საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვა (ვიდეო)

0

garibbaქართული სახელმწიფოს წარმატების საფუძველი ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთობაა, ქვეყნის მიმართ ყველა ჩვენგანის – ხელისუფლებისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ერთგულებაა . ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთად დგომა, რომ ჩვენი სამშობლო ვაქციოთ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვაში ნათქვამი.

“ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო!
გილოცავთ ახალი წლის დადგომას! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს 2015 წელი ყოველი თქვენგანისთვის,თქვენი ძვირფასი ოჯახებისთვის და ჩვენი საყვარელი სამშობლოსთვის!
2014 წელი მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იყო ისტორიული წელი, რომელმაც კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროპას. საქართველოს მომავალი ევროპასთან ერთად არის, ევროპისკენ მიისწრაფოდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, აქეთ მივისწრაფვით ჩვენც და ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის.

ქართული სახელმწიფოს წარმატების საფუძველი ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი ერთობაა, ქვეყნის მიმართ ყველა ჩვენგანის – ხელისუფლებისა და მოქალაქეების პასუხისმგებლობა და ერთგულებაა. ჩვენ ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია და დღეს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ერთად დგომა, რომ ჩვენი სამშობლო ვაქციოთ ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ.

მეგობრებო, იცით, რომ 2014 წელი მძიმე იყო მთელი მსოფლიოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ ურთულეს პერიოდში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს ქვეყანაში. ეს კი, რა თქმა უნდა, მომავალი წარმატების საფუძველი იქნება.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ეკონომიკა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს და რაც შეიძლება მეტი წელგამართული ოჯახი ჰყავდეს ქვეყანას.
ჩვენი მიზანია, შრომა სათანადოდ დაფასდეს, რომ შრომისმოყვარე ადამიანი არ დადგეს ფინანსური სირთულეების წინაშე და მან შეძლოს ოჯახის რჩენა და ღირსეული ცხოვრება.

ჩვენმა ხელისუფლებამ არსებითად შეცვალა პრიორიტეტები და მიდგომები-პირველი ნაბიჯები გადავდგით სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ. განვახორციელეთ მნიშვნელოვანი სოციალური პროექტები, განვახორციელეთ პროექტები ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, რომლებსაც წლების განმავლობაში არავინ აქცევდა ყურადღებას. მაგრამ, ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენი ხალხი მეტს იმსახურებს და ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება და ჩვენი მთავრობა ამას ძალიან განიცდის.

სწორედ ამიტომ, ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი ამოცანაა. წარმოებისა დასოფლის მეურნეობის განვითარება, კიდევ უფრო უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი განათლება არის ჩვენი მთავარი ამოცანა ახალ წელს. 2014 წელს ჩვენ ამას საფუძველი ჩავუყარეთ, ავამუშავეთ სხვადასხვა პროექტი, რომელიც უკვე მომავალი წლიდან გახდება საგრძნობი და ხელშესახები.

მომავალ წელს კიდევ მეტი ახალი საწარმო უნდა გავხსნათ, მეტად უნდა განვავითაროთ ბიზნესი, მეტი ახალი ინვესტიციები უნდა შემოვიტანოთ, მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ და ჩვენ უნდა გვქონდეს წინსვლა ყველა მიმართულებით.
ჩემო თანამემამულეებო!
მინდა ახალი წლის დადგომა მოგილოცოთ ყველას!
ვულოცავ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს და ექიმებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და პოლიციელებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად ემსახურებიან საქართველოს.

ახალი წელი მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! მჯერა, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც მოვიპოვებთ ერთმანეთის ნდობას და ვიზრუნებთ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალი წელი საერთაშორისო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, ვუსურვო მათ, პირველ რიგში, მშვიდობა და ამ მეტად საპატიო მისიის წარმატებით შესრულება.

მინდა, მივულოცო ახალი წელი უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ვუსურვო მათ სამშობლოში დაბრუნება. სიკეთეს, ბედნიერებას და საქართველოს წინსვლით გახარებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.
ახალ წელს ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს! თქვენ ამ ქვეყნის იმედი და მომავალი ხართ! მინდა იცოდეთ, რომ თქვენი წარმატებები ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარია!

განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ახალ წელს ჩვენს უფროს თაობას, რომელმაც მთელი თავისი უნარი, შრომა და გამოცდილება ქვეყნის სამსახურს შეალია. მინდა, დიდი პატივისცემით და სიყვარულით მივულოცო ახალი წელი ჩვენს ძვირფას ვეტერანებს.

2014 წელი ნამდვილად იყო წინსვლის წელი. იყო შეცდომებიც, მაგრამ მე მჯერა, რომ ახალი წელი კიდევ უფრო კარგი წელი იქნება! დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ საუკეთესო დღეები გველოდება!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ წელს, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ!”,-აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის საახალწლო მილოცვაში.