რა ურჩია თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგეობას და რა პასუხი გასცა მას თავად გამგეობამ

0

DSC01098“ერთი მილიონის ღირებულების მანქანები გყავთ თქვენ და საკრებულოს. ჩამობრძანდით ამ მანქანებიდან, გაყიდეთ ეს მანქანები. არ გჭირდება ჩემო გიზო, არ გჭირდება ჩემო გოგა. გამგეობას უნდა ყავდეს მხოლოდ ორი მორიგე მანქანა”-ამ სიტყვებით ზუგდიდის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებს მიმართა.

ჯგუშიამ ზუგდიდის გამგეობას 12 ძვირადღირებული მანქანის ყოლა უკანონო ფლანგვად შეუფასა და უფრო მეტიც, ხალხის ჯიბიდან სახსრების მოპარვადაც მონათლა. ყოფილ დეპუტატს გამგეობის “პრადოებთან” ერთად არც საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან კონჯარიას “პრადო” დავიწყებია, თუმცა თავის გამოსვლაში ისიც აღნიშნა, რომ ეს “პრადოები” არა ახალი ხელისუფალის, არამედ მისი წინამორბედის მიერ შეძენილი ფუფუნებაა.

“სააკაშვილი თავისი აქტივისტების მოსაქრთამად და მოსასყიდად კვებავდა მათ მმართველობითი უზარმაზარი ხარჯებით. და რომ “ნაციონალები” იჯდნენ 45 ათას დოლარიან მანქანებზე და იმავე მანქანებში გადაბრძანდით თქვენ”-განაცხადა შეხვედრაზე თენგიზ ჯგუშიამ

ამ განცხადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ედიშერ თოლორაიას მყისიერი პასუხი მოჰყვა.

“რაც შეეხება ავტომანქანებს მინდა გითხრათ, რომ ეს მანქანები ჩვენ წინა ხელისუფლებისგან გადმოგვეცა და ის ნამდვილად ჩვენ არ შეგვიძენია. წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა ასევე კომფორტული ოფისიც. და ახლა რა ვქნათ? ჩვენ რამე დავაშავეთ? ან არის აქ რამე ჩვენგან რამე დარღვეული? მოვა დრო როცა მეც წავალ აქიდან და ამ მანქანებით ის ისარგებლებს ვინც ჩემს მერე დაიკავებს ამ თანამდებობას.”-განაცხადა ედიშერ თოლორაიამ.

შევარდნაძის ხელისუფლებიდან სამოქალაქო სექტორში გადმონაცლებულმა ყოფილმა დეპუტატმა ახალ ხელისუფალთ ქველმოქმედებისკენ მოუწოდა და ამასთანავე მაღალი ხელფასების ხალხისთვის გაყოფაც ურჩია. გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ კი თენგიზ ჯგუშიას მსგავსი პრეცედენტი შეახსენა, როცა გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანია თავისი პირველი ხელფასით უმწეო ოჯახებს დაეხმარა, მომდევნო თვეების ხელფასის ნახევარი კი ისევ უმწეოებს გაუყო.

თენგიზ ჯგუშიამ ეს პრეცენდენტი უკომენტაროდ დატოვა, თუმცა დამსწრე საზოგადოებამ ამის პასუხად მისი მისამართით სხვადასხვა სახის რეპლიკები წარმოთქვა. “თქვენ რას აკეთებდით მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყავით? თუ ახსოვს თქვენგან ვინმეს თუნდაც თქვენი ხელფასის არათუ ნახევარი არამედ მერვედიც კი? როცა მაჟორიტარი იყავით ორი და სამი მანქანა გემსახურებოდათ და ზუგდიდელები მხოლოდ წინასაარჩევნოდ თუ გიხილავდათ, როცა ისევ ხმები გჭირდებოდათ. თქვენ დემაგოგი ხართ!’-ასეთი შეძახილებითა და რეპლიკებით მიმართავდნენ ყოფილ დეპუტატს, რომელმაც შეხვედრა სხვა მონაწილეებთან ერთად დატოვა და საკუთარ “პრადოში” ყველაზე ბოლოს ჩაჯდა.

 

სხვა ახალი ამბები: