სამეგრელოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია პრემიერს მიმართვას უგზავნის

0

bidzinaარასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ინგა ქარდავა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სა და საქართველოს პრემიერს ბიძინა ივანიშვილს საგანგებო მიმართვას უგზავნის, რომელსაც smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს;

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს

ბატონო პრემიერო კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით მიხედოთ სენაკის რაიონს, სადაც საერთო მდგომარეობა არის დაძაბული და ამ სიტუაციას მართავენ ერთეულები, რომელსაც სათავეში უდგას სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბიშვილი. მისი მიზანია ადგილობრივ ხელისუფლებას მოაშოროს ის ძალები, რომლებიც მთელი 9 წლის განმავლობაში ებრძოდნენ მიხეილ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს. სწორედ მისი დირექტივებითა და უშუალო მითითებით სენაკის რაიონის საკრებულოს 19 წევრს დაევალა იმპიჩმენტი გამოუცხადონ კოალიციიდან ერთხმად არჩეულ საკრებულოს თავმჯდომარეს მურად შამათავას. ჩემი ინფორმაციით ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა აბაშისა და მარტვილის რაიონებში. გარდა საკუთარი რაიონისა სიტუაციას სხვა ორ რაიონშიც ხელოვნურად მართავს ბატონი მისაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერენ პარლამენტარებიც.

ჩემივე ინფორმაციით, გურამ მისაბიშვილს მხარს უჭერს ე.წ არალეგიტიმური “ქართუ ჯგუფში” არსებული პოლიტსაბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობენ მალხაზ მჭედლიშვილი და ირაკლი მელაშვილი. თითოეული ფაქტი, თანამდებობებზე დანიშნვა სწორედ რომ ამ ადამიანების მეშვეობით წყდება, რაც თვითმმართველი სტრუქტურების საქმიანობაში უხეშ ჩარევად აღიქმება. ყოველივე ეს კი იწვევს საზოგადოებაში ახალი ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაღვივებას. სამეგრელო კი თავის მხრივ სპეციფიკური რეგიონია, რომელიც მსგავს მეთოდებს ყოველთვის მტკივნეულად აღიქვამს.

ბატონო პრემიერო!

მინდა გთხოვოთ კიდევ ერთხელ, რომ ზედმიწევნით მოიკითხოთ სამეგრელოში, კერძოდ კი სენაკში, აბაშასა და მარტვილის რაიონში მიმდინარე მოვლენები და ზემოთ ნახსენებ დეპუტატებსა და მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდოთ ნუ ჩაერევიან მუნიციპალური თვითმმართველობების საქმიანობაში. ჩვენ გვჯერა თქვენი და ღრმად გვწამს იმის, რომ ის პრობლემები, რაც ზემოთ იყო ნახსენები ისევ თქვენი დახმარებით მოკლე ხანებში მოგვარდება.

პატივისცემით არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა კავშირი-ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი ინგა ქარდავა.’-ნათქვამია პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილ მიმართვაში.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: