საქართველოს ახალი ხელისუფლება და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივა

0

enguris xidiქართველ რუსოფილებს ოცნება გაუცრუვდათ: ეგონათ, რომ „ქართული ოცნება“ მკვეთრად გამოხატულ პრორუსულ კურსს გაატარებდა, მაგრამ მოტყუვდნენ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ გრძელვადიან საგარეოპოლიტიკურ განცხადებების მთავარი არსი კვლავ ევროინტეგრაცია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება და საერთოდ, დასავლური კურსის ერთგულებაა. ეს პოსტულატები ახალი არ არის – საქართველოს ელექტორატის მიერ შერისხული და დამარცხებული „ნაციონალების“ დიპლომატიის მთავარი ვექტორი სწორედ ეს იყო, თუმცა მას გამარჯვებული „მეოცნებეებიც“ არ ცვლიან. თუმცა, თვალს ვერც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის თვალსაზრისზე ვერ დავხუჭავთ: სულ უფრო აშკარა ხდება ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობა, ამას მრავალრიცხოვანი გამოკითხვებიც ადასტურებს. ნატო კარგია, ევროკავშირიც, ამერიკაც და საფრანგეთიც, მაგრამ ისიც ყველასათვის ნათელია, რომ თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთდამოკიდებულებაში არსებული პრობლემები არ გადაიჭრება, საქართველოს განვითარების გზაზე მრავალი ხელშემშლელი ბარიერი აღიმართება. სხვათა შორის, დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტ-პოლიტოლოგების უმრავლესობაც სწორედ ასე ფიქრობს.

მოსკოვი-თბილისი: ურთიერთობის პარადოქსები

რუსეთ-საქართველოს დღევანდელი ურთიერთდამოკიდებულება ჭეშმარიტად პარადოქსულია: მას ძნელად თუ მოეძებნება ანალოგი საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში. ერთი მხრივ, შეწყვეტილია პირდაპირი პოლიტიკური კონტაქტები, ბოლო დრომდე თბილისი და მოსკოვი ერთმანეთს „ლამაზი“ ეპითეტებით უმასპინძლდებოდნენ, არის მწვავე კონფრონტაცია, მეორე მხრივ კი ქართულ ეკონომიკაში რუსულ ინვესტიციებს ლომის წილი უკავიათ, საკმაოდ ბევრი შემოდის რუსული პროდუქციაც, საზღვრები გახსნილია, არის საჰაერო თუ სახმელეთო მიმოსვლა, ძალიან ბევრი ქართველი დადის რუსეთში სამუშაოდ და ახლობლების მოსანახულებლად, რუსეთის მოქალაქეებიც ხშირად ჩამოდიან, განუხრელად იზრდება რუსი ტურისტების ნაკადიც.

ახალი ხელისუფლება რუსეთთან კავშირების აღდგენას ეკონომიკითა და ვაჭრობით, კულტურითა და ადამიანთა შორის კონტაქტებით იწყებს. არადა, ეს იდეა მაინც და მაინც ახალი არ არის: ზემოთ თქმული მოწმობს, რომ ეკონომიკაში, კულტურაში და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში (რელიგიურის ჩათვლით) მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად უკვე დაწყებულია და ვითარდება, ანუ ეკონომიკურ-კულტურულ-ჰუმანიტარული კონტაქტების პირველი ეტაპი უკვე საკმაო ხნის წინაა გავლილი. რა თქმა უნდა, კარგია იქნება მათი შემდგომი გაღრმავება – „საფერავითა“ თუ „ბორჯომით“ პირდაპირი ვაჭრობა ქართველ ბიზნესმენებს და ქართულ ხაზინას მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს, მაგრამ ასევე აშკარაა, რომ მხოლოდ ექსპორტ-იმპორტის მოცულობის ზრდა პოლიტიკურ საკითხებს ვერ მოაგვარებს. აქედან გამომდინარე, სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მომდევნო ეტაპი უშუალო პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა იყოს.

მაგრამ სწორედ ესაა პრობლემატური.

ერთი მხრივ, შეუძლებელია გვქონდეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და რომელმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სეპარატისტების დამოუკიდებლობა აღიარა, მეორე მხრივ კი, ბედის ირონიაა, რომ გვინდა თუ არ გვინდა, სწორედ რუსეთთან მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, რადგან უშუალო ურთიერთობის აღდგენის გარეშე საჭირო ეფექტს ვერ მივაღწევთ. საქართველო დაინტერესებული მხარეა და რადგანაც ჩვენი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, რუსეთთან საუბრის დროს ქედმაღლობა და „მე მართალი ვარ“-ის ძახილი არ გამოგვადგება.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს ამის გაცნობიერება ზოგიერთებისათვის, აშკარაა, რომ რუსეთის მიერ „საქართველოს უძღები შვილების“ – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლად აღიარებაში კატალიზატორის როლი სწორედ „ნაციონალთა“ ხელისუფლების ცრუ-პატრიოტულმა და არაშორსმჭვრეტელურმა პოლიტიკამ შეასრულა: 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მიხეილ სააკაშვილის ავანტიურამ ჯერ დალის ხეობა და ახალგორის რაიონი დაგვაკარგვინა, შემდეგ კი ბიძგი მისცა სოხუმისა და ცხინვალის შეზღუდული საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის შემდგომ გაფართოებას.

საბოლოოდ იმ შედეგამდე მივედით, რომ წინა ხელისუფლების უხეში შეცდომების წყალობით საქართველოს ტერიტორიული პრობლემების მოგვარების პროცესი ფაქტიურად ჩიხში შევიდა.

პროდასავლური კურსის სუსტი ანტისეპარატისტული ეფექტი

რას აკეთებს ამ დროს დასავლეთი, რომლისკენაც მიილტვის საქართველო? ამერიკას, ნატოს და ევროკავშირს ეჭვი რომ არ შეპარვოდა, ახალმა ხელისუფლებამ ხომ უკვე საქვეყნოდ ხაზგასმით განაცხადა მათთან მჭიდრო ურთიერთობისა და ინტეგრირების ერთგულება.

დასავლური კურსი რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის, ეს სადავო არ არის, მაგრამ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, იბადება კითხვა: აღდგება კი საქართველოს მთლიანობა დასავლეთის სახელმწიფოთა ძალისხმევით ან საერთაშორისო ორგანიზაციების „შეშფოთება-აღშფოთება-მწუხარებით“? ბოლო ოცი წელია დასავლეთიდან გვესმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები, გვიდასტურებენ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნას, შექმნილია საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფები, გვიგზავნიან სამშვიდობო მისიებს, დამკვირვებლებს, გაეროსა თუ ეუთოში ჩვენთვის სასარგებლო რეზოლუციებს ღებულობენ, რუსეთს აკრიტიკებენ და მოუწოდებენ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრების ურღვევობას, მოსკოვისაგან მოითხოვენ ხელი აიღოს აფხაზი და ოსი სეპარატისტების დახმარება-წაქეზებაზე, მოგვიწოდებენ დიალოგისაკენ… აი, სულ ახლახანს, 15 ოქტომბერს, ლუქსემბურგში შეკრებილმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კვლავ დაგვიდასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და თბილისისათვის, უკვე მერამდენედ, იმედის ნაპერწკალი კვლავ გაკრთა.

იმედი იმედად, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოების ამგვარი ძალისხმევის მიუხედავად, „ურემი ისევ იქ დგას“, უფრო მეტიც – საქართველოსთვის სიტუაცია უარესდება, რუსეთი სულ უფრო მეტ მხარდაჭერას უწევს სოხუმსა და ცხინვალს, ღრმავდება ინტეგრაცია, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მარიონეტული მთავრობები სიამოვნებით ღებულობენ რუსულ ფინანსურ ინექციას… მართალია, დიდი ვერაფერი მიღწევაა მათთვის ვენესუელა-ნიკარაგუას და წყნარ ოკეანეში მიკარგულ კუნძულოვან ნაურუ-ვანუატუების მხრიდან მიღებული აღიარება, მაგრამ სოხუმელი და ცხინვალელი სეპარატისტებისათვის მარტო კრემლის მხარდაჭერაც საკმარისია, რადგან „რუსეთი ყველას და ყველაფერს ფარავს“, მოსკოვის წინააღმდეგ არათუ ბრიუსელი, თვით ვაშინგტონიც კი უძლურია.

ბოლო წლებში აშკარა გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების და დასავლეთის ძალისხმევა აფხაზურ-ოსური დამოუკიდებლობის აღსაკვეთად ნაკლებადეფექტური იყო. უფრო მეტიც – ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირის სახელმწიფოებისა და აშშ-ის მიერ კოსოვოს აღიარების პრეცედენტმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტის მინავლებული იდეა გამოაცოცხლა, რაც ბალკანეთის გეოპოლიტიკაში წაგებული რუსეთის მიერ კავკასიურ შურისძიებით გამოიხატა. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ვაშინგტონსა და ბრიუსელში – კოსოვოსა და აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ სტატუსის ერთმანეთთან დაკავშირება არ შეიძლებაო, ფაქტი ჯიუტია: სწორედ კოსოვომ მისცა ერთგვარი ბიძგი რუსეთის ანტიქართულ ნაბიჯს. ერთადერთი დადებითი, რაშიც დასავლეთის წვლილია, ისაა, რომ შეჩერდა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დიპლომატიური აღიარების ტალღა. ამასთან, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არავინ იცის, კონკრეტულად რა და როგორ გავაკეთოთ მოსკოვ-სოხუმ-ცხინვალის სამკუთხედის დასაშლელად.

რადგანაც რუსეთს ამჟამად ყველაზე მეტად საქართველოს დასავლური კურსი აშფოთებს, თბილისმა როგორმე უნდა შეძლოს მოსკოვის დარწმუნება, რომ ქართული დიპლომატიის დასავლური ვექტორი კრემლისათვის უსაფრთხოა. ამ მხრივ, ალბათ, გარკვეულწილად ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა გამოცდილებაა გასაზიარებელი – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი დიდი ხანია ევროკავშირისა და ნატოს წევრებია არიან, არადა, თავდაპირველად მათაც პრობლემები ჰქონდათ რუსეთთან. გარდა ამისა, უფრო ეფექტურად და ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ ჟენევის დისკუსიებიც, რომელზეც გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის ეგიდით სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები იხილება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა 10-11 ოქტომბერს გამართული მორიგი 21-ე რაუნდი, რომელზეც გადაწყდა მომზადდეს ერთობლივი დოკუმენტი საქართველოსა და რუსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გარდა ამისა, ფრიად საინტერესო და მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერაც, რომელის თანახმად, საქართველო ხელს არ შეუშლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, მასში მონაწილეობას მიიღებს და ყველაფერს გაკეთებს, რომ ოლიმპიადამ მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე ჩაიაროს“.

ვფიქრობთ, კონფლიქტების მოგვარების საკითხში საქართველოს ეკონომიკისა და კულტურის განვითარებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს. სამხედრო ძალით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება აღარ შეგვიძლია, მაშინ იქნებ ეკონომიკურმა და კულტურულ-ჰუმანიტარულმა ძალისხმევამ გაამართლოს. ცხადია, ეს იდეა ახალი არ არის, ამას „ნაციონალებიც“ ეთანხმებოდნენ, მაგრამ სადამდე მიგვიყვანა მათ მიერ გატარებულმა ეკონომიკისა და კულტურის სფეროს რეფორმებმა, ამას ყველა ხედავს: საქართველოს მოქალაქეები კვლავ რჩებიან რეგიონში სოციალურად ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ადამიანებად. თუ დასავლეთი თბილისს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვან ფინანსებს გამოუყოფს, თანხები საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ დაარსებულ სპეციალურ ფონდში უნდა იყოს აკუმულირებული, რათა მათი გახარჯვა მიზნობრივად მოხდეს და არა გართობა-სანახაობების მოსაწყობად. ერთი სიტყვით, აფხაზებსა და ოსების რეინტეგრაციისათვის ისეთი რეალური და იმავდროულად შეღავათიანი სიტუაცია უნდა შევქმნათ, რომ მათთვის სასარგებლო და მომგებიანი იყოს ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ჩამოსვლა, ვიდრე მოსკოვსა და პეტერბურგში.

დამოუკიდებლად აღიარების უარყოფა: რუსული დიპლომატიის პრეცედენტები

დღეს ბევრი უცხოელი სახელმწიფო მოღვაწე თუ პოლიტიკოსი რუსეთს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების უარყოფისაკენ მოუწოდებს, იგივეს აცხადებენ ცნობილი ექსპერტები და პოლიტოლოგები… მაგრამ მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ზოგადად დამოუკიდებლად ცნობის უარყოფა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა იოლი ნაბიჯი არ არის, მით უმეტეს, როცა საუბარია სეპარატისტულ ტერიტორიებზე: სასწორზე იდება სახელმწიფოს ღირსება და ავტორიტეტი, რადგან ფაქტიურად ამ დროს საქმე ეხება დაშვებული შეცდომის აღიარებას. რთული წარმოსადგენია, რომ დღეს თუ ხვალ რუსეთის პრეზიდენტი ოფიციალურად გაუქმებულად გამოაცხადებს 2008 წლის 26 აგვისტოს ხელმოწერილ 1260-1261-ე ბრძანებულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ, მოახდენს მათთან დადებულ ყველა ხელშეკრულება-შეთანხმების ცალმხრივ დენონსაციას, ოფიციალურად გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას სეპარატისტულ წარმონაქმნებთან, გაიყვანს სამხედრო ნაწილებს…

და მაინც, როგორია პრაქტიკულად საერთაშორისო გამოცდილება ამა თუ იმ სახელმწიფოს აღიარების გაუქმების მხრივ? წაიღებს კი რუსეთი უკან თავის აღიარებას? ნუ დავივიწყებთ, რომ მოსკოვმა საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პირით უკვე განაცხადა – საქართველოსთან მოლაპარაკება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შეცვლაზე შეუძლებელიაო. კრემლს მიაჩნია, რომ აფხაზებმა და ოსებმა საკუთარი რესპუბლიკების ბედი თვითონვე გადაწყვიტეს. „როცა ჩვენ მათი დამოუკიდებლობის აღიარება გადავწყვიტეთ, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ეს იყო ამ ხალხების უსაფრთხოების და, შესაძლოა, მათი გადარჩენის ერთადერთი გზა“, – ასეთია რუსეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის აზრი, თუმცა სერგეი ლავროვი განგებ ივიწყებს, რომ აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა დამოუკიდებლობის გადაწყვეტილება დევნილი ქართველი მოსახლეობის გარეშე მიიღეს. სწორედ ამიტომ არ სურთ სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებას დევნილთა დაბრუნება – იციან, რომ ამით მათ „დამოუკიდებლობას“ ბოლო მოეღება.

საინტერესოა, არის თუ არა რუსეთის დიპლომატიურ პრაქტიკაში რომელიმე სახელმწიფოს აღიარების გაუქმების ფაქტები? როდესმე რუსეთს გადაუდგამს მსგავსი ნაბიჯი? ამისათვის წარსულში მომხდარი მოვლენების გახსენება დაგვჭირდება.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო ასწლეულში, საბჭოური და რუსული დიპლომატიის უახლესი ისტორიის (1922-2012 წ.წ.) გათვალისწინებით, რომელიმე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დამოუკიდებლობის დე-იურედ ცნობის გაუქმების ფაქტები ძალზე იშვიათია. შეიძლება მხოლოდ რამდენიმე პრეცედენტის გახსენება, მაგრამ ისინი თავისი ხასიათით, პოლიტიკური სიტუაციით და საერთაშორისო ფონით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან.

პირველი:1941 წლის 13 აპრილს საბჭოთა კავშირმა, გერმანიასთან ურთიერთობის გაღრმავების კვალობაზე, ჯერ აღიარა მესამე რეიხის მოკავშირე სახელმწიფოს – იაპონის მიერ ოკუპირებული ჩინეთის ჩრდილოეთი პროვინცია მანჯურიის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი, 1945 წლის აგვისტოში, როცა საბჭოთა ჯარებმა მანჯურიის ტერიტორია დაიკავეს, კრემლმა აღიარება გააუქმა და პროვინცია უკვე გაკომუნისტებულ ჩინეთს დაუბრუნა.

მეორე: 1958 წლის თებერვალში, სირიისა და ეგვიპტის ერთმანეთთან ინტეგრირების შემდეგ, როცა ოფიციალურად გამოცხადდა არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის (აგრ) შექმნა, საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად სცნო ახალი სახელმწიფო, იმავდროულად გააუქმა 1943-44 წლებში მიღებული სირიისა და ეგვიპტის დამოუკიდებლად აღიარების აქტი. მოგვიანებით, აგრ-ის დაშლის შემდეგ, 1971 წელს, მოსკოვმა სირია და ეგვიპტე კვლავ დამოუკიდებლად აღიარა.

მესამე: 1962 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირმა დამოუკიდებლად აღიარა იემენის არაბთა რესპუბლიკა (ჩრდ.იემენი), ხოლო 1967 წელს – იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა (სამხ. იემენი). 1990 წელს, ორი იემენის ერთ სახელმწიფოდ – იემენის რესპუბლიკად გაერთიანების შემდეგ, მოსკოვმა სცნო მისი სუვერენიტეტი და იმავდროულად გააუქმა ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის აღიარების აქტი.

მეოთხე: 1991 წლის ოქტომბერში, ორი გერმანული სახელმწიფოს – ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების (გფრ-გდრ) ერთმანეთთან შერწყმის შემდეგ, საბჭოთა კავშირმა ბათილად სცნო გდრ-ის (1949 წ.) დამოუკიდებლობის აღიარების აქტი.

როგორც ვხედავთ, ზემოთ ჩამოთვლილი პრეცედენტები მიახლოებითაც კი ვერ გამოდგებიან იმ კრიტერიუმებად, რომელთა შედარებითი ანალიზის საფუძველზე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა თეორიულად რომ მაინც შეიძლებოდეს. დღეს სრულიად სხვა პირობები, პოლიტიკური სიტუაცია და საერთაშორისო მდგომარეობაა. შესაბამისად, ისტორიულ პრეცედენტებს ამ საკითხში რაიმე მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა არ შეუძლიათ.

რაც შეეხება უცხოეთის წამყვან სახელმწიფოებს, დამოუკიდებლად ცნობის ანულირება მათ პრაქტიკაშიც საკმაოდ იშვიათია. ამგვარი ფაქტები შედარებით უფრო ხშირად გვხვდება „მესამე სამყაროს“ ქვეყნებთან მიმართებით, მაგალითად, ტაივანთან დაკავშირებით – ჩინეთის ეს სეპარატისტული ნაწილი აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის ქვეყნებს ხშირად უღიარებიათ (ფინანსური გამორჩენის მიზნით) და შემდეგ კი მასთან ურთიერთობა კვლავ გაუწყვეტიათ.

აშკარაა, რომ რუსეთის საერთაშორისო იმიჯისათვის საკმაოდ მძიმე ტვირთია პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი უსამართლო ბრძანებულებები. ამავე დროს ისიც ნათელია, რომ დიდი ალბათობით „რუსეთი გადაფურთხებულს აღარ ალოკავს“ და ეს „არალოკვა“ შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.
ამ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჯიუტად არ წაიღებს უკან თავის ყბადაღებულ აღიარებას და თუ ამის გაკეთებას მოსკოვს ვერც საერთაშორისო საზოგადოება ვერ აიძულებს, შესაძლერბელია საქართველოსთვის შემოთავაზებული იქნეს აფხაზეთთან ურთიერთდამოკიდებულების რომელიმე სხვა ფორმა, დაახლოებით ისეთი სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც, მაგალითად, ანდორის საერთაშორისო სტატუსს ჩამოჰგავს.

ანდორული მოდელი აფხაზეთისათვის

მართლაცდა, საინტერესოა პირენეის მთებში შეყუჟული, საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ევროპის ჯუჯა-სახელმწიფოს – ანდორის სტატუსი. ისტორიული წინამძღვრების გახსენება შორს წაგვიყვანს, ამიტომ პირდაპირ 1993 წლის 14 მარტს მიღებულ კონსტიტუციაში ჩავიხედოთ:

ანდორის სამთავრო არის სამართლებრივი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფო. ანდორის ინსტიტუციური ტრადიციის შესაბამისად, მისი თანამმართველები, ცალ-ცალკე და ერთად, ითვლებიან სახელმწიფოს მეთაურებად და განასახიერებენ უზენაეს წარმომადგენლობას. თანამმართველები არიან პირადად და განსაკუთრებული ღირსებით ესპანეთის ურხელის ეპისკოპოსი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი. მათი უფლებამოსილება, რომელიც ამ კონსტიტუციააზეა დაფუძნებული, თანაბარია. ყოველი მათგანი ფიცს სდებს და ვალდებულობს თავისი უფლებამოსილება ამ კონსტიტუციის შესაბამისად განახორციელოს.

თანამმართველები არიან ანდორის განუყოფლობის, ურყევობისა და მემკვიდრეობითობის, მისი დამოუკიდებლობის, მეზობელ სახელმწიფოებთან ტრადიციული თანასწორი, პარიტეტული ურთიერთობის სიმბოლოები და გარანტები. ისინი თვლებიან ანდორის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებათა გამომხატველნი, კონსტიტუციის შესაბამისად.

თანამმართველები არიან ანდორის საჯარო ხელისუფლებისა და ინსტიტუტების სტაბილურად მოქმედების გარანტები და არბიტრები. ანდორის ხელისუფლება რეგულარულად აწოდებს მათ ინფორმაციას სახელმწიფო საქმეების შესახებ. ამ კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, თანამმართველებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. მათ მიერ გამოცემულ აქტებზე პასუხს აგებენ ის ორგანოები და პირები, რომლებიც მათ კონტრასიგნაციას ახდენენ.

თანამმართველების მოვალეობაა, კონსტიტუციის შესაბამისად, ამომრჩევლების მონაწილეობის უზრუნველყოფა საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმებში. თანამმართველების პრეროგატივაა მთავრობის მეთაურის დანიშვნა და გენერალური საბჭოს (პარლამენტის – ს.კ.) დათხოვნა, კონსტიტუციის დებულებათა შესაბამისად. თანამმართველების უფლებებში შედის ანდორის დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაცია უცხოეთის სახელმწიფოებში და უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაცია ანდორაში. თანამმართველების პრეროგატივაა თანამდებობებზე დანიშვნა სახელმწიფო დაწესებულებებში, კონსტიტუციისა და კანონების შესაბამისად; თანამმართველები გამოხატავენ ანდორის თანხმობას საერთაშორისო ვალდებულებების აღებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის დროს.

ასეთია მოკლედ გადმოცემული ანდორის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსი. მას ორმაგ დაქვემდებარებას, ორმაგ პროტექტორატს თუ ორმაგ სიუზერენიტეტს დავარქმევთ, არსი მაინც გასაგებია: ანდორა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მაგრამ მისი სუვერენიტეტი მეტ-ნაკლებად შეზღუდულია ესპანეთისა და საფრანგეთის მიერ.
აქვე შევნიშნავთ, რომ ისტორიიდან ცნობილია ფაქტები, როცა აფხაზეთი გარკვეულწილად „ორმაგ დაქვემდებარებაში“ იმყოფებოდა (აფხაზეთის ფეოდალური სამთავრო გარკვეულ პერიოდებში ექვემდებარებოდა საქართველოს და ოსმალეთს, ხოლო აფხაზეთის საბჭოთა სახელშეკრულებო რესპუბლიკა – საქართველოს სსრ-ს და ამიერკავკასიის ფედერაციას).

ბოლოთქმა

საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ პოლიტიკაში დაშვებული ლოკალური შეცდომა შეიძლება შედარებით სწრაფად გამოსწორდეს, მაგრამ როცა შიდა ლოკალურს სტრატეგიული საგარეო პოლიტიკურიც ემატება, მათ გამოსწორებას ზოგჯერ ათეული წლებიც კი სჭირდება.

უნდა გავაცნობიეროთ კიდევ ერთი რამ: გვინდა თუ არ გვინდა, გვსიამოვნებს თუ არა, ფაქტია, რომ დედამიწაზე ყველა საზღვარი პირობითია. არ არსებობს რომელიმე სახელმწიფოსათვის ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი საზღვრები და ტერიტორიები. ისინი პერმანენტულად იცვლებიან პოლიტიკურ რუკაზე ძალთა განლაგებაში მომხდარი ცვლილების შესაბამისად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზღვრების მდგომარეობა პირდაპირაა დამოკიდებული სახელმწიფოს მდგომარეობაზე: დასუსტდა ქვეყანა? იცვლება მისი საზღვარი, მცირდება ტერიტორია. გაძლიერდა? მიჯნები ისევ იცვლება, ოღონდ უკვე საპირისპირო მიმართულებით – მატულობს ტერიტორია… ყველას ეგონა, რომ მეორე მსოფლიო ომისა და განსაკუთრებით ჰელსინკის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირის (1973 წ.) შემდეგ ევროპის ქვეყნების საზღვრები საბოლოოდ დადგინდაო, მაგრამ თათბირიდან ორი ათეული წელიც არ იყო გასული, ყველაფერი შეიცვალა… სამწუხაროდ, ეროზიულ-დეზინტეგრაციული პროცესები საქართველოს მძიმე ფორმით შეეხო. შეცდომები იყო, მაგრამ ახლა მთავარია ეს „გლობალური სენი“ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მოვიხადოთ.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესება და აფხაზეთ-„სამხრეთ ოსეთის“ სეპარატიზმის განეიტრალება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, სეპარატიზმის პრობლემის მოგვარებაში კი საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობას მნიშვნელოვანი როლი შესრულება შეუძლია (ცხადია, დასავლეთის სახელმწიფოების დახმარება-ძალისხმევით). საქართველო უნდა გაძლიერდეს, მაგრამ არა ვირტუალურად, როგორც ამას „ნაციონალები“ აკეთებდნენ, არამედ რეალურად – მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებით, სოციალური პირობების მკვეთრი გაუმჯობესებით. ვფიქრობთ, სწორედ ასე შეიძლება დაჩქარდეს ჩრდილოელ მეზობელთან არსებული პრობლემების გადაჭრა.

სიმონ კილაძე

“ექსპერტთა კლუბი”

სხვა ახალი ამბები: