სააქციო საზოგადოების დირექტორი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს?!

0

zurab-xaburdzaniaსაზოგადოებრივი მოძრაობა ”საქართველოს არწივის” სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელმა ინგა ქარდავამ დღეს სენაკის ოფისში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მან წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ხაბურძანია ამავდროულად სააქციო საზოგადოება ”ლაზიკას” გენერალური დირექტორია. ინგა ქარდავა აცხადებს, რომ ეს არის თანამდებობრივი შეუთავსებლობა და კანონის უხეში დარღვევა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი სამაგრელოს რეგიონში მოითხოვს დაუყონებლივ იქნას თანამდებობიდან გადაყენებული სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე და კანონის ძალით დაისაჯოს. ასევე ქარდავა მოითხოვს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დანიშნული გამგებლის, გოჩა დგებუაძის გადადგომასაც.

”ეს ადამიანი წლების მანძილზე მალავდა, რომ განაგებდა სააქციო საზოგადოებას, რომლის დირექტორადაც დღემდე რჩება. ამიტომაც, მოვითხოვთ გატარდეს შესაბამისი ზომები, რომ მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე კანონის შესაბამისად დაისაჯოს. აუცილებლად უნდა გაბათილდეს მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და მათ შორის სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას გათავისუფლებაც. არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე არც ხაბურძანიას მიერ დანიშნული გამგებელი გოჩა დგებუაძე და მანაც დაუყონებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა” აცხადებს ინგა ქარდავა.

საგანგებო პრესკონფერენციაზე ასევე გამჟღავნდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც სააქციო საზოგადოება ”ლაზიკას” მის პარტნიორ კომპანიებთან ერთად წლების წინ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან კრედიტის სახით აქვთ აღებული თანხა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უკან არ დაუბრუნებიათ. ქარდავას განცხადებით ეს არის წმინდა წყლის კრიმინალი, რომელიც დაუყონებლივ უნდა იქნას გამოძიებული და სათანადოდ შესწავლილი.

”აღნიშნული კრედიტი ”ლაზიკამ”, ”ონიქსმა” და ”თერმექსმა” გამოიტანეს დაახლოებით ათი წლის წინ, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში. მაშინაც მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე მაღალ თანამდებობებს იკავებდა ადგილობრივ თვითმმართველობაში. ეს კრედიტი მათ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის უკან არ დაუბრუნებიათ. გამომდინარე აქედან, მე მოვითხოვ აღნიშნული საკითხი შეისწავლოს ფინანსურმა პოლიციამ”-აცხადებს ინგა ქარდავა.

სხვა ახალი ამბები: