“სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ” ზუგდიდში შეხვედრა გამართა

0

liga“სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ” დღეს სამეგრელოში, კონკრეტულად კი ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ყოფილ სამართალდამცავებთან და რეგიონული ცენტრის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” ხელმძღვანელი ლევან გვაზავა უძღვებოდა. აქვე იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ორგანიზაციის ლიდერი ბახვა ჩიქობავა, რომელიც ადრე რეგიონში სპეცდანიშნულების რაზმებს ხელმძღვანელობდა.

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგის”  დამფუძნებლებმა რეგიონალური ორგანიზაციის წევრებს სამომავლო გეგმები გააცნეს და რეგიონში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს, თუმცა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ წარმართულა და ის სულ რაღაც 15 წუთში მორჩა.

დამფუძნებლების განცხადებით რეგიონებში ძალოვანი სტრუქტურიდან თანამშრომლების უსაფუძვლოდ დათხოვნის ფაქტებმა იმატა. გამომდინარე აქედან, “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” მთავარ მიზანს ძალოვანი სტრუქტურების, ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების კანონით გარანტირებული უფლებების დაცვა წარმოადგენს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულ თითოეულ პირს უფასო საადვოკატო მომსახურეობას სთავაზობს. ორგანიზაცია მსგავსი ტიპის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მაშტაბით გამართავს.

სხვა ახალი ამბები: