რატომ მოუხსნა სოციალური დახმარება წალენჯიხის სოციალურმა სააგენტომ 103 წლის ქალბატონს?

0

imagesწალენჯიხის რაიონში, მაზანდარას დასახლებაში ჩასახლებულ 103 წლის დევნილ ქალბატონს ბაბუცა გოგუას ადგილობრივმა სოციალურმა სააგენტომ დახმარება შეუჩერა.  როგორც ბაბუცა გოგუას ნათესავმა ფატიმა ყალიჩავამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში განაცხადა, წალენჯიხის სოციალური სააგენტოს თანამშრომელმა ინგა სარიამ ბენეფიციარს ხელი 16 ოქტომბერს ძალის გამოყენებით მოაწერინა.

”ინგა სარია, რომელიც ცხრა წელია სოციალურ სააგენტოში მუშაობს, მოვიდა სახლში დეიდაჩემთან და ისეთ საბუთებზე მოაწერინა ძალით ხელი, რომელსაც თვითონ არ გასცნობია ეს ქალი. ამის შემდეგ, ანუ ამ სოციალური აგენტის ვიზიტის შემდეგ, დეიდაჩემს სოციალური დახმარება შეუჩერდა. სახლი იცით როგორი აქვს, მალე ალბათ თავზე დაეცემა, არ აქვს არც მიწის ნაკვეთი და არც  შემოსავლის არანაირი წყარო. ისევ გრძელდება ის უკანონობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ცხრა წლის განმავლობაში”-აცხადებს ფატიმა ყალიჩავა.

წალენჯიხის სოციალური სააგენტოს თანამშრომელი ინგა სარია ფატიმა ყალიჩავას ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ სოციალური დახმარება 103 წლის ბაბუცა გოგუას საკუთარი განცხადების საფუძველზე შეუჩერდა. გარდა ამისა სარია ამტკიცებს, რომ ბენეფიციარისთვის დოკუმენტაციაზე ხელის მოწერისას მას არანაირი ძალა არ გამოუყენებია.

”103 წლის ქალბატონმა ბაბუცა გოგუამ სოციალურ სააგენტოში განცხადებით მოგვმართა, რომ ის იმატებდა ოჯახის სამ წევრს. კანონის მიხედვით ასეთ შემთხვევაში ჩერდება პროცესი და ამ ოჯახში ხელახლა იწყება აღწერა. სწორედ ამ შემთხვევასთან გვქონდა ადგილი. ამის შემდეგ მე ორჯერ ვიყავი მისული ამ ქალბატონთან სახლში, თუმცა ოჯახის ახალი წევრები, რომლებზეც მან განაცხადი შემოიტანა არც ერთხელ ადგილზე არ დამხვედრია. რაც შეეხება მეორე ბრალდებას, თითქოს მე ბაბუცა გოგუას ხელი ძალის გამოყენებით მოვაწერინე დოკუმენტზე, ეს არის აბსურდი. მე უბრალოდ ვუთხარი შენი ხელმოწერაა საჭირო მეთქი, მან კი მიპასუხა წერა არ ვიცი და ვერ მოვაწერ ხელს, ჩემს მაგივრად შენ მოაწერეო. მე რა თქმა უნდა ამაზე არ დავთანხმდი და მას დავეხმარე იმაში რომ ხელი მოეწერა უბრალოდ საბუთებზე. ხელის მტევანზე მოვკიდე ხელი და ეგ იყო.”-აცხადებს ინგა სარია.

ბაბუცა გოგუას ნათესავები ფიქრობენ, რომ მოხუც ქალბატონს სოციალური დახმარება სწორედ ინგა სარიას ინიციატივით მოუხსნეს. ფატიმა ყალიჩავას განცხადებით ის თავად მივიდა წალენჯიხის სოციალურ სააგენტოში აღნიშნული ამბების გასარკვევად, თუმცა სოციალურმა აგენტმა ინგა სარიამ ის უხეშად გაისტუმრა.

”ვიყავი მისული სოციალურ სააგენტოში, როგორც სააგენტოს უფროსთან ასევე თავად ინგა სარიასთანაც და იცით პპასუხად რა მივიღე? ჩემი ნებაა, აქ მე ვარ უფროსი და ჩემი გადასაწყვეტია რას როგორ ვიზამო”-აცხადებს ფატიმა ყალიჩავა.

სოციალური სააგენტოს თანამშრომელი ამ ბრალდებასაც უარყოფს და აცხადებს, რომ ეს ისევ და ისევ ბაბუცა გოგუას ნათესავის მოგონილია მისი დისკრედიტაციის მიზნით.

”ესეც ტყუილია. აქ მართლაც იყო მოსული ის ქალბატონი და მეუბნებოდა მაინცდამაინც შენ რატომ მოხვედიო დეიდაჩემთან სახლში, როცა სხვა სოციალური აგენტი უნდა მოსულიყოო. მე ვუპასუხე, რომ მე ვარ სოციალური აგენტების უშუალო ხელმძღვანელი ამ სააგენტოში და ჩემი გადასაწყვეტია ვის გაუშვებ ბენეფიციართან და ვის არა მეთქი. ეს კი პირიქით, სათავისოდ შემოაბრუნეს”-აცხადებს ინგა სარია.

სოციალურად დაუცველ ბაბუცა გოგუას ნათესავებსა და წალენჯიხის სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს შორის ჯერ ისევ გაურკვევლობაა, ამ ფონზე მათ შორის დაპირისპირება უფრო ღრმავდება. თავად ბაბუცა სარია კი ისევ სიღარიბეს ებრძვის და მისი პრობლემები მოუგვარებელია.

სხვა ახალი ამბები: