საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ დაათვალიერა (ვიდეო)

0

qvaraia ruxshiქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქავარაიამ დღეს რუხში საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის დაათვალიერა. ის ასევე გაესაუბრა მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს და გაეცნო მშენებლობის ტემპებს. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით საუნივერსიტეტო კლინიკა 2016 წლის ბოლოს გაიხსნება, თუმცა მანამდე კლინიკის მშენებლობაზე ასობით ადამიანი დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე 220-ადგილიანი მრავალპროფილიანი კომპლექსი რამდენიმე ობიექტისგან შედეგება: ძირითად სტაციონარულ კორპუსში 7 ბლოკი შედის, ცალკეა პათოლოგ-ანატომიის, კვებისა და ცენტრალური სამრეცხაო-სასტერილიზაციო კორპუსები, ცალკე – საგენერატორო და საქვაბე ნაგებობები. ამ ბლოკებიდან ნაწილი 5, ნაწილი კი – 2-სართულიანი იქნება.

კლინიკის ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე, აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სადაც სამედიცინო პროფილის სტუდენტები და რეზიდენტები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.  რეზიდენტების, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის დაგეგმილია საერთო საცხოვრებლის მშენებლობა. აქვე მოეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომები, შიდა სავალი გზები, წყლის აუზები და სკვერები.

სამუშაოები წარმოებს სამშენებლო უსაფრთხოების წესების, გარემოსდაცვითი და სეისმური მოთხოვნების სრული დაცვით. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 150 ადამიანია დასაქმებული მათ შორის – ადგილობრივი მცხოვრებლები. მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით, 600-მდე ადამიანი იმუშავებს.