რა მოხდა ბუდაპეშტში? – ახალი სკანდალი თუ მიზანმიმართული ჭორი?!

0

11060049_393052554199992_292896822654779377_n“ზუგდიდის გამგეობისა და მერიის თანამშრომლები ბუდაპეშტში კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს დათა ახალაიას შეხვდნენ” – აღნიშნული ამონარიდი ერთ-ერთი ინტერნეტ გამოცემის მიერ გავრცელებული მასალიდან,რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ოფიციალური ინფორმაციით კი ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების დელეგაცია ბუდაპეშტში ტრენინგებზე იმყოფებოდა. სახელისუფლებო დელეგაციას ონლაინ გამოცემა Livepress.ge-ს მთავარი რედაქტორი ახლდა თან, რომელიც ადგილობრივ მედიასაშუალებებს შორის ერთადერთი აღმოჩნდა. რაც შეეხება მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრას ყოფილი კუდის ხელმძღვანელთან დათა ახალაიასთან, არცერთი წყარო არ ადასტურებს.

11096723_393053034199944_555704827746009203_n10403460_393052820866632_3822577304948477666_n“ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის აბსოლუტური ტყუილი და სიცრუეზე აგებული ინფორმაცია. მე თავად ვიმყოფებოდი დელეგაციაში. ჩვენ დელეგაციას თან ახლდა ჟურნალისტი გერონტი ყალიჩავა, მან დააფიქსირა და გადაიღო ახალაია, ჩვენც მერე ვნახეთ ეს ვიდეო რომ გაავრცელა, მაგრამ მასთან შეხვედრას და რამე მსგავს ადგილი არ ჰქონია და ეს არის აბსურდი”, – აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნატა პაპასკირი.

ახალაიასთან შეხვედრას სიცურეს უწოდებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გუგა ლაგვილავა, რომელიც ასევე ბუდაპეშტში დელეგაციის წევრებს ახლდა თან.

არანაირ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია, არავინ არავის არ შეხვედრია. ამ ადამიანმა შემთხვევით გაიარა და ეს დააფიქსირა ჩვენთან მყოფმა Livepress.ge-ს ჟურნალისტმა გერონტი ყალიჩავამ. მე ვთვლი, რომ გამოცემას, რომელსაც პრეტენზია აქვს სერიოზულობაზე, არ ეკადრება ასეთი გადაუმოწმებელი და ჭორზე დაფუძნებული ინფორმაციის ტირაჟირება. ეს არის სისულელე, უსინდისო ტყუილი”, – აცხადებს გუგა ლაგვილავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სააგენტო Timer-ის პასუხისმგებელ რედაქტორს ეკატერინე წივწივაძესაც ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია სააგენტოზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე. წივწივაძის განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია ზუგდიდიდან რეგიონალურმა კორესპონდენტმა მიაწოდა, თუმცა სააგენტოს რედაქტორი მის სახელს და გვარს ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს. წივწივაძის განცხადებით რედაქციას ახალაისთან შეხვედრის დამადასტურებელი ფოტომასალა არ გააჩნია, თუმცა ზუგდიდელი კორესპოდენტი დაპირდა რომ ფოტოსაც მოგვიანებით გამოუგზავნის.

“ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო რედაქციაში არ გვაქვს, თუმცა ჩვენმა რეგიონალურმა ჟურნალისტმა ნახა ეს ფოტო”-აცხადებს წივწივაძე და აქვე დასძენს, რომ საპასუხო კომენტარებზე  “ინკოგნიტო” ჟურნალისტი ადრესატებს (თენგიზ ქობალიასა და იდა ქვარაიას) ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა, რათა მათი კომენტარებიც ჩაეწერა, თუმცა თენგიზ ქობალიამ და იდა ქვარაიამ უცხო ზარებს არ უპასუხეს.

თენგიზ ქობალია და იდა ქვარაია კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ ვინმე დაუკავშირდა. სიცრუეს უწოდებენ მათ მიმართ გავრცელებულ ინფორმაციასაც.

“სიცრუეა და ამ სიცრუეზე კომენტარის გაკეთებაც სირცხვილია. მწარედ იტყუებიან, როდესაც ამბობენ რომ მათ ფოტომასალა გააჩნიათ. ეს უკვე ჭორიც აღარ არის, ეს ახალია რაღაც, რასაც სახელი ჯერ არ აქვს”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ ქობალია.

ბუდაპეშტში მყოფი დელეგაციის ათივე წევრი smo.ge-სთან საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს. ისინი აქვე დასძენენ, რომ აღნიშნული ჭორი სწორედ იმ პირების მიერ იყო ჩაგდებული, რომლებიც ხელისუფლების დისკრედიტაციას აღნიშნული ხერხებით ახდენენ.