სამეგრელოს დევნილთა სამსახურმა ყველა თანამშრომელი დაითხოვა

0

DSC01029სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა და სამმართველო 1 მარტის ბრძანებულების მიხედვით ერთ-ერთ ტერიტორიულ ორგანოდ გადაკეთდა. ამის შესახებ დევნილთა სამმართველოს უფროსმა ირაკლი ქოჩუამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადა.

“დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილე გოჩა ელერჯია გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, რადგანაც გაუქმდა ჩვენს სამსახურში აღნიშნული თანამდებობა. რაჩ შეეხება დევნილთა სამმართველოს, ის ამიერიდან გახდა დევნილთა ტერიტორიული ორგანო”-განაცხადა ირაკლი ქოჩუამ.

smo.ge-სთვის ცნობილი ხდება ასევე, რომ დევნილთა სამმართველოდან დათხოვნილია ყველა ის თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ სამსახურში დღემდე მუშაობდა. ირაკლი ქოჩუას განცხადებით, 1 მარტის სპეციალური ბრძანებულების შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ ორგანოში მხოლოდ უფროსის თანამდებობაა დაკავებული, რაც შეეხება სხვა კადრებს, ის პირველი მარტიდან ვაკანტურია.

“ჩვენს სამსახურს ჰქონდა ცხრა საშტატო ერთეული. პირველი მარტიდან ეს საშტატო ერთეულიც შემცირდა და ნაცვლად ცხრისა გახდა ექვსი. რაც შეეხება თანამშრომლებს, ისინი გათავისუფლებულები არიან თანამდებობიდან და აქ აღარ იმუშავებენ”-აცხადებს ირაკლი ქოჩუა.

smo.ge-ს კითხვაზე როგორი ფორმით მოხდება ახალი თანამშრომლების მიღება დევნილთა ტერიტორიულ ორგანოში, ქოჩუამ გვიპასუხა, რომ მან ამის შესახებ ჯერჯერობით არ იცის არაფერი.

ტერიტორიულ ორგანოდ გადაკეთებული ყოფილი დევნილთა სამსახური ჯერჯერობით მხოლოდ უფროსის ამარად რჩება, თუმცა აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები დღეს მაინც გამოცხადდნენ სამსახურში.

სხვა ახალი ამბები: