საკრებულოს წევრობა skype-ით: სად არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრები?

0

1522198_733070923384620_916225833_nქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ხუთი სხდომიდან ბოლო სამ სხდომას არ დასწრებია საკრებულოს ორი წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. როგორც საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა გუგა ლაგვილავამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა, საკრებულოს წევრებმა ბათლომე შელიამ და ლევან კონჯარიამ საკრებულოს თხოვნით მიმართეს რომ ოჯახური პირობების გამო სხდომებს დროებით ვერ დაესწრებოდნენ.

“ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ბაართლომე შელიამ და ლევან კონჯარიამ სხდომაზევე განაცხადეს, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იქნებოდნენ ქალაქში, ამის გამო ვერ დაესწრებოდნენ საკრებულოს რამოდენიმე სხდომას. მათ სთხოვეს საკრებულოს, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტაცია არ მისცემოდა მათ არყოფნას. ისინი ოჯახური პირობების გამო ვერ ახერხებდნენ ქალაქში ყოფნას და ვერ ესწრებიან სხდომებს, თუმცა ორივე აცხადებდა , რომ სულ რამდენიმე სხდომას შეეხებოდა როგორც კონჯარიას, ასევე შელიას შემთხვევაში”-აცხადებს გუგა ლაგვილავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან კონჯარიამ საქართველო დატოვა. წყაროს მტკიცებით ლევან კონჯარია სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა და საკრებულოს სხდომებს საერთოდ არ დაესწრება.

smo.ge-მ ინფორმაციის გადამოწმება თავად ლევან კონჯარიასთან სცადა, თუმცა ამაოდ. მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. საინფორმაციო სააგენტო საკრებულოს წევრსა და ლევან კონჯარიას მეგობარს, ბათლომე შელიასაც დაუკავშირდა, რომელმაც უარყო კონჯარიას გამგზავრება ლონდონში და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრი ამჟამად თბილისში იმყოფება.

“ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან კონჯარია სასწავლებლად ლონდონში გაემგზავრა. ის ამჟამად თბილისში იმყოფება. მე ვცადე მასთან დაკავშირება თუმცა ვერ შევძელი. მე მას ბოლოს ათი დღის წინ ველაპარაკე”-განაცხადა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს წევრმა ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომებზე მისი არდასწრების მიზეზებიც ახსნა. მან განაცხადა, რომ ოჯჯახური პირობების გამო სხდომებს დროებით ვერ ესწრაბა, თუმცა სკაიპით საკომიტეტო სხდომებზე მონაწილეობას იღებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვესწრები საკრებულოს სხდომებს, მე სულ ვიღებ მონაწილეობას საკომიტეტო მოსმენებში. თუ დაკითხვა შეიძლება სკაიპით, ესეც შესაძლებელია”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბათლომე შელია.

P.S: საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან კონჯარია ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში საინფორმაციო სააგენტოს დაუკავშირდა. გთავაზობთ ლევან კონჯარიას სატელეფონო კომენტარს.

“ლონდონში არ ვარ, ახალ გვინეაში ვარ. მაქვს ჩემი საქმეები და თან ვისვენებ. ვის რაში აინტერესებს მე სად ვარ და რას ვაკეთებ? არ ვარ კარგად და ვმკურნალობ. ვინმეს უნდა ვკითხო ეს, თუ რატომ არ ვესწრები სხდომებს? რო არ მოვიდე საერთოდ მერე რა?”-აცხადებს ლევან კონჯარია, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო.

სხვა ახალი ამბები: