სამეგრელოს გუბერნატორი რეგიონში საწარმოების ამოქმედებასა და დასაქმებაზე საუბრობს

0

levan shoniaaaaaaსამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას განცხადებით რეგიონში მთლიანად შესწავლილია აგრარული სექტორი. მისივე განმართებით, კარგად ვითარდება ინფრასტრუქტურა და ტურიზმიც. სამეგრელოს გუბერნატორი აცხადებს, რომ 2012 წელთა შედარებით რეგიონის ბიუჯეტი 17-20 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

გარდა ამისა სამეგრელოს გუბერნატორი სამეგრელოში რამდენიმე საწარმოს რეაბილიტაციაზე საუბრობს, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებასა და სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას სამეგრელოში. ლევან შონია იმ კონკრეტულ საწარმოებსაც ასახელებს, რომელთა აღდგენაც უახლოეს ხანებშია ნავარაუდევი.

“სამეგრელოში ერთ-ერთი საწარმო საკონსერვო ქარხანა იყო, რომელიც განადგურებულია. ფუნქციონირებდა ეთერზეთების, ფაიფურისა და აგურის ქარხნებიც. სენაკის აგურის ქარხნის ამუშავების შემთხვევაში რეგიონი ადგილობრივი სამშენებლო მასალით მომარაგდება, რაც ფასზეც აისახება. ეთერზეთების წარმოების ასაღორძინებლად ყველა პირობაა, რადგან ხარობს ევკალიპტი, ტუნგო, გერანი, ბაზილიკი, დაფნა და სხვა მცენარეები. ამ საწარმოების აღდგენა და ზოგ შემთხვევაში გადაიარაღებაა დაგეგმილი. დაინტერესება უკვე გამოთქვეს თურქმა ბიზნესმენებმა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში  არის დიდი ჰიდრო რესურსებიც. ხუდონჰესი, რომელზეც ასე ბევრს ლაპარაკობენ, ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი რგოლია. მას ალტერნატივა არ აქვს,”-აცხადებს ლევან შონია.

სამეგრელოს გუბერნატორი საწარმოების ამოქმედებასთან ერთად რეგიონში ტურისტულ პოტენციალზეც საუბრობს და პერსპექტივებს განიხილავს. მისი განმარტებით ამ მხრივ უცხოელი ბიზნესმენები ძალიან არიან დაინტერესებულნი.

“ტურიზმის განვითარებისთვის ყველა პირობაა. არაერთი მღვიმე, ჩანჩქერი და ლამაზი ხეობაა. გამოვყოფდი ისეთ თვალწარმტაც ადგილებს, როგორიცაა სკური, ლუგელას ხეობა, ტობავარჩხილი, მესტია. ვმუშაობთ სამეგრელოში ტურიზმის განვითარების რამოდენიმე მსხვილ პროექტზე. მათი განხორციელების შედეგად ბევრი ადგილობრივი ახალგაზრდა დასაქმდება. ამჯერად ერთ პროექტზე ვმუშაობთ, რითაც ლუგელას ხეობას, ტობავარჩხილსა და ზემო სვანეთს ეროვნული სტატუსი მიენიჭება. ეროვნული სტატუსის მინიჭების შემდეგ ტურისტები ამ ადგილებით მეტად დაინტერესდებიან.”-აცხადებს ლევან შონია.

სამეგრელოს გუბერნატორი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე საუბრობს. მისი განმარტებით ის და მისი გუნდი აქტიურად მუშაობს სწორედ დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად.

“ეკონომიკის სამინისტროში განხილვის პროცესშია ხობის პროექტი, რომლის თანახმად შვიდ ჰექტარზე, თანამედროვე სათბურებს ააშენებენ. ამ პროექტის განხორციელების შემდგომ დასაქმდება 150 ადამიანი მაღალი ანაზღაურებით. ამასთანავე, ანაკლიაში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები. იქაც დასაქმებულია 150 ადამიანი, რომლებიც ხელფასის სახით 1000-1500 ლარს იღებენ. ინტენსიურად მიმდინარეობს სასტუმროების მშენებლობა ანაკლიაში. ამ სამუშაოებს აწარმოებს ინდური კომპანია და დასაქმებულია ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა. რაც შეეხება ხუდონჰესს, მის მშენებლობაზე დაახლოებით 4.000-მდე ადამიანი იქნება დასაქმებული. ამასთან ერთად, იქვე გაიხსნება მაღაზიები, სასადილოები. ხუდონჰესს მოემსახურება დამხმარე პერსონალიც. ეს რვაწლიანი პროექტია,”-აცხადებს ლევან შონია.

სხვა ახალი ამბები: