიდება, რადგან მაღალი ხარისხისაა და ევროპაში კარგად იყიდება. “ზარაფხანის” ქიმიური ლაბორატორიის ყოფილი თანამშრომელი, ჟანა ქარელიძე ერთ ასეთ შემთხვევასაც იხსენებს “ქრონიკასთან”: “რამდენიმე მაღაზია აქვს “ზარაფხანას” და ერთ-ერთი ვაკეში მდებარეობს. სწორედ ამ მაღაზიაში შევედი და ვათვალიერებდი ქარხნის ნაწარმს. ერთი ვერცხლის ძეწკვი შევნიშნე, რომელსაც მეტად უცხო ფსკვნილი ჰქონდა. დანამდვილებით ვიცოდი, რომ “ზარაფხანას” ისეთი დაზგა არ ჰქონდა, რომლითაც ასეთი ფსკვნილები კეთდებოდა. გამყიდველ გოგონას ვკითხე, სიმართლე მითხარი, მაინც ვერ მომატყუებ, ეს ძეწკვი მართლა “ზარაფხანის” ნაწარმია-მეთქი? არა, ქალბატონო, უცხოეთიდანაა შემოტანილი და “ზარაფხანას” დამღა აზის, ვითომ ჩვენი ქარხნის ნაწარმიაო. აი, ასე ატყუებენ ხალხს წლების მანძილზე, მაგრამ განმკითხავი არავინააა”.

“ქრონიკას” ერთი ძველი ისტორიაც მოუთხრეს ექსკლუზიურად. “ცენტრ-პოინტის” თანადამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი (მაშინ პოლიტიკაში არ იყო) ესტუმრა “ზარაფხანის” ვაკის მაღაზიას. იმ დღეს შინ პატარა წვეულება ჰქონდა, რომელსაც მხოლოდ ოჯახის წევრები და რამდენიმე უახლოესი მეგობარი უნდა დასწრებოდა. ქალბატონმა რუსუდანმა გადაწყვიტა, ყველასთვის მცირე სიურპრიზი გაეკეთებინა, ადგა და ყველას თითო ოქროს ნაკეთობა უყიდა – მამაკაცებს სამაჯურები და ძეწკვები, ქალებს ბეჭდები და საათები… საგურამოში, რჩეულიშვილების სახლში გამართული წვეულება, რომ იტყვიან, ეშხში შედიოდა, როდესაც რუსუდან კერვალიშვილმა სტუმრებსა და ოჯახის წევრებს ოქროს საჩუქრები ჩამოურიგა, თან დასძინა, რომ ყველაფერი ქართული და “ზარაფხანის” წარმოებისა იყო. ერთ-ერთმა სტუმართაგანმა დიდხანს ატრიალა ხელში ნაჩუქარი სამაჯური, მერე კი განაცხადა, რომ ზუსტად ასეთი პარიზში ჰქონდა ნაყიდი და ერთი მეორისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ერთს ფრანგული კომპანიის ნიშანდება ჰქონდა, მეორეს კი – “ზარაფხანასი” (ისე, ნაჩუქარ ცხენს კბილს ვინ უსინჯავს, შე ოხერო? გაჩუქეს? აიღე, მადლობა თქვი და შეირგე, რა, თუ ინტრიგანი არა ხარ). მოკლედ, დიდი კამათის შემდეგ, ეს კაცი იძულებული გახდა, სახლში წასულიყო და შინიდან “ზარაფხანის” სამაჯურის ზუსტი ასლი, ფრანგული სამაჯურიც მოიტანა. თან კატალოგიც მოაყოლა, სადაც ამ სამაჯურის მწარმოებელი ფირმა და დიზაინერის გვარ-სახელიც იყო მითითებული. რუსუდან კერვალიშვილი დარწმუნდა, რომ სასტიკად მოატყუეს. მეორე დღეს, თავის დასთან, მაია კერვალიშვილთან ერთად გამწარებული მივიდა “ზარაფხანის” მაღაზიაში და ლამის სახეში შეაყარა ოქროულობა ვაკის ფილიალის დირექტორს. ატყდა დიდი აყალმაყალი. კერვალიშვილებმა დაამტკიცეს, რომ არა მარტო ერთი სამაჯური, რაც “ზარაფხანის” მაღაზიაში იყიდა, ყველა ნივთი დუბაისა და პარიზის მაღაზიებში იყო ნაყიდი და მერე, თბილისში ფრანგული ქარხნის დამღა გადაცლილი ჰქონდათ და “ზარაფხანის” დამღით იყო ხელახლა დადაღული. რუსუდან კერვალიშვილს, ცხადია, თანხა უკან დაუბრუნეს, მაგრამ დებს თურმე ვერ აჩერებდნენ და ამ ამბის მედიით გახმაურებას აპირებდნენ, – ჩვენ მოვტყუვდით, მაგრამ სხვას აღარ მოგატყუებინებთ, ხალხმა უნდა გაიგოს თქვენი თაღლითობის ამბავიო. ბოლოს საქმეში კობა ნაყოფია ჩაერია. ვახტანგ რჩეულიშვილის, მაია და რუსუდან კერვალიშვილების თუკი ვინმე საერთო ნაცნობი ჰყავდა, ყველა ჩარია საქმეში, ყველას დაარეკინა მათთან, რომ გაჩერებულიყვნენ და ბოდიშიც პირადად მოუხადა დებს. თბილისი, მოგეხსენებათ, პატარა და ხათრიანი ქალაქია – ნაყოფიამ ეს შარიანი საქმე ჩაფარცხა. თუმცა, დროებით. “ქრონიკის” მკითხველმა ხომ ამ წუთას ექსკლუზიურად გაიგო ამ მაქინაციის შესახებ. ოქროს წარმოებაში მეტ-ნაკლებად ჩახედული ხალხი შემედავება ახლა – ფრანგულ ოქროს “ზარაფხანის” დამღა რომ დაარტყა, ძველი წაშალო და ახლით გაყიდო, ეგ რა ხეირი იქნება, ფრანგი იუველირ-დიზაინერების ოქროს ნაწარმი უფრო ძვირი არ ეღირება, ვიდრე მისი გადმოქართულებული ვარიანტიო? ასეთი მანიპულაციით რა ხეირი ექნებოდა “ზარაფხანას”, პირიქით, იზარალებდა, რადგან საფრანგეთში ნაყიდ, დავუშვათ, “პერსტენს”, “ზარაფხანის” დამღით თავის ფასშიც ვერ გაყიდდაო. კი, ლოგიკური კითხვაა, მაგრამ ნაყოფია მაგის ჩიტია ახლა, 2000 ევროდ პარიზში “პერსტენი” იყიდოს, მერე თბილისში 2000 ლარად გაყიდოს და იზარალოს? აი, დამარხულ ძაღლის თავსაც მივადექით. საქმე ისაა, რომ “ზარაფხანაში” არა მარტო ფირმის აღმნიშვნელ ნიშანს ცვლიან, არამედ ოქროს სინჯის მაჩვენებელსაც. ოქროს ყიდულობენ პარიზში და ევროპა-აზიის სხვა ქალაქებში, დიღომში კი სინჯის აღმნიშვნელ დამღას აცლიან, სხვა, უფრო მაღალი ხარისხის ოქროს სინჯის დამღას დაარტყამენ და საქმეც გაჩარხულია – 5 გრამიან ნივთს, რომელშიც 1 გრამში 20 ევრო ანუ, მთლიანად 100 ევრო გადაიხადეს, 1 გრამს 50 ევროდ ანუ, ჯამში, 250 ევროდ გაყიდიან. და ყიდიან კიდეც!

შესაძლოა, მკითხველი იმაშიც შემედაოს, რატომ არის ქართული ბაზარი უხარისხო ოქროთი გადავსებული, ხომ არიან ე.წ. ოქროს ბირჟებზე ოქროს შემოწმების სპეციალისტებიო. კი, იქ არიან, მაგრამ “ზარაფხანას” თავისი სპეციალისტები ჰყავს და მათ რასაც დაავალებენ, იმ კატეგორიის დამღას დასცხებენ ნაკეთობას. მერე წაიღე და ამოწმე, რამდენიც გინდა. რაც დებმა კერვალიშვილებმა მოიგეს, სხვაც იმას მოიგებს. რაც შეეხება ოქროს ხარისხზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველო ერთადერთი ოქროს მომპოვებელი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც ოქროს ხარისხის სახელმწიფო სამსახური არ გააჩნია. ეს სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შედიოდა, ბოლოს დეპარტამენტის სახით და ოქროს სასინჯი დეპარტამენტი ერქვა. 2005 წელს კახა ბენდუქიძემ ამ სამსახურის გაუქმებაც მოახერხა. ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია, მხოლოდ ეს სთხოვა ბენდუქიძეს, – მაგ დეპარტამენტის უფროსი, აკაკი რამიშვილი ჩემი ნათესავია და ეს კაცი დამისაქმეო. ოქროს სასინჯი დეპარტამენტი გაუქმდა და რამიშვილი ჯერ კიდევ სახელმწიფოს კუთვნილი “ეროვნული ზარაფხანის” დირექტორად დანიშნა ბენდუქიძემ.

“ზარაფხანაში” რომ ანალოგიური მაქინაციები ხდება, ეს “ქრონიკას” ჟანა ასანიძემაც დაუდასტურა, დავით ლორთქიფანიძეს კი გაეცინა, როცა ვკითხე, მართლა შესაძლებელია ასეთი რამის გაკეთება “ზარაფხანაში”-მეთქი და მიპასუხა: ვინც მაგას აკეთებს, იმ ხალხს იუველირები ჰქვიათ, მეტს აღარაფერს გეტყვი და ახლა თავად განსაჯე, შეძლებენ თუ არაო.

ბენდუქიძე-ნაყოფიას ტანდემს ჟანა ქარელიძე სხვა რამეშიც სდებს ბრალს. თვალგაფაციცებულ მკითხველს უთუოდ ემახსოვრება, ამ 3 წლის წინათ, სოსო თოფურიძის ავად სახსენებელმა კუდ-მა ერთი რიგიანი საქმე მართლა გააკეთა. “ზარაფხანიდან” დაკარგული ოქროს ქურდები დააკავა და დაკარგული ოქროც ამოიღო. მაშინ თოფურიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 132 კგ. ოქრო ამოვიღეთო. არადა, ქალბატონი ჟანა ქარელიძე ირწმუნება, 132 კი არა, 176 კგ. ოქრო დაიკარგაო. ამ ინფორმაციას მივდიე და აღმოჩნდა, რომ თავის დროზე, საქმე მართლა 176 კგ. ოქროს ქურდობის ფაქტზე იყო აღძრული კუდში. ეს ინფორმაცია, ქურდობიდან მესამე დღეს ოფიციალურადაც გავრცელდა. მაშ, სად გაქრა დაკარგულ და ამოღებულ ოქროს შორის არსებული სხვაობა – “ზარაფხანის” კუთვნილი 44 კილოგრამი ოქრო? ამის გარკვევას, წესით, კიდევ ერთი გამოძიება სჭირდება, თუმცა, “ქრონიკამ” ამ კითხვის პასუხს ისევ “ზარაფხანას” ყოფილ თანამშრომლებში მიაგნო. 44 კილოგრამი ოქრო, დაკარგულის პოვნით გახარებულ კახა ბენდუქიძესა და კობა ნაყოფიას, ვანო მერაბიშვილისთვის უჩუქებიათ. ვანოს კი, ნაჩუქარი ოქროს ნაწილი სოსო თოფურიძისთვის მიუცია პირად საჩუქრად, ნაწილი კი არაოფიციალურ პრემიად კუდ-ის იმ რამდენიმე მაღალჩინოსანს მისცეს, რომლებიც ამ საქმის გამოძიებაში იყვნენ ჩართულნი. რაც ოქრო დარჩა, ვანო მერაბიშვილი ამდგარა და ბავშვთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეუწირავს. ეს ხუმრობით, ცხადია. ისე, გსმენიათ ვანო მერაბიშვილის ქველმოქმედების შესახებ? ვიცი, არც გაგიგონიათ და ახლა, მით უმეტეს, ვერც ვერასდროს გაიგებთ. ეს დარჩენილი ოქრო მერაბიშვილს ახალციხეში ჩაუტანია და დედამისისთვის – ჟენია თუმანიშვილისთვის ჩაუბარებია. ამბობენ, ქალბატონი ჟენია ამ ოქროს მიწაში დამარხვას აპირებდა და ვანოს შეუჩერებია, – შვილი შინაგან საქმეთა მინისტრი გყავს და ოქროს მიწაში მარხავო? მოკლედ, ჩემი შიშით ამ არემარეზე ვერავინ გაჭაჭანდება და ჩემი სახლიდან ოქროს მოპარვას ვინ გაბედავსო, – უთქვამს ვანოს. ახლა სად აქვთ შენახული ის ოქრო, არ ვიცი. შესაძლოა, ჟენია დეიდამ მაინც მიწაში ჩაფლა – ვანო ხომ პოლიციის მინისტრი აღარ არის?!

“ზარაფხანიდან” მარტო ოქრო არ დაკარგულა. მანამდე, სანამ ქარხნის პრივატიზაცია მოხდებოდა, 1 თვით ადრე, ერთ ღამეში 3 ტონა თითბერი გაქრა. ამ რაოდენობის თითბერს 3-4 კაცი ვერ მოიპარავს, მით უფრო, სპეციალური ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილის გარეშე ვერ წაიღებდნენ ქურდები. საინტერესოა, რომ “ზარაფხანის” დაცვამაც ვერაფერი გაიგო. დაცვის ყველა თანამშრომელს, რატომღაც, ერთდროულად ჩაეძინა და მერე, ყველამ, ასევე, ერთდროულად გაიღვიძა, – ასე უწერიათ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში. კი, რაღაცით ჰგავს ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს, მაგრამ ეს ამბავი დიღმის მასივში მოხდა და როგორც ყოფილი “ზარაფხანელები” ამბობენ, ამ “ფილმის” სცენარი კახა ბენდუქიძის კაბინეტში დაიწერა. ქურდობის ფაქტზე საქმე აღიძრა და იმ პოლიციამ, რომელიც ნარკორეალიზატორებს უკანალიდან 00,1 გრამ ნარკოტიკს აძრობს (უფრო ნაკლებსაც), 3 ტონა თითბერის კვალს ვერსად მიაგნო. ისევ “ზარაფხანის” ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს თითბერი, როცა ბენდუქიძის კლანმა ქარხანა იყიდა, კილოგრამობით უკან ჩუმად ბრუნდებოდა და “ზარაფხანის” მაღაზიებში ნაპარავი თითბერისგან დამზადებული ნაკეთობები ძვირადაც იყიდებოდა.

ეს მხოლოდ ნაწილია იმ უბედურებებისა, რასაც ბენდუქიძე-ნაყოფიას კლანი სჩადიოდა “ზარაფხანაში” წლების მანძილზე. კახა ბენდუქიძემ 200 კაცი უმუშევარი დატოვა, ერთ დროს უძლიერესი საწარმო დღეს პატარა საამქროდაა ქცეული. რაც მთავარია, საქართველოს დაუკარგეს “ეროვნული ზარაფხანა”, რომელსაც იმის რეალური პერსპექტივა ჰქონდა, რომ საკუთარი, ქართული ფული, საკუთარ ზარაფხანაში მოეჭრა. მეტიც, სანამ გაიყიდებოდა, მისი მმართველები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ამ ზარაფხანას სხვა ქვეყნების დაკვეთების შესრულებაც შეეძლო და არაერთი ქვეყანა საკუთარ ფულს ქართულ ზარაფხანას დაუკვეთდა. ამით კი ქვეყანა სოლიდურ მოგებას ნახავდა და, ცხადია, რაც დასაქმებული იყო, ორი იმდენი კიდევ დასაქმდებოდა. დღეს კი, საქართველო საკუთარ ვალუტას – ლარს საფრანგეთის ზარაფხანაში ჭრის და ეს ბიუჯეტს სოლიდური თანხები უჯდება.

კახა ბენდუქიძეს სულ ფეხებზე არ ჰკიდია ქვეყნის ბიუჯეტი? მისი ჯიბიდან ხომ არაფერი გადის.

კახა ბენდუქიძე ოფიციალური მილიარდერია, ამის შესახებ რუსულ და სხვა უცხოურ მედიაში არაერთხელ დაწერილა და თქმულა. თავის მილიარდებს საქართველოში კაპიკებად ნაყიდი ქონებით რამდენი შემატა, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუ ამ ქვეყანაში ოდესმე სამართლიანობა აღდგება, მაშინ ამასაც აუცილებლად გავიგებთ. და თუ ეს გავიგეთ, მაშინ ამ ნაყაჩაღარი ქონების უკან, სახელმწიფოსთვის დაბრუნების საკითხიც უნდა დადგეს და ამას ბენდუქიძის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა ჩაებას. თუ ამ ჯაჭვს გავყევით, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც კობა ნაყოფია გადაურჩება. იმედია, ასეც იქნება.

კობა ნაყოფიას არაოფიციალურ მილიარდერად მოიხსენიებენ და ეს არ არის გადაჭარბებული. ეს კაცი სოლიდურ წილებს ფლობდა და ფლობს იმ კომპანიებში, რომელთაც ქართული ოქროს მოპოვება-გადამუშავება-დამზადება, ანუ სრული ციკლი ჩაიგდეს ხელში. უცნობია, ამ სამ კომპანიაში ვის რამდენი წილი ჰქონდა ან აქვს, არც ერთი არ აქვეყნებს დამფუძნებელთა თუ აუქციონერთა სიას. “გოლდ ინვესტი” კი, რომელსაც “ზარაფხანა” აჩუქეს, 2007 წელს ოფშორულ ზონაში გადარეგისტრირდა და სახელიც შეიცვალა, ახლა “კუენტრო პორტფელიო” ჰქვია და ბენდუქიძემ და გენერალოვმა თავიდან მოიშორეს – გაყიდეს. დიახ, როცა ოქროს მომპოვებელ ქვეყანაში წლების მანძილზე ერთადერთი მონოპოლისტი ხარ, 50 პროცენტს ფლობ ოქროს გადამუშავების კომპანიაში და ოქროს ნაკეთობათა ბაზარზეც, “ზარაფხანის” სახით, სრული მონოპოლისტი ხარ, მაშინ ძალზე რეალური და საფუძვლიანია გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნაყოფია “იატაკქვეშა მილიარდერია”. ბოლოს და ბოლოს, კაცი ოქროს ყიდდა და არა კარტოფილს.

 გაზეთი “კვირის ქრონიკა”

სხვა ახალი ამბები: