საქართველოში თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება

0

zugdidi_940საქართველოს მთავრობამ დღეს მიმდინარე სხდომაზე თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უმთავრესი სიახლეა ის, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება და დღეს არსებული ხუთი თვითმმართველი ქალაქის (თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ფოთისა და ბათუმის) გარდა ეს სტატუსი იმ ქალაქებსაც მიენიჭება, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ს აჭარბებს. მაგალითად, ასეთი ქალაქებია ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი და ა.შ.

თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება, რომელთა ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. კოდექსით ასევე განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.

კოდექსი ასევე ითვალისწინებს სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, რაც სოფლის მაცხოვრებელთა რეალური მოთხოვნილებების გამოვლენასა და მათ დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმადვე, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად კოლეგიალური ორგანო შეიქმნება, რომელშიც საკრებულოს წევრები შევლენ. ეს ორგანო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთვება.

თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საექსპერტო წრეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

სხვა ახალი ამბები: