რუხში მრავალპროფილური საავადმყოფოს მშენებლობა მინისტრებმა მოინახულეს (ვიდეო)

0

zugdidis mshenebare saavadmyofoხელმისაწვდომი ფასები და მრავალპროფილური მომსახურება – მთავრობის წევრების განცხადებით, სწორედ ამ სერვისით იქნება გამორჩეული ახალი საავადმყოფო, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში შენდება.

მშენებლობა, რომელსაც საფუძველი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამი თვის წინ ჩაუყარა, დღეს ინფრასტრუქტურისა  და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს. დავით შავლიაშვილის განცხადებით, ობიექტის მშენებლობა დაახლოებით 2 წელში დასრულდება.

ჯანდაცვის სამინისტროში კი იმ მრავალპროფილურ მომსახურებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე საუბრობენ, რომელსაც საავადმყოფო პაციენტებს შესთავაზებს. ამასთან, ჰოსპიტალი აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოემსახურება.

ცნობისთვის,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე ობიექტისგან შედეგება: ძირითად სტაციონარულ კორპუსში 7 ბლოკი შედის, ცალკეა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები, ცალკე – საგენერატორო და საქვაბე ნაგებობები. ამ ბლოკებიდან ნაწილი 5, ნაწილი კი – 2-სართულიანი იქნება.

კლინიკის ტერიტორიაზე, მოეწყობა, ასევე, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.  რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. აქვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.

სამუშაოები წარმოებს სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით. მშენებლობაზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის – ადგილობრივი მცხოვრებლები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.

საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა 41 მილიონ 264 ათასი ლარი ჯდება და მისი დასრულება 30 თვეში იგეგმება. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. მშენებლობას შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” განახორციელებს.

სხვა ახალი ამბები: