საზოგადოებრივ მაუწყებელში რებრენდინგი იგეგმება

0
1arxiახლო მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებლის რებრენდინგი განხორციელდება და ერთდროულად რამდენიმე ახალი პროექტი დაიწყება. ამის შესახებ თანამდებობაზე აღდგენილმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
გიორგი ბარათაშვილმა თანამშრომლებს ის პროცედურები გააცნო, რომლის გავლის შემდეგ იგი გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინეს, ასევე დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
როგორც ბარათაშვილმა განმარტა, უახლოეს მომავალში დაიწყება ერთდროულად რამდენიმე თოქშოუ, მათ შორის – სოციალურები. გარდა ამისა, ჟურნალისტებთან საუბრისას გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა და ამ მიმართულებით განიხილება რამდენიმე ადამიანი. ბარათაშვილმა მათი ვინაობა ჯერ–ჯერობით არ დაასახელა.
თანამდებობაზე გიორგი ბარათაშვილის დაუყოვნებლივ აღდგენასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, რის შემდეგაც იგი აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა და შესაბამისი პროცედურების მიხედვით, აღსრულების ბიურომ კანონიერ ძალაში შეიყვანა გიორგი ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება.
ბარათაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება ბორდის წევრებმა გაასაჩივრონ, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, ხელახალი პროცედურების წამოწყების შემთხვევაშიც მათ დასრულებამდე ის უკვე სრულიად კანონიერად იკავებს პოსტს და რჩება გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

სხვა ახალი ამბები: