რეკომენდაციები ავადმყოფობის დროს – ვის უნდა მიმართოთ და რა თანხის გადახდა მოგიწევთ?

0

10602685_709883142380272_781260864_nცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითოეულ ჩვენგანს სჭირდება სამედიცინო დახმარება, შესაბამისად, აუცილებელი ხდება კონტაქტი სამედიცინო დაწესებულებასთან, სამედიცინო პერსონალთან. 

პაციენტს, უხშირესად, არ აქვს ნათელი წარმოდგენა იმაზე, ვის, სად უნდა მიმართოს ავად გახდომისას, რა ღირს მისი ავადმყოფობის დიაგნოსტიკა თუ მკურნალობა; სრულად დააფინანსებს მის საჭიროებებს სახელმწიფო თუ მას ე.წ. „თანაგადახდა“ მოუწევს? თუ თანაგადახდაა საჭირო, რამდენს გაიღებს სახელმწიფო და რამდენის გაღება მოუხდება თავად მას? ამ კითხვებზე პასუხის მოძიება ხშირად საკმარისად დიდ დროს ართმევს პაციენტს და/ან მის ახლობლებს და, უფრო მეტიც, ზოგჯერ სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართვის დაგვიანების მიზეზი ხდება. 
არა და, სადღეისოდ ქვეყანაში უკვე მოქმედებს სისტემა, რომელიც ნებისმიერი მოქალაქისთვის უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას. ეს ეხება როგორც ფინანსურ ხელმისაწვდომობას, საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის სახით, აგრეთვე – ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, საოჯახო მედიცინის ცენტრებისა და მათთან დაკავშირებული სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებების (საავადმყოფოების) სახით. ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანწილად იძლევა მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების (ვის და სად მივმართო? რამდენის გადახდა მომიწევს?) სწრაფად მოგვარების შესაძლებლობას, ანუ ჯანდაცვის სფეროში მოქალაქეთა ე.წ. „სოციალური უფლებების“ რეალიზაციის გარანტიას. ამ უკანასკნელის განხორციელების გზაზე, სამწუხაროდ, მთლიანად საზოგადოებისა და ცალკეული მოქალაქისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება საკუთარი უფლებებისა და ამ უფლებების განხორციელების გზების შესახებ ინფორმირებულობის დაბალი დონე, ზოგჯერ კი სრული არარსებობა.

კიდევ ერთი სირთულე, რომელსაც პაციენტი წააწყდება ხოლმე (ამჯერად უკვე სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრისას) არის მისი ე.წ. „ინდივიდუალური უფლებების“ დაცვის პრობლემა, რომლის არსიც შემდეგია:
აცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რა ავადმყოფობა მაქვს? საფრთხეშია ჩემი სიცოცხლე? შევძლებ შრომითი საქმიანობის გაგრძელებას? შემეძლება დამოუკიდებლად თავის მოვლა, თუ სხვის მოსავლელი გავხდები? რა გამოსავალი არსებობს? და სხვ.);
2. მიიღოს სრული ინფორმაცია განზრახული სამედიცინო ჩარევის შესახებ (რატომ უნდა ჩამიტარდეს ესა თუ ის სადიაგნოზო ან სამკურნალო ჩარევა? შემაწუხებელი/მტკივნეული იქნება? რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ ჩარევას? ხომ არ არსებობს რაიმე სხვა, უკეთესი მეთოდი ან ამ დაწესებულებაში, ან სადმე სხვაგან? და სხვ.).
3. თავად მიიღოს გადაწყვეტილება (განაცხადოს თანხმობა ან უარი) ჩარევის ჩატარებაზე; ამასთან, გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად მიაწოდებენ ზემოთ მოხსენიებულ ინფორმაციას (ამ უკანასკნელის მოცულობა მხოლოდ მითითებულით არ ამოიწურება);
4. დაცული იქნეს „საექიმო საიდუმლო“ (ინფორმაციის კონფიდენციალურობა), აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი. ერთი მხრივ, ეს ნიშნავს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ სამედიცინო მომსახურებაში ჩართული პირებისათვის გაზიარებას, ხოლო, მეორე მხრივ იმ პირებისათვის მიწოდებას, , რომელთა ვინაობასაც პაციენტი მიუთითებს (ოჯახის წევრი, მეურვე, მეგობარი და სხვ.). იგივე ეხება პაციენტისთვის რაიმე ჩარევის ჩატარებისას სხვა პირთა დასწრებას.
გასაგებია, რომ ინდივიდუალური უფლებების დაცვა გულისხმობს პაციენტის ღირსების დაცვას, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის პროცესში მის მონაწილეობას, რაც, როგორც უკვე იყო აღნიშნული, კანონმდებლობით დადგენილი უფლებაა თითოეული მოქალაქისა.

ინდივიდუალური უფლებების შესახებ ინფორმირებულობის დონეც უაღრესად დაბალია ჩვენს საზოგადოებაში.

რა გამოსავალს სთავაზობს პაციენტებს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი?
სახელმწიფო – შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: მოქმედებს ცხელი ხაზი (ტელ. 1505); თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საჭირო სამედიცინო დახმარების პირობების შესახებ (სად? როგორ? რა ღირს? ვინ უნდა გადაიხადოს?).
არასამთავრობო სექტორი – საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება (პროექტი „პაციენტის ცხელი ხაზი“, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით):
• მოქმედებს პაციენტის ცხელი ხაზი – 2–103–003, ზარი უფასოა;
• ვებგვერდი – www.patientsright.ge
 • ფეისბუქი – www.facebook.com/patientsrights
მოხსენიებულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ მეყსეულად მიიღოთ:
 ა) თქვენთვის საჭირო სრული ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ;
 ბ) ამომწურავი რჩევები თქვენი ჯანმრთელობისა და თქვენთვის საჭირო სამედიცინო დახმარების კონკრეტული პრობლემების მოგვარების თაობაზე;
 გ) დახმარება თქვენი დარღვეული უფლებების აღსადგენად (პაციენტის უფლებების ექსპერტის და იურისტის დახმარებით).

საზოგადოებას პაციენტის ცხელი ხაზით უკვე მომართა 1600–ზე მეტმა მოქალაქემ, ფეისბუქით გამოეხმაურა 7700–ზე მეტი მოქალაქე. მკითხველისთვის, შესაძლოა, საინტერესო იქნეს პროექტის ფარგლებში პაციენტებისთვის გაწეული დახმარების კონკრეტული მაგალითები. ქვემოთ რამდენიმე არის მოყვანილი:
• რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს თბილისის ერთ–ერთი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში უნდოდა დარეგისტრირება და შემდგომში ამ დაწესებულების სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა. უარი მიიღო. პროექტის ცხელი ხაზის ოპერატორის ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა, პაციენტის კანონიერი სურვილი დაკმაყოფილდა;

• პენსიონერმა ერთ–ერთ სახელმწიფო დაწესებულებას მიმართა მისთვის საჭირო მედიკამენტების საფასურის გამოყოფის თხოვნით. სამი თვის შემდეგ ჯერაც არ ჰქონდა პასუხი მიღებული. პროექტის დახმარებით მოხერხდა საგარანტიო წერილის მიღება;
• პაციენტმა მისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ნაწილი თვითონ გადაიხადა. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია დაპირდა, როგორც კი დაზღვევიდან შესაბამის თანხას მიიღებდნენ, მის მიერ გადახდილ თანხას მისივე პირად ანგარიშზე ჩაურიცხავდნენ. დაპირება არ შესრულდა – გადახდილი თანხა პაციენტს არ დაუბრუნდა. პაციენტს დეტალურად განემარტა მისი უფლებები. დავუკავშირდით თავად სამედიცინო დაწესებულების ფინანსურ მენეჯერსაც, რომელსაც უკვე ინფორმირებულმა და თავის სიმართლეში დარწმუნებულმა პაციენტმაც მიმართა. საბოლოოდ მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
• მოქალაქე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც დაყოვნების პერიოდი ერთ დღეს შეადგენდა. მოქალაქე სოციალურად დაუცველია და საავადმყოფოში წარადგინეს შესაბამისი პოლისი. მოგვიანებით პაციენტს სახლში მიუვიდა შეტყობინება, რომ თუ საავადმყოფოს ვალს (საავადმყოფოში გაწეული მომსახურების ხარჯებს) არ დაფარავდნენ, კლინიკა მიმართავდა სასამართლოს. ცხელი ხაზის ჩარევის შემდეგ, შესაბამისმა მზღვეველმა დავალიანება დაფარა და მოქალაქეს თანხის გადახდა აღარ მოუწევს.
ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება. ისეთი შემთხვევებიც არის, როცა პაციენტის მოთხოვნა უსაფუძვლოა, მაგრამ სჭარბობს სიტუაციები, როდესაც პაციენტი, საკუთარი უფლებების არცოდნის გამო, ვერ ახერხებს მათ დაცვას. პროექტის მიზანიც სწორედ ასეთი პაციენტებისთვის დახმარების გაწევაა.
ისარგებლეთ ამ შესაძლებლობებით! მიიღეთ თქვენთვის საჭირო და სასურველი ინფორმაცია. იმოქმედეთ პრინციპით: იცოდე! მოითხოვე! მიიღე!
გიორგი ხუხია

სხვა ახალი ამბები: