სამეგრელოს გუბერნატორი თენგიზ გუნავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს

0

gunava_tengizპრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში თენგიზ გუნავა სოციალურ ქსელ facebook-ში განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ის ადასტურებს, რომ რეგიონში თხილის მოსავლის შესყიდვის ფასების დაცემა, კერძო ბიზნესში უხეში ჩარევის მაჩვენებელია. სამეგრელოს გუბერნატორი მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ  მიიღოს გადამჭრელი ზომები ადგილობრივ ბიზნესში ჩარევის აღსაკვეთად.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზოთ სამეგრელოს გუბერნატორის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებას.

”აღსანიშნავია, რომ ახალი მთავრობის წარმომადგენლების, მისი მეთაურის, პრემიერმინისტრის არაერთგზის განცხადების მიუხედავად იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი იქნებოდა, რეალობა სულ სხვაგვარია.

ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო ბიზნესის იმ სახეობაზე, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული სამეგრელოს დაარამარტო სამეგრელოს მოსახლეობის ოჯახების ფინანსური მდგომარეობა.
დღეს, როცა შეჩერებულია მიმდინარე მშენებლობები და ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სამეგრელოში, როცა არათუ არ შექმნილა ახალი სამუშაო ადგილები, არამედ უკვე არსებულიც კი გაქრა, რეგიონის მოსახლეობა უდიდეს იმედს ამყარებდა საკარმიდამო ნაკვეთებზე მოწეულ თხილის მოსავალზე, რომელსაც უამრავი ოჯახი ნაწილ-ნაწილ, საჭიროების მიხედვით ჰყიდის, რათა ზამთარს მომზადებული შეხვდეს და, ელემენტარულად, ყოველდღიურ პრობლემებს გაუმკლავდეს.

აქედან გამომდინარე, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კილოგრამი თხილის საბაზრო ღირებულება, რომელიც დღითიდღე ეცემა: სულ რაღაც სამი დღის წინ შესასყიდი ფასი 3.20 ლარი იყო, დღეს კი 2.80 გახდა, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს.
სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ თხილის ფასის დაწევა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, პრემიერმინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული პირების უხეში ჩარევით ადგილობრივ ბიზნესში.
კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, 21 სექტემბერს ზუგდიდში იმყოფებოდა პრემიერმინისტრის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ორგანიზაცია „მსოფლიო ტექნიკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ბრეგვაძე, რომელმაც შეკრიბა ადგილობრივი თხილის შემსყიდველი ბიზნესმენები და მათ ორი მკაცრი მითითება მისცა: თხილის შესყიდვის ფასის დაწევისა და დიდი რაოდენობით თხილის მხოლოდდამხოლოდ ზუგდიდის ერთ თხილის ქარხანაში ჩაბარების შესახებ, რომელსაც ზუგდიდელები „ივანიშვილის ქარხანას“ უწოდებენ.

21 სექტემბერს ჩატარებულ „თათბირს“ კი მოჰყვა ის, რომ მეორე დღესვე თხილის შესასყიდმა ფასმა საგრძნობლად დაიწია, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს.
კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ თხილის მოსავლის რეალიზაციის თემა განსაკუთრებით სენსიტიურია სამეგრელოს მოსახლეობისთვის და მოვუწოდებთ მთავრობას, მიიღოს გადამჭრელი ზომები ადგილობრივ ბიზნესში მსგავსი მეთოდებით ჩარევის აღსაკვეთად.”-ნათქვამია თენგიზ გუნავას მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: