“რუსთავი2”-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია სკოლის ყოფილი დირექტორის ბრალდებებს პასუხობს

0

emaსამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ვებ გვერდზე ჯგალის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოსა და სიცრუეს უწოდებს. გოგოხიას განცხადებით ის პირადად იცნობს დალი კვარაცხელიას და მასთან თავისი პროფესიიდან გამომდინარე  ახლო ურთიერთობებიც ჰქონია, თუმცა რუსულ პასპორტებთან და ტანკთან დაკავშირებით მისი ჩაწერა არასოდეს უცდია.

“ეს არის სისულელე, რასაც დალი კვარაცხელია თქვენთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს. რატომ უნდა დაეძალებინათ რუს სამხედროებს ჯგალში მცხოვრები ქალბატონისთვის რუსული პასპორტის აღება? ან ჯგალში რა უნდოდათ რუს ოკუპანტებს? სად არის აქ ლოგიკა. ეს ამ ქალბატონის მიერ მოგონილი ბრალდებებია, თუმცა იმას ვერ ვხვდები მე რატომ გამრია  ამ საქმეში. წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმძღვანელს რატომ უნდა დაერეკა დირექტორისთვის, რომ ჩემთვის ინტერვიუ მოეცა? სასაცილოა ეს ყველაფერი. მე არ ვიცი ამ ქალს ვისი ინტერესი კლავს და რა ბოღმა ახრჩობს, მაგრამ მე ნუ შემეხება”-აცხადებს ემა გოგოხია.

მიუხედავად იმისა, რომ ემა გოგოხია დალი კვარაცხელიას მიერ წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ის არ აპირებს სასამართლოში ჩივილს. ამის შესახებ თავად ემა გოგოხიამ smo.ge-სთან საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლის ყოფილმა დირექტორმა დალი კვარაცხელიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინტერვიუ მისცა. მან წალენჯიხის რესურსცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი რუსუდან სამუშია და რუსთავი2-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.

“მირეკავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან სამუშია და მეუბნება შენთან ახლა მოვა ერთ-ერთი ცენტრალური არხის კორესპონდენტი, უნდა ჩაგწეროს რაღაც თემაზე და ყველაფერი გაუკეთე რასაც გეტყვისო. მე რათქმაუნდა დაველოდე მის მოსვლას და დიდი ხნის შემდეგ მოვიდა “რუსთავი2″-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია. ეს იყო 2008 წლის სექტემბერი. მითხრა ინტერვიუ უნდა ჩავწერო რუს  ოკუპანტებთან დაკავშირებითო. მე დავთანხმდი, მითუმეტეს რომ დირექტივა მქონდა მიღებული “ზემოდან”. გოგოხიას ჩემი ზოგადი პასუხები არ მოეწონა და მითხრა, არა ასე არ მინდა, შენ უნდა თქვა, რომ სახლში რუსები ტანკით შემოგეჭრნენ და რუსული პასპორტის აღებას გაძალებდნენო. როცა შენ არ დათანხმდი ამას, თითქოს სახლ-კარი დაგირბიესო. გავგიჟდი ეს რომ მითხრა. როგორ გეკადრებათ ასეთ სიცრუეს მე ვერ ვიტყვი მეთქი. ჟურნალისტი ამაზე გაბრაზდა და დატოვა იქაურობა. ცოტახანში მირეკავს ისევ სამუშია და მეუბნება, რა მოხდა, ემა რატომ აწყენინეო. მე ყველაფერი ავუხსენი, რის შემდეგაც მან ტელეფონი გამითიშა. თუმცა მან მანამდე იმის თქმა მოასწრო, რომ ეს სხვისი დავალება იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს დავალება ზაალ ღურწკაიამ და სამუშიამ გადაინაწილეს, თუმცა ჩემგან ემა გოგოხიამ სასურველი ინტერვიუ ვერ მიიღო. აი ასეთი პარტიული დავალებები ბევრი იყო,”-განაცხადა smo.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში დალი კვარაცხელიამ.

სხვა ახალი ამბები: