რადიკალი ქარდავა ცენტრისტ მისაბიშვილს ნოქალაქევში დაუპირისპირდა

0

qardavaნოქალაქევში კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა.  არასამთავრობო ორგანიზაცია ”ქალთა კავშირი -ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისათვის” ლიდერმა ინგა ქარდავამ სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორსა და ამჟამად პარლამენტის წევრს, გურამ მისაბიშვილს თავისი “ნაციონალური” წარსული შეახსენა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

ქარდავას განცხადებით, მისაბიშვილის გუბერნატორობის პერიოდში “ქართული ოცნების” სენაკის მაჟორიტარ კანდიდატს, გურამ ოდიშარიას მისაბიშვილის ბრძანებით ნოქალაქევის ისტორიული ძეგლის ეზოში ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა.

“ეს ის მისაბიშვილია, რომელიც 9 წლის განმავლობაში, სამეგრელოში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებებს ასრულებდა. მისი აქ ყოფნა დღეს ამაზრზენია. მე ის ინგა ქარდავა ვარ, რომლის ზურგზეც გადავიდა “ქართული ოცნების” გამარჯვება სენაკში, რომელსაც ეს ვაჟბატონი, ეს კრიმინალი მისაბიშვილი უშლიდა ხელს”, – განაცხადა ქარდავამ.

მისაბიშვილის განცხადებით კი, ის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია და ქარდავას განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
“ეს არის ერთი ავადმყოფი ადამიანი და მე ავადმყოფებზე კომენტარს არ ვაკეთებ”, – აღნიშნა  მისაბიშვილმა. აქვე აღნიშნა, რომ ის ცენტრისტია და ”ქართულ ოცნებაში” გაერთიანებას არ აპირებს.

“მე ვარ ცენტრისტი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ამ შემთხევაში ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით”, – აცხადებს მისაბიშვილი.

სხვა ახალი ამბები: