სამთავრობო კომისია ენგურისპირა სოფლების პრობლემების მოგვარებაზეც იმუშავებს

0

cms-image-000019101გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის შექმნილი დროებითი სამთავრობო კომისია ენგურისპირა სოფლების საკითხებზეც იმუშავებს. ამის შესახებ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება კომისიამ დღეს მიიღო.

“ჩვენ რამდენიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი ისაა, რომ ეს კომისია არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და მავთულხლართების მიმდებარე ტერიტორიის მხარეს, არამედ აფხაზეთთან დაკაშირებულ საკითხებზეც იმუშავებს. ენგურისპირა სოფლებში არსებული საჭიროებები შესწავლილი გვაქვს. გარდა ამისა, თითოეული სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები სხვებთან იქნება კოორდინირებული. გაზიფიცირების მოწესრიგებასთან დაკავშირებით სოფლები ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. ეს უწყება მოამზადებს კონკრეტულ ხარჯთაღრიცხვას და გრაფიკს, რომელ სოფელში როდის რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეშით უზრუნველყოფაზე“, — განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც სხდომის დასრულების რეინტეგრაციის საითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონფლიქტისპირა სოფლებში პრობლემების დროულად გადაწყვეტით ყევლა უწყება დაინტერესებულია.

“საუბარი იყო იმაზე, რომ ზამთრის პირზე გათბობის პრობლემების მოგვარება მოვასწროთ. სამწუხაროდ, ამას ხელს წინასაარჩევნო კამპანია უშლის, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვად არ ჩაგვეთვალოს. ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, რომ ეს არის მოსახლეობის დახმარება და არა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. ვცდილობთ, კანონი არ დავარღვიოთ და ისე დავეხმაროთ მოსახლეობას”, — განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის დროებითი სამთავრობო კომისია შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს გამართავს.

სხვა ახალი ამბები: