საიდუმლო შეხვედრა გალში: წინასაოლიმპიადო კონტროლი მომავალი კვირიდან მკაცრდება

0

rusiiოლიმპიადამდე რამდენიმე კვირით ადრე აფხაზური მხარე რუს ოკუპანტებთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს გაამკაცროს ე.წ ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვარზე კონტროლი. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული. შეხვედრა გალის ცენტრში, რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც წინასწარ შერჩეული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც ესწრებოდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი კონკრეტულად გალის რაიონში მკაცრი კონტროლის დაწესების შესახებ. სპეციალურად გადამზადებული ე.წ რუსი და აფხაზი მესაზღვრეები დაიკავებენ ენგურის ხიდსა და მიმდებარე სასაზღვრო პერიმეტრს. ასევე კონტროლი გაძლიერდება გალისა და ოჩამჩირის რაიონის საზღვართან, ე.წ “კანალის” ტერიტორიაზე. ოლიმპიადასთან დაკავშირებით აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში ტურისტთა ნაკადის შემოდინებას ელოდებიან. გამომდინარე აქედან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მკაცრი კონტროლი დაწესდეს გალისა და ოჩამჩირის რაიონში მდებარე ისტორიულ ძეგლებთან.

კონტროლის გამკაცრებასთან ერთად გადაიხედება თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. უმეტესად გალის რაიონში მოქმედ  არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეზღუდათ მოქმედების უფლება. გარდა 8 არასამთავრობო ორგანიზაციისა ყველას შეუჩერდა რეგისტრაცია. მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში ისინი თვითაღიარებული რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შესაბამისად დაისჯებიან. რუსი ოკუპანტებისთვის და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის სანდო არასამთავრობო ორგანიზაციები გალის რაიონში ფაქტიურად არ არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ სამი არასამთავრობო განაგრძობს პრობლემების გარეშე მუშაობას. ესენი არიან “ავანგარდი”, “სამურზაყანო” და “სპექტრი”.