საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 537 719-ია

0

ceskoროგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ცესკომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა გამოაქვეყნა, რამაც 3 537 719 შეადგინა.

2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 3 613 851 იყო. ამ განსხვავების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი მოქალაქეების რეგისტრაციიდან მოხსნა გახდა.

”მათი რაოდენობა 98 000-ს შეადგენდა. ამ რაოდენობიდან საარჩევნო მიზნებისთვის მოხდა მათი ფილტრაცია, რის საფუძველზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამის უბნებში 74 896 რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქის სია გამოაკრა და მათ შესაძლებლობა მისცა, საკუთარი სტატუსი გადაემოწმებინა”, — განუცხადა ეკატერინე აზარაშვილმა ჟურნალისტებს.

2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, საზღვარგარეთ გახსნილ 52 საარჩევნო უბანში 48 458 ამომრჩეველს კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. 2012 წელს პარლამენტის არჩევნებზე კი საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობა 45 100-ს შეადგენდა.

”სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლებიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ხელახალი რეგისტრაცია 9 142-მა მოქალაქემ გაიარა. შესაბამისად, ისინი მიიღებენ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ვინც კანონით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო რეგისტრაციის გავლა, ისინი ვერ მოხვდნენ ამომრჩეველთა სიაში. ამომრჩეველთა სიაში ასევე ვერ მოხვდა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს 3 979 მოქალაქე, რომელთა რეგისტრაციაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერაა გაუქმებული“, — აღნიშნა ეკატერინე აზარაშვილმა.

ცესკო იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად საზღვარგარეთ მყოფ, რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებს სათანადო ინფორმაციას აწვდის.

სხვა ახალი ამბები: