სამეგრელოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა იქმნება

1

samegreloსამეგრელოში ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა “სამეგრელოს საზოგადოებრივი დარბაზი” იქმნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სარწმუნო წყარომ აცნობა. წყაროს თქმით “სამეგრელოს საზოგადოებრივ დარბაზში” სამეგრელოს ცნობილი სახეები გაერთიანდებიან, რომელთა მიზანიც არის სახალხო მოძრაობის გაშლა და მოსახლეობის ჩართულობა მიმდინარე პროცესებში. smo.ge-ს ინფორმაციით სამეგრელოს საზოგადოებრივ დარბაზში ერთიანდებიან “ქართული ოცნების” შტაბის ყოფილი უფროსი მერაბ ქვარაია, პოლიტიკოსი ბეჟან გუნავა, ყოფილი პოლიტპატიმრები ჯონი ჯიქია და გურამ (ცაცა) შელია, ასევე დიპლომატი ოთარ ჭითანავა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge დაუკავშირდა ბეჟან გუნავას, რომელიც დიდიხანია სამეგრელოში არ გამოჩენილა, თუმცა წყაროს ინფორმაციით ის აქტიურად არის ჩართული სამეგრელოს საზოგადოებრივი დარბაზის შექმნაში. ბეჟან გუნავამ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა.

“იქმნება საზოგადოებრივი მოძრაობა “სამეგრელოს საზოგადოებრივი დარბაზი”, სადაც გაწევრიანდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და არამარტო ისინი, რადგან ეს იქნება სახალხო მოძრაობა თავისი მაშტაბებიდან გამომდინარე. ეს იქნება მძლავრი სამოქალაქო სექტორი, რომელიც შეაფასებს, მონიტორინგს გაუწევს რეგიონში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გამოვალთ ინიციატივებით იმ პრობლემათა გადაჭრის გზებზე, რომელიც არსებობს რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა “ქართული ოცნების” დაპირებებს და ამ დაპირებების განხორციელებისას მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას. კონკრეტულად ჩვენ მივმართავთ მინისტრებს თხოვნით, ჩამოვიდნენ რეგიონში და შეხვდნენ თავიანთ დაქვემდებარებულ სტრუქტურებს და ადგილზე გაეცნონ მთავრობის გეგმებს.”-აცხადებს ბეჟან გუნავა.

ყოფილი პარლამენტარი და პოლიტიკოსი ბეჟან გუნავა აქცენტს აკეთებს საზოგადოებრივი მოძრაობის იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც მომავალში განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ.

“”ჩვენი პრიორიტეტი იქნება სამართლიანობის სრულად აღდგენა, ჩამორთმეული ქონების დაბრუნება და იმ პიროვნებების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რომლებიც ანტისახალხო პოლიტიკას ატარებდნენ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას მოხდეს ძალოვანი სტრუქტურებიდან და სახელმწიფო დაწესებულებებიდან იმ პირების დათხოვნა, რომლებიც წლების მანძილზე ეწეოდნენ უკანონო ქმედებებს.

გარდა ამისა ჩვენ ვგეგმავთ კულტურულ ღონისძიებებს და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საქმეში სახალხო დიპლომატიის განხორციელებას.”-აცხადებს ბეჟან გუნავა.

ბეჟან გუნავას დასძენს, რომ სამეგრელო  წლების განმავლობაში ბინძური პოლიტიკური გარიგებების სათარეშო არენად იყო ქცეული, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას.

“სამეგრელო იყო საჯილდაო ქვა საქართველოს წამყვანი პოლიტიკური ძალების ჭიდილში. სწორედ ეს უნდა დამთავრდეს. პოლიტიკას უნდა კარნახობდეს ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია,”-აცხადებს ბეჟან გუნავა.

საზოგადოებრივ მოძრაობას უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის”.  ლალი ანთიას განცხადებით ის მზად არის გაერთიანდეს ახალ საზოგადოებრივ მოძრაობაში, საიდანაც მან უკვე მიიღო მოწვევა.

“ეს დროულად წამოწყებული საქმეა, რომელსაც მივესალმები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საზოგადოებრივ დარბაზს შეუერთდება ყველა ის ადამიანი, რომელიც 9 წლის განმავლობაში არ შეუშინდა სააკაშვილიოს რეჟიმს და შიშველი ხელებით ებრძოდა მის შეიარაღებულ ზონდერებს. ეს იქნება ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელთა სახეებიც სამეგრელოში საამაყო შვილები სა საზოგადოებისთვის მიღებული ადამიანები არიან. ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია მზად არის შეუერთდეს ამ კარგ საქმეს და რაც მთავარია, ერთად გადავარჩინოთ სამეგრელო. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი დარბაზი იქნება მიუკერძოებელი.”-აცხადებს ლალი ანთია.

 

 

სხვა ახალი ამბები: