რას აპროტესტებს სამეგრელო და ვინ არის ვალერი კვარაცხელია?

0

995443_1395233347360462_2120978106_nსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში “ქართული ოცნების” ე.წ სამხარეო წინასაარჩევნო შტაბს წალენჯიხის მკვიდრი ვალერი კვარაცხელია ჩაიბარებს. როგორც სამეგრელოში ამბობენ ველერი კვარაცხელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის კადრია. კვარაცხელია საგანელიძის თანაპარტიელი და ძველი მეგობარია. ისინი ყოფილი “ახალი მემარჯვენეები” არიან.

კვარაცხელიას კანდიდატურას სამეგრელოში პირველი დღიდანვე აპროტესტებდნენ და მას მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილ ნაციონალსა და “მხედრიონელს”. სწორედ მისი კანდიდატურის წამოტივტივების გამო მარტვილის რაიონში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ფიტულიც დაწვეს. იმავე წესებით ფიტულის დაწვას წალენჯიხაშიც აპირებენ, თუმცა მისი ფიტულის დაწვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დიდად არც შეუწუხებია.

„…დაწვან, რა ვქნა?თუ უნდათ ჩემს პარამეტრებსაც გაუსწორონ-სიმაღლეს,წონას. ეს იმის საქმეა, ვისაც თავში აზრად მოსდის. ადრე რეიგანის ფიტულებს წვავდნენ,კლინტონის, ახლა ობამას ფიტულის დაწვაზე იყო საუბარი, ჩემსას წვავენ ე.ი ძალიან აიწია ჩემმა ამბიციებმა“…განაცხადა საგანელიძემ.

“ქართული ოცნების” მარტვილის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა დავით საგანელიძის მიერ წინასაარჩევნოდ შემოთავაზებულ ახალ ფიგურას უარყოფითად ახასიათებს და ამაში საგანელიძეს ადანაშაულებს;

„საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის პოლიტიკა „ქართული ოცნებისთვის“ დამღუპველია და იმ პოლიტიკით, რომელსაც იგი ახორციელებს „ოცნება“ სამეგრელოში არჩევნებს წააგებს, ხალხი არ შემორჩება, უკვე დაიწყო ვნებათაღელვა. სამეგრელოში ოქტომბრის არჩევნები „ოცნებამ“ ერთადერთი ფოთში მოიგო. ფოთის შემდეგ 42% აიღო მარტვილმა, თუმცა წააგო. საგანელიძემ გადაწყვიტა, რადგან არჩევნებში წავაგეთ, ყველამ ვინც მხარი დაუჭირა გაწიოს გვერდზე და თავისი ხალხი, ყოფილი მხედრიონელები, მემარჯვენეები და „ნაციონალები“ მოიყვანოს. ამის ნათელი მაგალითია, სულ რამდენიმე დღის წინ სამეგრელოს რეგიონში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის ლიდერად ვალერი კვარაცხელია, ყოფილი მხედრიონელი და ოქტომბრის არჩევნებამდე „ნაციონალი“, შევარდნაძის დროინდელი დეპუტატი დანიშნეს”-აღნიშნავს ზურაბ ბიგვავა.

ვალერი კვარაცხელიას საწინააღმდეგო აპლიკაციები გამოჩნდა სოციალურ ქსელ facebook-შიც. მას ძველ დროს უხსენებენ და სოციალურ ქსელში მისი საქმიიანობის ამსახველ ძველ სტატიებს ათავსებენ. საკმაოდ აქტუალურია ასევე მისი ფოტოების კოლაჟი, სადაც კვარაცხელია ცეკვავს, მღერის და თამადობს. მის წარსულ საქმიანობას “ნაციონალურ მოძრაობასთან” და შევარდნაძის მთავრობასთან აიგივებენ. ასევე იხსენებენ მის ახლო ურთიერთობებს ძმებ შარანგიებთან.

“რას აპროტესეტებს სამეგრელო? კერძოდ წალენჯიხა? 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღამეს “ბლოკის” მჭრელები, მეპურეები და თხილის შემგროვებლები ზაალ ღურწკაიას დავალებით გამგეობის წინ გულშემატკივრობდნენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და მის კანდიდატ ლევან ქარდავას. ამასთანავე შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდის ათი დღით ადრე, ქართული ოცნების კარდაკარის პროგრამის გამოკითხვების მიხედვით, დღეს ადგილობრივი შტაბის უფროსად მოაზრებული ერთ-ერთი კანდიდატი და მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ გარკვეულნი თუ ვის მისცემდნენ ხმას. ამსთან დაკავშირებით, ამავე გვერდზე ცალკე იხილეთ ქართული ოცნების გამოკითხვის შედეგები”-ნათქვამია სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პუბლიკაციაში.

 

სხვა ახალი ამბები: