სამეგრელოში “ახალგაზრდული საკრებულოს” წევრთა სია ცნობილია

0

11097359_10204157802925386_718144058_oარასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება“ პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში სამეგრელოს 9 მუნიციპალიტეტის „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები გამოავლინა. სამეგრელოს რეგიონში „ახალგაზრდული საკრებულოს“ დეპუტატის სტატუსით 307 მოსწავლე ისარგებლებს. საკრებულოს დეპუტატების გარდა პროექტში ჩართულია კიდევ 183 მოსწავლე.

„სამეგრელოს რეგიონში პროექტი აერთიანებს 490 მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს. მათი ჩართულობა და აქტიურობა შესარჩევ პერიოდში იყო ძალიან მაღალი, რის გამოც შერჩევის პროცესი გაჭიანურდა. მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული ცვლილებების შეტანაც კი დაგვჭირდა, რადგან, მოგეხსენებად ყველა მუნიციპალიტეტში კონკრეტული რაოდენობის საკრებულოს წევრია არჩეული 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად. სამეგრელოს რეგიონი სულ ითვლის 296 საკრებულოს წევრს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტში ჩართული მოსწავლეების რაოდენობაც ამის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. გამომდინარე იქედან, რომ როგორც ტესტირების, ასევე აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი რამოდენიმე მოსწავლის შემთხვევაში დაემთხვა ერთმანეთს, ორგანიზაციამ დაუშვა გამონაკლისი და გაზარდა წევრთა რაოდენობა. ნაცვლად 296 დეპუტატისა, სამეგრელოს რეგიონს ჰყავს 307 „ახალგაზრდული საკრებულოს“ დეპუტატი“ – აცხადებს პროექტის მენეჯერი სამეგრელოს რეგიონში, ელენე დარასელია.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ აღნიშნული ცვლილება შეეხო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოსაც და 47 დეპუტატით დაკომპლექტდა.

„მოგეხსენებათ, რომ ახალი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა ორი საკრებულო – ქალაქ ზუგდიდის საკრებულო, რომელიც 15 დეპუტატისგან შედგება და ზუგდიდის რაიონის საკრებულო, რომელიც შედგება 45 დეპუტატისგან. ჩვენს შემთხვევაშიც ჩამოყალიბებულია 2 საკრებულო, მაგრამ ზუგდიდის რაიონის საკრებულო დაკომპლექტებულია 47 დეპუტატით ნაცვლად 45-სა.ტესტირების პირველადი შედეგებით თანაბარი ქულები აღმოაჩნდა ზუგდიდის რაიონის საკრებულოს წევრობის 15 კანდიდატს, საიდანაც დეპუტატის მანდატი მხოლოდ ერთს უნდა მიეღო. თანაბარქულიან მოსწავლეებს შორის არჩევანი უნდა გაკეთებულიყო მათი აკადემური მოსწრების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მათგან 3 მოსწავლეს საშუალო აკადემიური ნიშანი აქვს 10. ჩვენ არ ვიქნებოდით სამართლიანები ისინი რომ საკრებულოს გარეთ დავგეტოვებინა. შესაბამისად, მოგვიწია საკრებულოს წევრთა რაოდენობის გაზრდა და ნაცვლად 45-სა, გვყავს 47 წევრი“ – განაცხადა ელენე დარასელიამ.

საკრებულოს წევრების გარდა პროექტს ჰყავს 183 პროექტში ჩართული მოსწავლე, რომლებიც ე.წ. საკრებულოს აპარატში გაერთიანებიან.

„პროექტის მონაწილეთა რაოდენობა საკმაოდ შთამბეჭდავია. ისინი პროექტის სრულუფლებიანი მონაწილეები არიან და მათ შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ტრენინგებს, სემინარებს და სხვა აქტივობებს, რომელიც პროექტის ფარგლებში არის დაგეგმილი და მომავალში დაიგეგმება. ისევე, როგორც არჩეულ საკრებულოს, ახალგაზრდულ სარკრებულოსაც ექნება ე.წ. „ახალგაზრდული საკრებულოს აპარატი“ და სრულფასოვნად ჩაერთვებიან პროცესში. ასე რომ მოსწავლეები მაქსიმალურად იქნებიან ერთმანეთთან კომუნიკაციაში და კოორდინაციაში, რაც მათ პროდუქტიულობას გაზრდის“ – განმარტავს სამეგრელოს რეგიონის მენეჯერი, ელენე დარასელია.

ცნობისთვის – ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება“ პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში“ განხორციელებისთვის მზადება 2014 წლის ნოემბერში დაანონსა. მას შემდეგ ინტენსიური შეხვედრები გაიმართა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში. მოსწავლეებისთვის პროექტის პრეზენტაცია და ტესტირება ხვალ სრულდება. მომავალი კვირიდან გაიმართება რეგიონული შეხვედრები. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა გაიმართება სამეგრელოს რეგიონში, სადაც ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულო ოფიციალურად ჩამოყალიბდება.

 

სხვა ახალი ამბები: