„სამართალდამცავი ორგანოების სისტემა აბსოლუტურად გათავისუფლებულია ყოველგვარი პოლიტიკისგან”

0

garibashvili_irakli1საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერიის ოთხი თანამშრომლის დაკავებაზე ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებად მიიჩნევს.

როგორც ღარიბაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა, ხელისუფლება მოსახლეობას შეპირდა, რომ არც ერთი ადამიანი მათი მმართველობის დროს პრივილეგირებული არ იქნება.

მინისტრის თქმითვე, ძალიან მძიმე დანაშაული გამოიკვეთა, რომელიც დიდი რაოდენობით თანხის გაფლანგვას შეეხება.

“მინდა მივმართო საზოგადოებას და იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აღნიშნულ დაკავებას აკრიტიკებენ, ერთი მხრივ, სასაცილოა და, მეორე მხრივ, აღაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი გადმოსახედიდან, ვიცე მერობის თუ პრეზიდენტის თანამდებობა არის ერთგვარი იმუნიტეტი. დაკავებულებს შორის ფიგურირებს ორი ვიცე მერი. მინდა აქვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს. ჩემთვის გაუგებარია, რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნაა, რომ ეს გამოწვეულია შიშისგან და მათი მცდელობა, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას ჩადენილი დანაშაულისგან. ალბათ, მხოლოდ ამით აიხსნება ის პანიკა, ის ისტერიკა, რაც გვესმის ბოლო ორი დღის განმავლობაში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ დაკავების პროცესი გამჭვირვალე და კანონიერია.

მინისტრის მტკიცებით, მერიის თანამშრომელთა დაკავების პროცესი პოლიტიკურად მართული არ იყო.
„სამართალდამცავი ორგანოების სისტემა აბსოლუტურად გათავისუფლებულია ყოველგვარი პოლიტიკისგან. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ“,–განმარტა რარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საკრებულოსა და მერიის 20-ზე მეტი თანამშრომელი დაკითხა. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს, თუმცა საღამოს ოთხი პირი კვლავ დააკავეს. მათ გამოძიება 49 მილიონი ლარის მითვისებას ედავება.

სხვა ახალი ამბები: