სამეგრელოს დევნილთა სამსახურის უფროსმა და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

0

devnilta ufrosebiაჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ელდარ ღურწკაია მინისტრის, სოზარ სუბარის ბრძანებულების საფუძველზე თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, ელდარ ღურკაიამ კი აღნიშნული ინფორმაცია smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ფოთში მომხდარი ინციდენტი გახდა.

“ფოთში მდებარე დევნილთა კორპუსში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ფართში შეიწრა დევნილი და სხვისი ბინა მიისაკუთრა. დევნილს დაკეტილი ჰქონდა საკუთარი ბინა პირად ცხოვრებაში მომხდარი შემთხვევის გამო დროებით. სწორედ ეს ინციდენტი გახდა მიზეზი ჩემი გათავისუფლების. მითუმეტეს მე ვიყავი 3 თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე აყვანილი და ხელშეკრულება თავისთავად არ გამიგრძელდა”-აცხადებს ელდარ ღურწკაია.

თანამდებობიდან წავიდა ასევე აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის მოადგილე მალხაზ ჟვანიაც. როგორც smo.ge-ს განუცხადა, მალხაზ ჟვანიამ დაკავებული თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

“მეც დავტოვე თანამდებობა და ამის მიზეზია ჩემი პირადი ოჯახური მდგომარეობა. ამ დროისთვის ჩემი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ უკვე დაკმაყოფილებულია”-განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

ამჟამად აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის თანამდებობას ითავსებს ამავე სამსახურის კიდევ ერთი მოადგილე ზურაბ გერგედავა. დევნილთა რეგიონალურ სამსახურში ახალი უფროსი უახლოეს ხანებში დაინიშნება.