საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

bakur-svanadzeსაინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ყოფილი ტექნიკური დირექტორის ბაკურ სვანიძის განცხადებით, „ინფო tv” და 2012 წლის დეკემბრის შემდგომი „მეცხრე არხი“ ლუბა ელიაშვილის უშუალო და ერთპიროვნული გაუწონასწორებელი გადაწყვეტილებებით იმართებოდა, ჟურნალისტებთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრი ელიაშვილის მიერ შეცდომაშია შეყვანილი, რადგან არჩევნების შემდეგ სწორედ მან მოიყვანა ხალხი პირდაპირ ქუჩიდან“.

აღნიშნულის თაობაზე სვანიძე მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერს.

„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დახურვის შესახებ გამოცხადდა, ვრცელდება უამრავი ტყუილ-მართალი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია კატასტროფული პროცესები და შესაბამისი შედეგი, რაც ტელეკომპანიის წარმოუდგენლად დაბალ რეიტინგში და არარენტაბელურობაში გამოიხატა. ამასთან ერთად, სხვადასხვა ჯგუფები და პიროვნებები ცდილობენ, დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ისინი „გამოიყენა“ და შემდეგ უმუშევარი დატოვა.
გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას, რომ ისინი არიან „ინფო9“-ის პროექტის პირველი ფუძემდებლები და განმახორციელებლები, თითქოს ამ მართლაც წარმატებულმა პროექტმა მათ მხრებზე გადაიარა და შემდეგ ისინი „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა უმუშევარი დატოვა.
თავის მხრივ, „ინფო9“-ის პროექტის ერთ-ერთი წამომწყები და შემდგომ „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილიც ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, რომ „ინფო9“-ის პროექტის წარმატება იყო უშუალოდ და მხოლოდ მისი დამსახურება.
ის წარმატებულს უწოდებს „ინფო ტი-ვი“-სა და „ტვ9“-ის პროექტებსაც, რომელთა განხორციელებაც მას თითქოსდა „არ დააცალეს“.
სინამდვილეში „ინფო ტი-ვი“ და 2012 წლის დეკემბრის შემდგომი „მეცხრე არხი“, რომელთაგანაც ორივე ჩავარდნილი და შეუმდგარი პროექტებია, იმართებოდა მართლაც და ლუბა ელიაშვილის უშუალო და ერთპიროვნული გაუწონასწორებელი გადაწყვეტილებებით. მათში არ იყო ჩართული არც ერთი ის მენეჯერი და არც ჟურნალისტებისა თუ ტექნიკური პერსონალის 90%, ვინც უშუალოდ განაპირობა მანამდე „ინფო9“-ის პროექტის წარმატება.
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის საჯარო განცხადებებიდან ისიც ჩანს, რომ იგი ინფორმაციულად შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი ლუბა ელიაშვილსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ასე, მაგალითად, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ „მეცხრე არხზე“ მუშაობდნენ „ინფო9“-ში მომზადებული კადრები, რაც არასწორია. სინამდვილეში ლუბა ელიაშვილს „ინფო9“-ის ტოპ-მენეჯერების მიერ კარგად მომზადებული კადრების 10%–იც კი არ ჩაურთავს „მეცხრე არხის“ პროექტში.
„მეცხრე არხის“ მენეჯმენტშიც მონაწილეობდნენ „ინფო9“-ზე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელიაშვილის მიერ სავსებით გაურკვეველი მოტივებით მოყვანილი ადამიანები. ჩვენ, ვინც რეალურად განვაპირობეთ „ინფო9“-ის ასეთი წარმატება, ზოგი – საახალწლოდ, ზოგი საგაზაფხულოდ დაგვითხოვეს სამსახურიდან იმ მოტივით, რომ დაფინანსება შეწყდა. თუმცა ორიოდ კვირაში ასეულობით სხვა თანამშრომელი ლუბა ელიაშვილმა პირდაპირ „ქუჩიდან“ აიყვანა „მეცხრე არხზე“ სამუშაოდ. მე, ბაკურ სვანიძე, პირადად „ინფო9“-ის პროექტში ვმონაწილეობ არათუ მისი დაფუძნების დღიდან (2012 წლის მაისი), არამედ მისი იდეაში ჩამოყალიბების დღიდან, ანუ მანამდე, ვიდრე ამ პროექტის ჩანაფიქრის შესახებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიეწოდებოდა ინფორმაცია (2012 წლის იანვარი).
აქედან გამომდინარე, მე მაქვს ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია, რა ხდებოდა ამ ორგანიზაციებში („ინფო9“ „ინფო-ტვ“ და დეკემბრის თვის შემდეგ უკვე „ტვ9“-ც) მათი დაარსების პირველი დღიდან ბოლო დღემდე.
უტყუარად ვიცი თითოეული ადამიანის შესახებ, ვინ საიდან მოვიდა, ვინ ვინ მოიყვანა, ვინ რა ფუნქციას ასრულებდა თუ ვერ, ან არ ასრულებდა, როგორ ხორციელდებოდა, უფრო ზუსტად ვერ და არ ხორციელდებოდა მართვა და ასე შემდეგ. მე მზად ვარ, შევხვდე უშუალოდ იმ ადამიანს, ვისაც თქვენ საჭიროდ მიიჩნევთ და მივცე სრული ინფორმაცია, რეალურად როდის და როგორ აღმოჩნდა იმ ხალხის 80% „მეცხრე არხზე“, რომლებსაც ახლა „პროფესიონალებად“ მოაქვთ თავი და „გამოყენებულებად“ წარმოუჩენენ თავს საზოგადოებას.
ვინ არის ის ხალხი, ვინც „მეცხრე არხზე“ ახორციელებდა მართვას ლუბა ელიაშვილთან ერთად.
რა იყო სინამდვილეში „ინფო ტვ“-ს საშინლად წარუმატებელი პროექტი და რითი იყო ის მკვეთრად გამიჯნული „ინფო9“-ის წარმატებული პროექტისგან.
ვინ არიან სინამდვილეში ის ჯგუფები და პიროვნებები, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს თავი მოაჩვენონ ლუბა ელიაშვილის მიერ დაჩაგრულებად (ლუბა ელიაშვილმა სინამდვილეში ვინც დაჩაგრა, ის ხალხი წყნარად არის დღემდე) და „ინფო9“-ის „მთავარ შემოქმედ ძალად“. ჩემი მიზანი და მოტივი ერთადერთია – ამდენი შეცდომაში შეყვანის, მოტყუების, არასწორი ინფორმაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ ძალიან არ მინდა, კიდევ ვინმემ (ან ვინმეებმა) ივაჭრონ, ისპეკულანტონ და სათავისოდ, ბოროტად გამოოიყენონ „ინფო9“-ის პროექტის მართლა წარმატებული და ავტორიტეტული სახელი, როგორც ეს აქამდე გააკეთა და ბოროტად გამოიყენა თავად ლუბა ელიაშვილმა.
მე მზად ვარ, თუკი ვინმე აპირებს გარკვეული ოფიციალური განცხადებების გაკეთებას ამ თემაზე, მივცე მას სრული ინფორმაცია, რომ ეს განცხადებები გაკეთდეს ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და მე პირადად პასუხს ვაგებ ჩემი თითოეული სიტყვის სიმართლეზე“,– ნათქვამია სვანიძის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: