სამეგრელოს ახალი გუბერნატორი სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს განახორციელებს

0

levan shonia-3სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ახალი გუბერნატორი ლევან შონია რეგიონში მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება. ამის შესახებ რეგიონის პირველმა პირმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.

ლევან შონიას განცხადებით, ის მომავალი კვირიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებსაც განახორციელებს. შონია ახალ თანამდებობაზე მუშაობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება. წინასწარი ინფორმაციით, პირველ რიგში შეიცვლება გუბერნატორის მოადგილეები, თუმცა ამ ეტაპზე მათ ვინაობას ახალი გუბერნატორი არ აკონკრეტებს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარი წყაროების ცნობით გუბერნატორის მოადგილეებად შესაძლოა “ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კურატორი ხვიჩა ჯიშკარიანი, ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია და ასევე “ქართული ოცნების” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა გოგია დასახელდნენ, თუმცა ეს მხოლოდ არაოფიციალური და დაუზუსტებელია.

თავად ახალი გუბერნატორი ლევან შონია აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებებს არ ექნება მასიური სახე, თუმცა ძირითადი ბირთვი აუცილებლად შეიცვლება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიის თანამშრომლები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ვერანაირ პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუმცა იმ ფაქტს, რომ ახალი გუბერნატორი ახალი კადრებითა და ახალი გუნდით მოდის, ნორმალურ პროცესად მიიჩნევენ. თუ ვინ გახდება ახალი გუბერნატორის მოადგილეები და ვინ დაიკავებს ლევან შონიას ახალ გუნდში საპატიო ადგილს, ეს მომავალ კვირას გახდება ცნობილი.