“სამტრესტის” კასრებიდან გაჟონილი ქლორი და შეწუხებული მოსახლეობა ზუგდიდში

0

136646546ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წერეთლის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა მეორე დღეა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს უკავშირდება. მათი განცხადებით ქუჩის მოსახლეობა შეწუხებულია ქლორის სუნით, რომელიც ყოფილი “სამტრესტის” შენობიდან მოდის.

“გაუსაძლის პირობებში ვართ, რადგან ქლორის სუნის გაძლება ფაქტიურად შეუძლებელია. გუშინ, უფრო სწორად, წუხელ და ამაღამ ქლორის სუნი ძილის საშუალებას არ გვაძლევს. გამთენიისას ძლივს დავიძინეთ. ამ დრომდე ჩვენთან ერთად იყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიციაც, სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ხალხს წნევა აქვს და თავბრუსხვევა. ძალიან ცუდ დღეში ვართ”-აცხადებენ ჩიტაძის ქუჩის მცხოვრებლები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ქალაქ ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვენელს იდა ქვარაიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ დღეს პრობლემის მოსაგვარებლად შემთხვევის ადგილზე მისული იყვნენ დამხმარე ჯგუფები. მათ ამის შესახებ რეგიონის გარემოს დაცვის სამსახურებსაც შეატყობინეს.

სამეგრელოს რეგიონის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გოგა თოფურია აცხადებს, რომ სუნი ნამდვილად მოდის “სამტრესტის” შენობიდან და შემაწუხებელია, თუმცა ამავე დროს აღნიშნავს, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიში არ არის. გოგა თოფურიამ საინფორმაციო სააგენტოსთან სატელეფონო საუბრისას თავი შეიკავა კონკრეტული შემთხვევის განმარტებისგან და მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა.

“სამუშაო საათებში დამირეკეთ და მოგაწვდით აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ეს მოსახლეობისთვის საშიში არ არის და არც პანიკის საფუძველი არსებობს”-აცხადებს გოგა თოფურია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ინფორმაციით ე.წ “სამტრესტის” კასრებიდან ქლორი ჟონავს. ჯერჯერობით უცნობია თუ რას მოუხერხებენ დაზიანებულ ავზებს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

სხვა ახალი ამბები: