რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ფირცხალავას ვიდეომასალა დამონტაჟებული აღმოჩნდა

0
img_intro_news_bigბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პოლიციელის ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებული აღმოჩნდა. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტიზაზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერი მონტაჟის საშუალებით არის მიღებული და ასლია ის თუ ჩანაწერის ორიგინალი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ექსპერტიზის საშუალებით შეუძლებელია.
„ წარმოდგენილი ვიდეომასალა იწყება, გრძელდება და მთავრდება არალოგიკურად. გარდა ამისა, ვიდეოგრამის გამოკვლევისას რიგ ადგილებში ფიქსირდება მცირეხნიანი ხარვეზები, შეყოვნებები, კადრის, გამოსახულების გაუმართლებელი ცვლილება, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია”- აღნიშნულია დასკვნაში.
მასში ასევე ნათქვამია, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი პირების მაჯის საათებზე აღბეჭდილი დროის დაფიქსირება ბუნდოვანების გამო შეუძლებელია. მხოლოდ ერთი პიროვნების საათზეა დაფიქსირებული სავარაუდო დრო – 02:17 – 02:25 საათი. ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, ემთხვევა თუ არა ვიდეგრამის მიმდინარეობა მაჯის საათზე დაფიქსირებულ დროს.
მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პოლიციელმა ირაკლი ფირცხალავამ გაავრცლა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების დაკავების დეტალებია აღბეჭდილი. ფირცხალავა აცხადებს, რომ ეს კადრები დაუმონტაჟებელია და უწყვეტად არის გადაღებული, რითაც მტკიცდება, რომ შსს–ს იმდროინდელ პრეს–სამსახურს ფალსიფიცირებული კადრების გადაღება არ დაუგეგმავს.

სხვა ახალი ამბები: