საქართველოში ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი იმართება

0

11301559_989609937717398_613369008_nსაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს”. ფესტივალი მოიცავს: ხალხურ სიმღერასა და ცეკვას,  საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსსა და ეთნიკურ ჯგუფს. ფესტივალი შედგება რეგიონული (2015 წელი) და დასკვნითი ტურებისაგან (2016 წელი), საზეიმოდ გაიხსნება 2015 წლის 4 ივნისს – თელავის სახელმწიფო თეატრში, ხოლო ლაურეატების დაჯილდოება და გალაკონცერტი გაიმართება 2016 წელს.

ფესტივალის გამარჯვებულებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ I, II და III ხარისხის დიპლომები, სახელობითი პრიზები და ფულადი პრემია.  ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში დღესდღეობით არსებულ ვითარებას, ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას, საზოგადოებისათვის გაცნობას. გამოიცემა DVD ალბომი –  “საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016″.

ფესტივალში აქტიურად ჩაერთვებიან: ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, ქორეოგრაფ-ქორეოლოგები, ეთნოგრაფ-ეთნოლოგები, მკვლევრები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, მოცეკვავეები, ავტორ-მთქმელები, მთქმელები, ხალხური რეწვის ოსტატები.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ფესტივალთა ჩატარების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის წარმოჩენისა და შენარჩუნებისათვის, ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად.

14-15-16 ივნისს ზუგდიდში, კულტურის ცენტრ ,,ოდიშში”, გაიმართება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის შესარჩევი ტური – სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე. მონაწილეობენ: ტრადიციული გალობის საეკლესიო გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.

14 ივნისი – ტრადიციული გალობა და სამუსიკო ფოლკლორი

15 ივნისი – ტრადიციული გალობა, სამუსიკო ფოლკლორი და ზეპირსიტყვიერება

16 ივნისი – ქორეოგრაფია

 

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა გაიმართება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გალერეაში.

სხვა ახალი ამბები: